david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

пятница, 10 июня 2011 г.

ადამიანი, რომელმაც ინდური ფილმებისადმი სიყვარულის გასაოცარი მაგალითი გვაჩვენა

დათო ბეჟიტაშვილი
"35 წლის ვარ... აქედან ბოლო 19 წელია ჩემი ჰობი - ინდური კინო, ჩემს პროფესიად იქცა. 16 წლის ვიყავი, როდესაც კინოთეატრ "ბათუმში" მეგობრებთან ერთად საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია "ბჰარატი" დავაარსე. 17 წლის წინ კი, ერთ მშვენიერ კვირა დღეს პირველად გამოვედი სატელევიზიო ეთერში ინდური ფილმის დაწყებამდე და მას შემდეგ სხვადასხვა სატელევიზიო არხის საშუალებით უამრავი ადამიანი ვაზიარე ინდურ კინოხელოვნებას. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაარსე ინდური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "სიტარა", კომპანია "ბოლივუდ არტ ჯორჯია", მაღაზია "პლანეტა ბოლივუდი".
ამ რამდენიმე წინადადებაში ჩატია, საქართველოში ინდური კინემატოგრაფის პოპულარიზაციის საქმეში გაწეული უდიდესი ღვაწლი, ბ-ნმა დათო ბეჟიტაშვილმა თავისი წიგნის "ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი" -ს შესავალ წინა სიტყვაში.
როგორც თავად ამბობს, მისი ინდური ფილმებისადმი სიყვარული 7 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პირველი ინდური ფილმი, "დაგვიანებული შურისძიება" ნახა ამიტაბჰ ბაჩანის მონაწილეობით და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი მის შემდგომ სიყვარულს ბოლივუდის ლეგენდის მიმართ. სწორედ ამ სიყვარულმა გადააწყვეტინა მოგვიანებით თავისი კუმირისადმი წიგნი მიეძღვნა და ამით კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა ამ ლეგენდარული მსახიობის მოყვარულთ და არა მარტო მათ. წიგნი უკვე საკმაოდ პოპულარულია ინდური კინოს მოყვარულთა შორის, არა მარტო თბილისში, არამედ მის გარეთაც.
პირველი ნაბიჯები ინდოეთთან ურთიერთობაში ორი ინდოელი სტუმრის და ერთ-ერთი კინომცოდნის მოწვევით გადაიდგა. მოგვიანებით ურთიერთობები უფრო მყარი გახდა. ვიზიტები ბოლივუდში, "ოსკარების ცერემონიალებზე", შეხვედრები ბოლივუდის პოპულარულ სახეებთან...
ერთ-ერთ ინტერვიუში ასე გადმოსცემს ოსკარების ცერემონიალზე განცდილის შესახებ თავის ემოციას: "ერთი საღამოს განმავლობაში მე ვნახე ინდური კინოს თითქმის ყველა ვარსკვლავი. მეგონა რომ სიზმარში ვიყავი და საკუთარ თავს ვუჩქმიტე კიდეც... მაგრამ სიზმარი გრძელდებოდა: ჩემს გვერდით იყვნენ რანი მუქერჯი, პრიტი ზინტა, აბიშეკ ბაჩანი, მადჰური დიქსიტ, იმრან ჰაშმი, ჰემა მალინი, რექჰა, რიტიკ როშანი..."
მოგვიანებით კი შეხვედრა თავის კუმირთან, რომელმაც სამახსოვრო ავტოგრაფი დაუტოვა ფოტოზე. ცხადია ეს ავტოგრაფი მფლობელის რელიქვიად იქცა.
გარდა ამისა შეხვედრები ისეთ მსახიობებთან როგორებიცაა: აიშვარია რაი, რომელსაც "იაშრაჯფილმზის" გადასაღებ პავილიონში შეხვდა, რიტიკ როშანი, ფარიდა ჯალალი, შაში, რანდჰირ და რიში კაპურები, კეი-კეი მენონი და კიდევ ბევრი ძველი თუ ახალი ვარსკვლავი.
დაათვალიერა ახლა უკვე მუზეუმად ქცეული კინოსტუდია "რაჯკაპურფილმზი", რაჯის სამუშაო კაბინეტი, რაჯ კაპურის მამის მიერ დაარსებული თეატრი...
ბ-ნი დათო ერთ-ერთი იმათთაგანია ვისაც ხვდა წილად პატივი, მოერგო ლეგენდარული რაჯ კაპურის პიჯაკი ფილმიდან "ბატონი 420".
შეხვდა კინოსტუდია "მუკთა არტსი"-ს გენერალურ დირექტორს რავი გუფთას, რომელიც მოგვიანებით საქართველოშიც იმყოფებოდა.
ბოლივუდთან გამყარებული კავშირების შედეგად საქართველოში ჩამოდის კინოკომპანია "კარვინ დრამსის დირექტორი, პროდიუსერი ნირაჯ ბეჰლი. იგი შეხვდა კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს, სარეკლამო კომპანია "სარკე"-ს და კ/თ "რუსთაველი"-ს ხელმძღვანელობას და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის კონტრაქტს. იყო საუბარი იმაზეც, რომ საქართველოშიც გადაეღოთ კადრები ერთობლივი ფილმისა. შერჩეული იქნა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელიც, ქართველი მოდელი ნათია ნებიერიძე, თუმცა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუშალა ამის განხორციელებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება ინდური ფილმების დიდ ეკრანზე დაბრუნებაში.
ინდური ფილმების კინოთეატრებში ნახვას მიჩვეული თაობისათვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, 2003 წლის 18 მაისს, კ/თ "რუსთაველში" საცდელი ჩვენება ფილმისა "სიყვარულის ანატომია", რაც თავის მხრივ გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მოვიდოდა თუ არა მაყურებელი კინოთეატრში, მაგრამ ფილმის წარმატებულმა ჩვენებამ შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ინდური ფილმების დიდ ეკრანზე დაბრუნებას.
შემდგომ უკვე კ/თ "ახმეტელში" ინდური კინოფესტივალები: ინდური ზაფხული- 2004, 2005, 2006... მუდმივად გადაჭედილი დარბაზი და მართლაც "ოქროს ხანა" ინდური კინოს თბილისელი და არა მარტო თბილისელი მაყურებლისათვის. უამრავი ღონისძიება, მაყურებლის მუდმივად განებივრება სიურპრიზებით და ათასგვარი საჩუქრებით, მათ შორის უფასო სეანსებითაც, ყველასათვის ხელმისაწვდომი ბილეთის ფასი და უმეტესად მხოლოდ ენთუზიაზმზე დამყარებული მუშაობა, როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, ეს ყველაფერი მისი ბავშვობისდროინდელი სიყვარულის გამო ინდური ფილმებისადმი. "თუკი სამსაათიანი სეანსის შემდეგ ადამიანები კინოდარბაზიდან გამოვლენ იმ შეგრძნებით, რომ ეს სამი საათი არ დაუკარგავთ, ეს ნიშნავს რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია".
კ/თ ახმეტელის დახურვის შემდეგ ისევ გაქრა ინდური ფილმები დიდი ეკრანიდან, თუმცა სულ ახლახან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბ-ნი დათოს ძალისხმევით თბილისელ მაყურებელს ისევ მიეცა საშუალება დაემტკიცებინა რომ უამრავ ადამიანს ძალიან მოენატრა ნამდვილი შეგრძნება ფილმისა, ეს კი, როგორც თავად თქვა კინოთეატრში შეკრებილი მაყურებლის წინაშე, მხოლოდ კინოდარბაზში, დიდ ეკრანზე ფილმის ნახვისას არის შესაძლებელი.
კიდევ ერთმა მცდელობამ ჩაიარა წარმატებით, ფილმის "ნიუ-იორკის" პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელს დიდხანს არ დაავიწყდება ის დღე, რადგან როგორც ყოველთვის ამ დღესაც უამრავი სიურპრიზი დახვდა მაყურებელს, ეს იყო ქართველი მხატვრის სურათების გამოფენა, რათქმაუნდა ინდურ თემატიკაზე და გამასპინძლება ინდური კერძებით. ამიერიდან კი ყოველ კვირა დღეს, ისევ ექნება თბილისელ მაყურებელს საშუალება კინოდარბაზში ნახოს ახალი ინდური ფილმები.
კიდევ ერთი ოცნება აუსრულდათ ინდური კინოს და ინდოეთის მოყვარულებს . ახლახან გამოვიდა რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის ფილმი: "ყველაფერი კარგად იქნება", რომლის ძირითადი ნაწილი ინდოეთში, კერძოდ გოაშია გადაღებული და რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ბ-ნ დათო გახლავთ. თუმცა გარდა ამისა კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიმზადა მაყურებელს. ფილმში ყველასათვის საყვარელი მსახიობების გვერდით თავადაც მონაწილეობს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის როლში.
არის ერთი სიახლეც, რომელიც ჟურნალ "სარკის" კორესპოდენტს გაუმხილა ინტერვიუში. ახალ წლამდე შედგება კიდევ ერთი ქართული კომედიის "მოიტა ნასოსი" პრემიერა, რომელშიც სოსო ჯაჭვლიანის, გურამ ფირცხალავას, ჯაბა კილაძის, გივი ბერიკაშვილის გვერდით ბ-ნ დათოსაც ვიხილავთ. გარდა ამისა, ის ამ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. ასევე თავისი ჩანაფიქრიც გაუზიარა მკითხველს, რომ გადაწყვეტილი აქვს სვანეთში ინდოელები ჩაიყვანოს.
ინდური კინოს მოყვარულთათვის სიახლე არ არის რომ ბ-ნი დათო თავად ახმოვანებს ფილმებსაც, როგორც თვითონ ამბობს, ჰინდი თავად შეისწავლა რეპეტიტორის გარეშე და დაახლოებით 500-ზე მეტი ფილმი გაახმოვანა.
ალბათ მხოლოდ ინდური კინოსადმი განუსაზღვრელ სიყვარულს ძალუძს შეუძლებელი შეაძლებინოს ადამიანს. "მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაკავებული ვარ, მაინც ვახერხებ, კვირაში რამდენიმე საათით მივიდე, ფილმები გავახმოვანო და ტ/კ "კავკასიას" ეთერშიც სანამ ინდური ფილმი დაიწყება, პატარა შესავალი გავაკეთო. არ მაქვს უფლება იმ ხალხს ვუღალატო, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ინდური ფილმები ნახონ", თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
კიდევ ერთი შტრიხი, რაც პირადად მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
ჟურნალ "პადრუგას" კორესპოდენტი ლიზა აბრამოვა ბ-ნ დათოსთან ერთ-ერთი ინტერვიუს შესავალში წერს, რომ მასთან საუბრის დასასრულს შენიშნა ინტერვიუს "ჩაწერისას" ჩამწერი გამორთული რომ იყო და იძულებული გახდა ესოდენ დაკავებული ადამიანისათვის ხელახლა ეთხოვა ახლა უკვე კარგად შემოწმებულ ჩამწერთან თავიდან მოეყოლა ყველაფერი. "ჩემს გაკვირვებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, - იხსენებს ჟურნალისტი,- როცა რესპოდენტმა არა მარტო მოთმინებით და აუჩქარებლად გაიმეორა ნათქვამი, არამედ დამატებით კითხვებზეც უპასუხა, რომლებიც საუბრის მსვლელობისას წარმოიშვა"

და ბოლოს, იმ ადამიანების წინაშე ვინც ამ ბლოგს ათვალიერებს, ინდური კინოს მოყვარულთ ვგულისხმობ, ბ-ნ დათოს რათქმაუნდა წარსდგენა არ ჭირდება. ეს უმნიშვნელო სტატია უბრალოდ, უდიდესი პატივისცემის და მადლიერების გამოხატულებაა, ამ ადამიანის მიმართ, რომელმაც ინდოეთისა და ინდური ფილმებისადმი სიყვარულის გასაოცარი მაგალითი გვაჩვენა. ყველა ინდური კინოს მოყვარულთა სახელით წარმატებებს ვუსურვებ მას ნებისმიერ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავი სასიამოვნო სიურპრიზით გაახარებს ინდური კინოს მოყვარულთ.
ნინო კრავეიშვილი
მომზადებულია სხვადასხვა დროს პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან

ანრი ჯოხაძეს პროდიუსერმა კლიპი აჩუქა

13 აპრილს მსახიობ ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება.
სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, ცნობილი რეჟისორის პაველ ფიმის სცენარზე პროდიუსერი დათო ბეჟიტაშვილი ნიკო გომელაურის ცხოვრებაზე და აქამდე გაუხმაურებელ დეტალებზე ფილმს იღებს.
ვინ ითამაშებს მთავარ როლში, რა საჩუქარი გაუკეთა პროდიუსერმა მომღერალ ანრი ჯოხაძეს, რა ბიუჯეტიანია ფილმი "გარიგება 20 წლის შემდეგ", ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე "გუმბათს" პროდიუსერი დათო ბეჟიტაშვილი ესაუბრა.
დათო ბეჟიტაშვილი:
– 2010 წელი წარმატებული იყო ჩემთვის. ვეფხვის წელიწადში ვარ დაბადებული და ვცდილობდი, ვეფხვივით ვყოფილიყავი. ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა როგორც კინოსამყაროში, ასევე ჩემს ცხოვრებაშიც, თუმცა, 2010 წლის მთავარ მოვლენად მაინც აღვნიშნავდი ერთ რამეს, დავიწყე და დავამთავრე ფილმი "გარიგება 20 წლის შემდეგ" გადაღება. ფილმი, რომელიც 20 წელია, გულწრფელად ენატრებოდა მაყურებელს. ღვთის წყალობით, ეს ფილმი შედგა, ძალიან ბევრი ადამიანის ოცნება ასრულდა და ამ ყველაფრის შემოქმედი აღმოვჩნდი მე. ერთი სიტყვით, საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი წელი მქონდა.
– საინტერესოა, რატომ შეაჩერეთ არჩევანი ფილმზე "გარიგება" და არა სხვა რომელიმე ქართულ ფილმზე?
– ძალიან შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი. მე და ზაზა კოლელიშვილი კინოთეატრ "რუსთაველის" ფოიეში შევხვდით სრულიად სხვა პროექტთან დაკაშირებით და, ჩვენი საუბრის ბოლოს, უცებ მომივიდა იდეა და შევთავაზე, რა აზრის ხარ, რომ "გარიგების" გაგრძელება გადავიღოთ–მეთქი? იმ მომენტში გიორგი შენგელაიასთან ერთად რომ ვყოფილიყავი, შეიძლება საუბრის ბოლოს მეთქვა, მოდი "სიყვარული ყველას უნდა 2"–ის გაგრძელება გადავიღოთ–თქო.
– როგორ მიიღო საზოგადოებამ "გარიგების" გაგრძელება?
– ამაზე ძალიან ვნერვიულობდი, რადგან, როგორც წესი, გაგრძელება არასდროს ამართლებს. მაგრამ, როგორც მითხრეს, ფილმის მსვლელობის დროს დარბაზში ზუსტად რვაჯერ გაისმა მქუხარე ტაში. ეს არის კომერციული პროექტი და ამ ფილმის მიზანია, საათსა და 40 წუთის განმავლობაში მაყურებელმა დაივიწყოს ყველანაირი პრობლემა და ისიამოვნოს.
– ფილმის ბიუჯეტი რამდენს შეადგენს?
– ძალიან მცირე ბიუჯეტისგან შედგება.
– ანუ მოგება უკვე ნახეთ?
– ფილმი სულ რაღაც 4 დღეა, რაც ეკრანებზე გამოვიდა და შედეგები შეგვიძლია თებერვლის ბოლოს ვნახოთ.
– გარდა ამისა, როგორც ვიცი, თქვენ ემზადებით საკმაოდ სერიოზული პროექტისათვის, რომელიც ნიკო გომელაურის გარდაცვალებას ეხება. თუ შეიძლება, რომ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ ამ პროექტის შესახებ?
– 13 აპრილს არის ყველასათვის საყვარელი ადამიანის, ნიკო გომელაურის წლისთავი. ჩემთან მისი მეუღლე ნინო გომელაური მოვიდა და შემომთავაზა, რომ მე ვყოფილიყავი პროდიუსერი მხატვრულ–დოკუმენტური ფილმისა, რომელიც ნიკოს ეძღვნება. ჩემთან მოსვლამდე, ნინომ სცენარის დაწერა შეუკვეთა ძალიან ცნობილ რეჟისორსა და სცენარისტს პაველ ფიმს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომერციული პროექტია, მის შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ამ ფილმის მთავარი გმირი ნიკო იქნება, მაყურებელი ბევრ რამეს გაიგებს მის შესახებ, მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. რაც შეეხება შემოქმედებით ჯგუფს, ზეპროფესიონალების გუნდი შეიკრა. ფილმის ოპერატორი გიორგი ბერიძეა, მთავარ როლში ზურა ყიფშიძე თამაშობს, მხატვარი გუგა კოტეტიშვილი გახლავთ, ხოლო კომპოზიტორი – გია ყანჩელია. მინდა, რომ ეს ფილმი ისეთი იყოს, როგორიც ნიკოს ეკადრებოდა. ამ პროექტის დასრულებისთანავე კი, ცოტას შევისვენებ და ზაფხულიდან უკვე ბოლივუდის პროექტზე დავიწყებ მუშაობას, რის შესახებაც ჯერ წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ ექსკლუზივი შენ გექნება.
– დათო, თქვენ ასევე ანრი ჯოხაძესაც გადაუღეთ კლიპი, რომელიც აჩუქეთ. როგორ მოხდა თქვენი თანამშრომლობა?
– მომღერალ ანრი ჯოხაძეს გადავუღე კლიპი სიმღერაზე "როცა წავალ". ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი კლიპი იქნება, 3ვ–ში გადაღებული. ეს სამგანზომილებიანი ვიდეორგოლია. იმდენად მომეწონა სიმღერა, რომ მაშინვე ანრის დავუკავშირდი და ვითხარი: მოდი, კლიპს გადაგიღებ–მეთქი. ეს არის ფირზე გადაღებული ვიდეო–რგოლი, რომლის ანალოგიც ჯერ არავის ჰქონია.
– პირადი ცხოვრებისთვის საერთოდ დრო გრჩებათ?
– პირადი ცხოვრება საერთოდ არ გამაჩნია. ჩემი დღის რეჟიმი დილის 10 საათიდან იწყება და ვასრულებ ღამის 2 საათზე. ასე რომ, პირადი ცხოვრებისთვის ფიზიკურად დრო არ მაქვს. ჩემთვის არ არსებობს შაბათი–კვირა, დასვენების დღე. ერთადერთი, მაშინ ვისვენებ, თუ ცოტა ხნით გავძვერი ქვეყნის გარეთ ანუ ინდოეთში. ის 5 დღე მყოფნის იმისთვის, რომ დავისვენო, დადებითი ემოციებით დავიმუხტო და საქართველოში მოზღვავებული ენერგიით ჩამოვიდე, რომ შემართებით შევუდგე ჩემს საქმიანობას.
– ანუ შეყვარებული არ ხართ?
– სხვათა შორის, ამდენი წლის შემდეგ პირველად მეწვია სიყვარული. 2011 წელი ძალიან კარგად დაიწყო ჩემთვის.
– დაოჯახებას ხომ არ აპირებთ?
– ჯერჯერობით, დაოჯახებას ნამდვილად არ ვაპირებ.

გუმბათი
2011 o2.06

ნახეთ! MUMBAI – სახალისო კლიპი

ქა

среда, 8 июня 2011 г.

ბოლივუდზე შეყვარებულმა კაცმა რეიტინგით ინგა გრიგოლიას აჯობა

დათო ბეჟიტაშვილი:
"ინდოელები სვანეთში უნდა ჩამოვიყვანო!"
"ბოლივუდ არტ ჯორჯიას" შეფი, ბ-ნი დათო ბეჟიტაშვილი 7 წლის ასაკიდან ინდურ ხელოვნებაზეა შეყვარებული. საფუძვლიანად აქვს შესწავლილი ინდური კინოს ისტორია, კულტურა და ინდური ენა. არაერთხელ დაესწრო ინდური ოსკარების ცერემონიალს, პირადი კავშირები დაამყარა ბოლივუდის ვარსკვლავებთან და ინდოელები ისე დააინტერესა საქართველოთი, რომ აქ ფილმის გადაღებასაც კი აპირებდნენ. თუმცა მანამდე ქართველები ჩავიდნენ ცნობილ ინდურ კურორტ გოაზე და რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა ფილმი გადაიღო, სადაც თავად დათო ბეჟიტაშვილიც თამაშობს, არც მეტი არც ნაკლები ინდოეთის პრემიერმინისტრის როლს.
- ბ-ნო დათო რამ გაგიჩინათ ინდური კულტურის და ხელოვნების ასეთი სიყვარული?
- თავიდან ინდური კინო ჩემთვის იყო ჰობი, რომელიც შემდეგ პროფესიად მექცა. 7 წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე ინდური ფილმი. 1990 წელს, როდესაც ჯერ კიდევ 16 წლის ვიყავი, თბილისის შესანიშნავ კინოთეატრ "ბათუმში" ჩემს თანამოაზრეებთან ერთად საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია დავაარსე. იმ წელსვე სტუმრად გვყავდა მოწვეული ცნობილი ინდოელი კინოკრიტიკოსი და ინდოეთის ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი.
1992 წელს ვარკეთილის დასახლებაში დაარსდა ტელეკომპანია "ოკრიბა". ვარკეთილის დასახლება თბილისში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი პირველია, 60-70 ათასი მაყურებელი ჰყავდა ამ არხს. ყოველ შაბათ დღეს ინდურ ფილმებს ვუშვებდით. კინოსეანსის ეთერში გაშვებამდე მე ვხსნიდი ფილმის შინაარსს და მსახიობების შესახებ ვყვებოდი. ასე გავხდი ცნობადი სახე ვარკეთილში. ოთხი წლის შემდეგ ტელეკომპანია "ევრიკაზე" დაიწყო ინდური ფილმების ჩვენება, ეს არხი მთელი თბილისის მასშტაბით მაუწყებლობდა. არნახული პოპულარობა გვქონდა, იმდენად დიდი რომ არხის ხელმძღვანელობამ მოითხოვა, კვირაში ორჯერ გაგვეშვა ინდური ფილმები. შემდეგ გაგრძელდა ინდური ფილმების ჩვენება ტელეკომპანია "კავკასიაზე". უკვე 18 წელი სრულდება რაც ინდური ფილმი ქართულ ტელეარხებზე გადის.
2003 წელს მიზნად დავისახე დიდ ეკრანზე გამეშვა ინდური ფილმები. მაინტერესებდა რა რაოდენობის მაყურებელი მოვიდოდა კინოთეატრში.
2003 წლის 18 მაისს კინოთეატრ "რუსთაველში" დავნიშნეთ ჩვენება. შვიდასკაციანმა დარბაზმა ვერ დაიტია, ათასორას კაცზე მეტი მოვიდა.
მაშინ მივხვდი რომ ხალხს მონატრებული ჰქონდა ინდური ფილმი, ამიტომ კინოთეატრ "ახმეტელში" დავაარსე ტრადიცია და ყოველ შაბათ-კვირას ვაჩვენებდით ინდურ ფილმებს. ხუთშაბათ დილას ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ამერიკულ ფილმებზეც კი არ გვახსოვს ეს პრეცედენტი.
ჩვენ ჩავედით ბოლივუდში და პირადი კავშირები დავამყარეთ. ვესწრებით ინდური ოსკარების ცერემონიალებს.
ერთ მაგალითსაც გეტყვით: ივნისის ბოლოს "იმედის" გადაცემა, "ჟურნალისტის დღიურის" შემოქმედებითი ჯგუფი და მე ჩავედით მუმბაიში სადაც ბოლივუდზე გავაკეთეთ გადაცემა. ეს გადაცემა ეთერში 19 ივლისს გავიდა, კვირა დღეს, ზუსტად იმ დროს, როდესაც "პირველ არხზე" ინგა გრიგოლიას გადაცემა გადის. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, იმ დღეს ბოლივუდზე გადაცემამ ინგა გრიგოლიას გადაცემას გადაუსწრო რეიტინგით.
- ინდური ენა როგორ ისწავლეთ?
-მრავალი წელია ინდური ვიცი. დაახლოებით 500-ზე მეტი ფილმი მაქვს გახმოვანებული. თვითნასწავლი ვარ, რეპეტიტორის მეშვეობით არ მისწავლია ეს ენა.
- ბოლივუდის დაჯილდოების ცერემონიალი როგორ ტარდება?
- პირველად იქ 2006 წელს მოვხვდი. ინდოელ ვარსკვლავებთან ერთად ვნახე უილ სმიტი. მათ აქვთ ასეთი ტრადიცია - ჰოლივუდუდან იწვევენ ვარსკვლავებს. იქ ბილეთები არ იყიდება, სპეციალური მოსაწვევებით არის დასწრება. ბოლივუდელი მეგობრების წყალობით ხშირად ვარ ინდური ოსკარების ცერემონიალზე.
ერთხელ მოვახერხე მსახიობ ამიტაბჰ ბაჩანის ნახვა. ეს მსახიობი იქ ღმერთივითაა- პრეზიდენტზე, პრემიერმინისტრზეც მეტი გავლენა აქვს ხალხზე. მის შესახებ ორი თვის წინ გამოვეცი წიგნი.
- ანუ მწერალიც ყოფილხართ?
- აი, ეგეც ვყოფილვარ!
ამიტაბჰ ბაჩანს აქვს ასეთი ტრადიცია - ყოველ კვირა დღეს მის სახლთან იკრიბება თაყვანისმცემლების დიდი არმია, იღება მისი კარი და სულ რამდენიმე წამით ის ჩნდება, ესალმება საზოგადოებას. ამისათვის მის სახლთან მიდის უამრავი ხალხი, ათასობით. ჩემი ოცნებაც ეს იყო რომ ამ სანახაობას დავსწრებოდი. დაცვამ პატივი მცა და წინა რიგში ჩამაყენა. ფოტოაპარატით ჩასაფრებული ველოდი მის გამოჩენას, კარი რომ გაიღო და გამოჩნდა რაღაც დამემართა, ღილაკს ვერ დავაჭირე ფოტოს გადასაღებად, თითი არ დამემორჩილა. მეორე, რაც გადამხდა - ორ წამში, ისე რომ ვერაფერი გავიგე, საფულე ამომაცალეს, იქ მედო სრული თანხა, რითაც ჩასული ვიყავი ინდოეთში. ძალიან ვინერვიულე, წამში წავიშალე. მეგობარმა მითხრა ნუ დარდობ, ჩათვალე ის ფული შენი კერპის სანახავად გადაიხადეო. ამან ძალიან დადებითად იმოქმედა.
- "მოიტა ნასოსი" ქართული კომედიაა, რომლის გადაღებებიც ახლა დასრულდა და რომელშიც თქვენც თამაშობთ. გვიამბეთ თქვენი როლის შესახებ.
- სცენარის და იდეის ავტორი არის გია კაჭარავა, ასევე რეჟისორი თავად გახლავთ. კარგი კომედია გამოვა სვანებზე. ფილმში თავმოყრილია ბევრი პოპულარული სვანი. მთვარ როლებში არიან სოსო ჯაჭვლიანი, გურამ ფირცხალავა, ჯაბა კილაძე, დათო როსტომაშვილი, გივი ბერიკაშვილი, ნიკა არაბიძე. ფილმს რომ ნახავთ მიხვდებით რატომაც ჰქვია ასე. მუსიკა ჭაბუკა ამირანაშვილს ეკუთვნის. ფილმის პრემიერა უეჭველად შედგება ახალ წლამდე. გენერალური პროდიუსერი გახლავთ ირაკლი ჩიკვაიძე, მე აღმასრულებელი პროდიუსერი ვარ.
გაგიკვირდებათ რა კავშირი აქვს ინდოეთს სვანეთთან, მაგრამ მოთელვა გავაკეთე სვანეთში, რომ ინდოელები ჩავიყვანო ამ მხარეში, კერძოდ მესტიაში.
მგონი მსახიობობასაც გამოვკრავ ხელს, ამ ფილმშიც ერთ-ერთი სვანის როლში ვარ. ფილმი აგებულია სვანურ ანეკდოტებზე. სხვა დანარჩენი - სიურპრიზია.

ბოლივუდელ სტუმრებთან ერთად

კადრი ფილმიდან: "ყველაფერი კარგად იქნება"

ჟურნალი სარკე, სექტემბერი, 2009 წ.

როგორ გახდა ზურაბ ქაფიანიძე ამიტაბჰ ბაჩანის "მამა"

დათო ბეჟიტაშვილი ის პიროვნებაა, რომელმაც დიდი სიყვარულითა და საქმისადმი ერთგულებით მიაღწია ყველაფერს. მას უცნაური "პროფესია" აქვს - ინდური კინოს სიყვარული და ამ პროფესიას არ ღალატობს. მიუხედავად იმისა, რომ ის კინოთეატრ "რუსთაველის" დირექტორია და უამრავი საქმე აქვს, ინდური ფილმების მოყვარულთათვის მაინც იცლის, ახმოვანებს ფილმებს, ტელეკომპანია "კავკასიის' საშუალებით პოპულარიზაციას უწევს ამ ფილმებს და ბოლივუდის ვარსკვლავებსაც იცნობს. სულ ახლახან დათი ინდოეთიდან დაბრუნდა, სადაც ის ბოლივუდის
"ოსკარების" ცერემონიალს დაესწრო.
მიღებულ შთაბეჭდილებებზე თავად მოგვიყვება.

დათო ბეჟიტაშვილი: ინდური ფილმებისადმი ჩემი სიყვარული ძალიან ადრე დაიწყო. შვიდი წლის ვიყავი, როდესაც პირველი ინდური ფილმი "დაგვიანებული შურისძიება" ვნახე. ინდური ფილმები ისე შემიყვარდა, რომ მოგვიანებით ეს ჰობი პროფესიად ვაქციე. იმ პერიოდში ინდური ფილმები საოცრად პოპულარული იყო. კინოთეატრები გეგმას ინდური ფილმების ჩვენებით ასრულებდნენ. ჩვენმა მაყურებელმა ინდური ფილმები "ავარა" და "ბატონი 420"- ით გაიცნო. ეს ორი ფილმი ყველა დროის მსოფლიო კლასიკური ფილმების ასეულშია შესული. ყველას ახსოვს ის დრო, როცა რაჯ კაპური თბილისში იყო ჩამოსული.
თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ. პირველი ჩვენი ნაბიჯი იყო, რომ თბილისში მოვიწვიეთ სამი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა: კინომცოდნე იური კორჩაგოვი და ორი სტუმარი ინდოეთიდან. ერთ-ერთი იყო კინოკრიტიკოსი ერკი გუპტა.
ამის შემდეგ ისეთი ამბები იყო საქართველოში ინდური ფილმებისათვის ვიღას ეცალა?! შემდეგ, 1995 წლიდან, როდესაც მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა ტელეკომპანია "ევრიკამ" დაიწყო ინდური ფილმების ჩვენება. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩამოვაყალიბეთ ინდური კულტური ცენტრი "სიტარა", სადაც მათ ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებსაც ვასწავლიდით და ყოველ შაბათ-კვირას კინოთეატრ "ახმეტელში" ინდურ ფილმებს ვაჩვენებდით, რომლებიც დღემდე სრული ანშლაგებით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა რომ სხვა სამსახურებშიც მიმუშავია, ინდური კინო ჩემს მეორე პროფესიად იქცა.

ინდური კინოს წყალობით ინდოეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები დავამყარეთ. უკვე სამი წელია, ბოლივუდში ოსკარების ცერემონიალზე დავდივართ. ცერემონიალი ტარდება ბომბეიში, ბოლივუდში. იქიდან საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ცერემონიალი დიდი პომპეზურობით ტარდება. შარშანდელ დაჯილდოებას უილ სმიტი ესწრებოდა, ხოლო წლევანდელს ეშლი ჯადი. ინდური ფილმები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰოლივუდშიც. ბოლო ინდური ფილმი აშშ-ის ოთხმოც კინოთეატრში ერთდროულად გავიდა. 2007 წელს კი ჰოლივუდში იღებენ ფილმს, რომელშიც ბრედ პიტთან და ჯონი დეპთან ერთად ამიტაბჰ ბაჩანის ითამაშებს.
-რამდენადაც ვიცი, ბაჩანი, ინდოელი ხალხის კერპია.
-დიახ, ის ცოცხალი ლეგენდაა. ის იყო პირველი ინდოელი მსახიობი, რომლის ფიგურაც მადამ ტიუსოს მუზეუმში დადგეს. ახლა კი მეორე ინდოელი მსახიობის ქანდაკებაც დაიდგა, ეს არის აიშვარია რაი, მის მსოფლიო, ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ ბაჩანის რძალი გახდა. 5 აპრილს აიშვარია რაისა და აბჰიშეკ ბაჩანის ქორწილი ბაჩანის რეზიდენციაში გაიმართება. რაც შეეხება ბაჩანს, მას ბევრად უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს ინდოელ ხალხში ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. სხვათა შორის, ინდოეთში ეპიდემია გავრცელდა. ხალხმა ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მას ამისკენ ბაჩანმა მოუწოდა. ასევე საინტერესოა, რომ როდესაც ბაჩანმა ოპერაცია გაიკეთა და ცუდად იყო, ინდოელები კინოში აღარ დადიოდნენ. სანამ ჩვენი კუმირი არ გამოჯანმრთელდება, რა გვეკინოებაო. ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა ჩვენი ვიზიტი და ჩვენი დაგეგმილი ვიზიტი არ შედგა, მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც მოვახერხე შეხვედრა და მივაწოდე მისი ფოტო, რომელზეც ავტოგრაფის დაწერა ვთხოვე და მანაც მიაწერა, "დათოს სიყვარულით".

კიდევ ერთი ისტორია მახსენდება. ამიტაბჰ ბაჩანს ასეთი ტრადიცია აქვს: უკვე, დაახლოებით 30 წელიწადია, ყოველ კვირა დღეს ბაჩანის სახლთან, ექვს საათზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომლებიც მთელი ინდოეთიდან გროვდებიან მხოლოდ იმისთვის, რომ სახლიდან გამოსული ბაჩანი რამდენიმე წუთით დაინახონ. სახლიდან "კარალევსკი დოგთან" ერთად გამოდის და ხალხს ხელს უქნევს. ამის შემხედვარე ისე გავოგნდი, რომ მთელი ფული რაც ინდოეთში მქონდა წაღებული, ისე ამომაცალეს ვერ გავიგე. ის კი არადა როცა გამოვიდა ფოტოაპარატს რომელიც ხელში მეჭირა თითი ვეღარ დავაჭირე. ხელში მეჭირა უაზროდ.
რეჟისორები წლობით ელოდებიან, თუ როდის მოვა ბაჩანის გრაფიკში მათი ჯერი.
-ახალგაზრდა მსახიობებიდან ვინ არიან ყველაზე პოპულარულები?
-შაჰრუჰ კჰანი და რიტიკ როშანი, რომელმაც ამ წელსაც მიიღო ბოლივუდური "ოსკარი", ის სამი "ოსკარის" მფლობელია, საკმაოდ სიმპათიურია, კარგად ცეკვავს და მღერის. ჩვენ მასთან ფოტოც გადავიღეთ, მაგრამ ბაჩანთან შეხვედრის შემდეგ იმდენად დავიცალე ემოციებისაგან, რომ ვეღარ აღვიქვამდი, რომ ისინიც ვარსკვლავები იყვნენ.
-აიშვარია რაისთან შეხვედრაზეც მოგვიყევი რამე
-აიშვარია რაის შევხვდი ბოლივუდის ნომერი პირველი კინოსტუდიის "იაშრაჯფილმზის" პავილიონში, სადაც ფრანგები აიშვარიას "ლორეალის" სარეკლამო რგოლში იღებდნენ. ის ამ ფირმის შარშანდელი სახეა. სხვათაშორის ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად ლამაზია. თან მთლიანად შეფერებული აქვს ვარსკვლავური იმიჯი. დაჰყვება დაცვა, მდივნები და ა.შ. საოცრად ამაყი და თავდაჯერებულია, იმ დროს როდესაც ბაჩანი ძალიან უბრალოა ურთიერთობისას. რაც შეეხება მის ქმარს აბიშეკ ბაჩანის, მას ახალგახრდა თაობის კერპის ტიტული უკვე მიანიჭეს. ყველა ელის, რომ 2007 წელს უნდა გამოვიდეს ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს შეასრულებენ ბაჩანი უმცროსი და საფეხბურთო კლუბი "ჩელ" თავისი ლამპარდით და აბრამოვიჩით. ეს ინდოეთის ისტორიასი ყველაზე ძვირადღირებული ფილმი იქნება.
სხვათაშორის ინდურ ფილმში ჩადებული თანხის 70 % ვარსკვლავების ჰონორარზე მიდის.

-ინდურ ფილმებში ამ ბოლო დროს ეროტიკა მომრავლდა.
-მართალია, მაგრამ ყველა ასეთმა ფილმმა ფიასკო განიცადა. გასაკვირია, რომ "კამასუტრას" ქვეყანაში, ნაბოკოვის "ლოლიტას" მიხედვით გადაღებული ფილმის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რასაც კინოთეატრის დარბევა და დალეწვა მოჰყვა. ჩვენ ასევე შევხვდით რაჯ კაპურის ძმას, შაში კაპურს, რომელიც კინოსტუდიას უძღვება. მას საჩუქრად ღვინო, "ვეფხისტყაოსანი" და ქართული ნივთები წავუღეთ და ძალიან მოეწონა.
ისევ საბჭოთა კავშირს მინდა დავუბრუნდე და გავიხსენო ჩვენი ერთობლივი ფილმები, რომლის არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის. ბოლო ასეთი პროექტი იყო "შავი უფლისწული აჯუბა", რომლებშიც მონაწილეობდნენ ზურაბ ქაფიანიძე, გივი ბერიკაშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი, აბესალომ ლორია და სხვები, ხოლო ინდოელების მხრიდან ამიტაბჰ ბაჩანი, შაში კაპური და სხვები. ზურაბ ქაფიანიძე ბაჩანის მამის როლს ასრულებდა. უფრო ადრე იყო "ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი", სადაც საბჭოთა კავშირის მხრიდან სოფიკო ჭიაურელი და ფრუნზიკ მკრტიჩიანი მონაწილეოდბნენ. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვქონდა ასეთი თანამშრომლობის აღდგენის მცდელობა და აპრილის ბოლოს, მაისი დასაწყისში, თბილისში ორი საკმაოდ ცნობილი პროდიუსერი და რეჟისორი ჩამოვა. ერთ-ერთია სუბჰაშ გჰაი, რომელიც ნომერ მეორე სტუდიისა და საერთაშორისო კინოინსტიტუტის მფლობელია და რეჟისორი - რამგოპალ ვარმა. ისინი ავღანეთის თემაზე ფილმს იღებენ და შესაძლოა ამისთვის თბილისის ხედები დასჭირდეთ. ვნახოთ რა გადაწყდება. ყველაფერი ეს იმ დონემდეა მისული, რომ უკვე იმას ვფიქრობთ, რომელ სასტუმროში გაჩერდებიან.
-ინდოელი მსახიობისათვის სიმღერის ნიჭი აუცილებელია?
-ცნობილი ფაქტია, რომ ინდურ ფილმებში თავისი ხმით მხოლოდ ბაჩანი მღერის. გოგონებს კი დღემდე 75 წლის ლატა მანგეშკარი ახმოვანებს, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია ყველა ფილმს ახმოვანებს. ეს უნიკალური ფენომენია. სხვათა შორის, ამერიკელებს შესყიდული აქვთ უფლება, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ის გაჭრან და გაიგონ, რაშია მისი იოგების თუ ხმის ტემბრის საიდუმლო. სულ რამდენიმე მომღერალი ჰყავთ, რომალთა ვინაობაც ხალხმა ასევე კარგად იცის, როგორც მსახიობებისა და ისინი არანაკლები სიყვარულით სარგებლობენ. ინდოელები ხმით ცნობენ რომელი მომღერალი მღერის.
-რამდენადაც ვიცი ინდურ ფილმებს თქვენ ახმოვანებთ.
-მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, საქმე თავზე მაყრია, მაინც ვახერხებ, რომ კვირაში რამდენიმე საათით მივიდე, ფილმები გავახმოვანო და ტელეკომპანია "კავკასიაზეც" სანამ ინდური ფილმი დაიწყება, პატარა შესავალი გავაკეთო. არ მაქვს უფლება, რომ იმ ხალხს ვუღალატო, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ინდური ფილმი ნახონ.

დავით ბეჟიტაშვილი: "ინდური კინოს სიყვარული ძლიერი აღმოჩნდა"

ის ფაქტი, რომ ინდოელი კინემატოგრაფისტების პროდუქცია სარგებლობს საქართველოში არანაკლები მოთხოვნილებით ვიდრე მათი ჰოლივუდელი კოლეგებისა ალბათ უკვე საეჭვო აღარაა. ამის დამადასტურებელი არის სრული ანშლაგები ბოლივუდური ბლოკბასტერების პრემიერებზე კ/თ "ახმეტელში" და ბოლომდე შევსებული დარბაზები. მაყურებელს უმართლებს და ისინი იღებენ ბოლივუდელი რეჟისორების მზა პროდუქციას, ისე რომ წარმოდგენაც არა აქვთ მათი შექმნის საიდუმლოებებზე.
სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებს კინოთეატრ "ახმეტელის"
დირექტორი
დავით ბეჟიტაშვილი, რომელიც ახლახან იმყოფებოდა ინდოეთში.

-ინდოეთში გამგზავრება შემთხვევითობა იყო თუ სანუკვარი ოცნების ასრულება?
-უფრო უკანასკნელი. ჩემი პირველი ინდური ფილმი ვნახე ბავშვობისას - 7 წლის ასაკში. სურათს ერქვა "დაგვიანებული შურისძიება". იმ დღიდან მე "დაავვადდი" ინდური კინემატოგრაფით. ის გახდა განუყოფელი ნაწილი ჩემი ცხოვრების. გავიზარდე ისეთ ფილმებზე, როგორიცა "შურისძიება და წყურვილი", "ბედის განმგებელი", "ფიცი და დაპირება" და ვერც შევამჩნიე ეს თითქოსდა უწყინარი ჰობი როგორ იქცა პროფესიად. 1990 წელს მე ნუგზარ ხიზანიშვილთან, იური პოდსტონიკოვთან და რუსუდან მიქელაძესთან ერთად შევქმენი "ინდური კინოს მოყვარულთა კლუბი", რომელიც დაარსდა ვარკეთილის მასივში, კინოთეატრ "ბათუმში".
-იმ პერიოდში ინდური კინო საქართველოში პოპულარობის პიკზე იყო...
-ამიტომაც შევძელით შეგვეკრიბა ფანების მთელი არმია და მალე კლუბი გადაიქცა საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაციად "ბჰარატი". ჩვენი პირველი ღონისძიება იყო საქართველოში ცნობილი ინდოელი რეჟისორების გაუტამ გჰოშის და ჯორჯის მოწვევა, რომელსაც კოლოსალური რეზონანსი მოჰყვა. რაღაც დროის შემდეგ ასოციაციასთან ჩვენ დავაარსეთ ინდური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "სარასვატი", რომელმაც ტრიუმფით მოიარა თითქმის მთელი საქართველო. ცოტა გვიან, 1992 წელს თბილისში დაიწყო მუშაობა ვარკეთილის საკაბელო ტელევიზიამ "ოკრიბა", რომლის ხელმძღვანელმა ივან ცნობილაძემ მიმიწვია გამეკეთებინა პატარა მიმოხილვა ინდური ფილმების დაწყებამდე.
-გამოდის, რომ ინდური კინოს აყვავება მოხდა 90-ანი წლების დასაწყისში, საქართველოსათვის ძალიან მძიმე დროს...
-ის დაძაბულობა არ აგვცდა არც აქ, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში. ხალხს აღარ ეცალა ინდური ფილმებისათვის. თუმცა 1995 წელს ტელეკომპანიაზე "ევრიკა" დაიწყეს ბოლივუდელი რეჟისორების ნამუშევრების ჩვენება. მაშინ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში ინდური კინოს აღდგომა. თუმცა ჩვენ არ შემოვიფარგლეთ ტელევიზიით და 2003 წელს იური პადსტოლნიკოვთან ერთად გადავწყვიტეთ დაგვებრუნებინა ინდური კინო დიდი ეკრანზე. გადავწყვიტეთ თხოვნით მიგვემართა კ/თ "რუსთაველი"-ს დირექციისათვის გამოეყო ჩვენთვის მაყურებელთა დარბაზი. სეანსი დაინიშნა 18 მაისს და ფილმს ერქვა "სიყვარულის ანატომია"
-არ გეშინოდათ ჩავარდნის?
-თან როგორ! ეს იყო ერთგვარი გამოცდა. თუ ხალხი მოვიდოდა მაშინ ყველაფერი კარგად იყო. თუ არა - მშვიდობით ინდურო კინო!
- და რა მოხდა?
-კ/თ რუსთაველის დარბაზში იყო 700 ადგილი, პრემიერაზე კი 1200 ადამიანი მოვიდა. მაყურებელი კიბეებზე იჯდა და კარებში იდგა. ჩვენ მივხვდით რომ ავიღეთ სწორი კურსი და შემდეგ "ახმეტელში" ყოველ შაბათ-კვირას მიმდინარეობს ინდური ფილმების ჩვენება. თუკი რუსეთში მაგალითად ბოლივუდის ახალი ჰიტი ხვდება პრემიერიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, ჩვენთან ის ხვდბა არაუგვიანეს ერთი თვისა. ასეთ შსაძლებლობას ჩვენს მაყურებელს აძლევს საგამომცემლო სახლ "ფორტუნას" დირექტორი ვადიმ გეჯაძე და კ/თ "რუსთაველის" ხელმძღვანელობა: ირაკლი ჩიკვილაძე, ნუგზარ ასათიანი, ოთარ ბუბაშვილი, ბაკურ ლაშქარავა, რისთვისაც მე კიდევ ე რთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ.
-ინდური კინოსადმი ასეთი სიყვარულის ფონზე, უცნაურია, რომ აქამდე არ იყავით ნამყოფი ბოლივუდში ინდური კინემატოგრაფის საოცრებების სანახავად.
-სხვათაშორის ბევრი მეკითხება, რატომ არ დავდიოდი ინდოეთში. დავასახელებ მიზეზს და გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს, ოღონდ დამპირდით რომ არ დამცინებთ.
-პირობას გაძლევთ!
-ბავშვობიდან მეშინოდა ფრენის, ამიტომაც ვერანაირად ვერ შევძელი გამერისკა და ავსულიყავი თვითმფრინავის ტრაპზე. მაგრამ გადავწყვიტე შევბძოლებოდი ჩემს თავს და დავთანხმდი გამგზავრებაზე. 21 თებერვალს ოთარ ბუბაშვილთან, ბაკურ ლაშქარავასთან და ლეილა საფოევასთან ერთად ჩვენ გავფრინდით ბომბეიში - ინდური კინოინდუსტრიის ცენტრში. ლეილას კავშირების წყალობით ჩვნ მინიმალურ დროში შევძელით გვენახა ღირსშესანიშნაობების მაქსიმუმი.
-როგორი იყო კულტსაგანმანათლებლო პროგრამა?
-პირველ დღეს ჩვენ დავათვალიერეთ კინოინდუსტრია "მუკთქა არტს" და გავიცანით მისი დირექტორი რავი გუფტა. (ჩვენი მაყურებლისათვის ცნობილია ამ კინოკომპანიის პროდუქცია "ყოვლისშემძლე", "სასიამოვნო მოგონებები" და ა.შ.) გუპთამ მოგვცა შესაძლებლობა დაგვეთვალიერებინა "ფილმ-სითი", სადაც იღებენ ინდური ბლოკბასტერების 90 %-ს.
მეორე დღეს ჩვენ ვესტუმრეთ ყველაზე მსხვილ ინდურ კინოკომპანიას "იაშრაჯფილმს". (აქ გადაღებულია ისეთი სუპერჰიტები, როგორებიცაა: "მოუტაცებელი საპატარძლო", ლეგენდა სიყვარულზე", "მე და შენ", "სალამ, ნამასტე", "შეყვარებულები"). და როგორ ფიქრობთ იქ ვის შევხვდი?
-არ შევეცდები გამოცნობას...
-არც მეტი არც ნაკლები აიშვარია რაის. ჩვენი ვიზიტის დროს კინოსტუდიის ერთ-ერთ პავილიონში მას იღებდნენ "ლორეალის" ფირმის სარეკლამო რგოლისათვის. (აიშვარია რაი ამ ფირმის სახეა). რამდენადაც აიშვარია ლეილას ძველი ნაცნობია, ჩვენ მოვახერხეთ მასთან დაკონტაქტება და რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღება. მე არც კი მჯერა, რომ მართლა ვდგავარ "მის მსოფლიოს" ტიტულის მფლობელისა და ინდური კინოს მეგა-ვარსკვლავის გვერდით.
შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო იყო. ჩვენ მოვხვდით მუსიკალურ კონკურსზე, რომელსაც ესწრებოდა ფარდინ კჰანი, დია მირზა, დილიპ კუმარი. ასევე ვნახე ყველა ის კომპოზიტორები, ვინც ქმნის მუსიკას ინდური კინოსათვის, განსაკუთრებით გამოვყოფ ჰიმეშ რიშამიას და ყველა კადრგარეთ მომღერალი, რომლებიც მღერიან ინდურ ფილმებში. განსაკუთრებით შანი და უდიტი, რომლებიც ხშირად ახმოვანებენ შაჰრუჰს.
იმასთან შედარებით კი რაც გველოდებოდა წინ ყველა ეს შეხვედრა უმნიშვნელო იყო.
25 თებერვალს ჩვენ მოვხვდით "ინდური ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალზე. ერთი საღამოს განმავლობაში მე დავინახე ინდური კინოს თითქმის ყველა ვარსკვლავი. მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი და რამდენჯერმე ვიჩქმიტე კიდეც. მაგრამ "სიზმარი" გრძელდებოდა. ჩემს გვერდით იყვნენ: რანი მუქერჯი, პრიტი ზინტა, აბიშეკ ბაცანი, მადჰური დიქსიტი, , იმრან ჰაშმი, ჰემა მალინი, რეკჰა, შაბან აზმი, ჯიტენდრა, რიტიკ როშანი.
-რეალური სახეები ჰგვანან მათ კინოპერსონაჟებს?
-პრინციპში განსაკუთრებული სხვაობა არაა, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი იმით, რიტიკ როშანის კანის ფერი ეკრანზე თეთრია, ხოლო ცხოვრებაში ის გაცილებიტ მუქია.
-ცუდია რომ არ აღბეჭდეთ ეს ყველაფერი კადრზე...
-უსაფრთხოების სამსახურმა აგვიკრძალა იქ ვიდეო და ფოტოაპარატურის შეტანა.
უნდა ავღნიშნო, რომ ცერემონიალზე იყო იმედგაცრუებებიც. მაგ; არ გამოცხადდა შაჰრუჰ კჰანი (არ იყო ქალაქში), საიფ-ალი კჰანი, აკშაი კუმარი, ჯონ აბრაჰამი. მაგრამ ეს შევსო სხვებით და მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ 25 თებერვალი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში: მე ვნახე ჩემი კუმირიინდური კინოს ცოცხალი ლეგენდა - ამიტაბჰ ბაჩანი. სამწუხაროდ ის თავს შეუძლოდ გრძნობდა (მას ცოტა ხნის წინ გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია) და ჩვენი პირადი შეხვედრა არ შედგა. როგორც მოგვიანებით გავიგე მან ვერც უილ სმიტის მიღება შეძლო, რომელიც ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო.იმ საღამოს "წლის ფილმად" დასახელდა "შავი ფერი", ხოლო საუკეთესო მსახიობად, მთავარი როლის შემსრულებელი - ამიტაბჰ ბაჩანი. ყველა დარწმუნებული იყო რომ მსახიობი არ გამოჩნდებოდა ცერემონიალზე და აპირებდნენ პრიზის მისი შვილისათვის გადაცემას. მაგრამ როგორც კი წამყვანმა გამოაცხადა ბაჩანის სახელი, ბ-ნი ბაცანი გამოვიდა კულისებიდან. იმავე მომენტში ყველა 10 000 მაყურებელი, როგორც ერთი, ფეხზე ადგა და დარბაზი გააყრუა აპლოდისმენტებიტ.
-იმედი მაქვს ამიტაბჰ ბაჩანის ქართველ თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ ნახონ თუნდაც ეგ კადრები...
-აუცილებლად. ჩვენ გადმოგვცეს ცერემონიის ჩანაწერი და თბილისელ მაყურებელს უახლოეს დღეებში ნახავს გადაღებულ მასალას ტ/კ "კავკასიას" ეთერში.
-ინდური კინემატოგრაფი განუყოფელია კაპურების დინასტიისაგან. მოახერხეთ ვინმესთან შეხვედრა მათ შთამომავალთაგან?
-ბუნებრივია. საღამოობით მე და ლეილა შევდიოდით "პრითვითეატრის" მყუდრო კაფეში. "პრითვითეატრის" დამაარსებლად ითვლება რაჯ კაპურის მამა - პრითვირაჯ კაპური. ამ თეატრის სცენაზე გაიზარდა რაჯ კაპური, მისი ძმები და შვილები. იქვე ახლოს ცხოვრობს მისი უმცროსი ძმა შაში კაპური და რადგან ის და ლეილა ძველი ნაცნობები არიან შაშიმ მიგვიწვია თავისი მეუღლის ხსოვნის საღამოზე, სადაც გავიცანით მისი ქალიშვილი, ვნახეთ რაჯ კაპურის მეუღლე და უფროსი ვაჟი რანდჰირ კაპური.
-ვიზიტი ძალიან გადატვირთული გამოგსვლიათ...
-ეს ძალიან რბილადაა ნათქვამი. მე არაფერ ვამბობ რესტორნების, ბარების და პლიაჟების ნახვაზე. ჩვენ ყველანი აღფრთოვანებულები დავრჩით ინდური სამზარეულოთი. აქვთ ნამდვილად ფანტასტიური კერძები.. შთაბეჭდილებები და მოგონებები ძალიან ბევრია და ალბათ დაწვრილებით რომ მოვყვე არ ეყოფა მთელი ჟურნალი.
-და მთავარი, თქვენ დარწმუნდით, რომ ოცნებები მაინც ხდება...
- ასე გამოდის.

вторник, 7 июня 2011 г.

ინდოეთი - დივალის დღესასწაული

თუკი ბოლო წლებში თბილისი რაღაცით დაემსგავსა ევროპულ ქალაქებს ეს უმაღლეს დონეზე მოწყობილი კინოთეატრების დამსახურებაცაა. ორი მოდერნიზებული კინოთეატრის ("რუსთაველი" და "ამირანი") დირექტორის თანამდებობა დიდ დროს მოითხოვს, თუმცა მიხედავად ამისა ჩემმა თანამოსაუბრემ მაინც იპოვა "თავისუფალი ფანჯარა" თავის გადატვირთულ გრაფიკში და გამოყო დრო, რომ გაგვიზიაროს თავისი შთაბეჭდილებები, რომელიც მან ინდოეთიდან ჩამოიტანა, სადაც ის დივალის დღესასწაულს დაესწრო. ამბობენ ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება... სწორედ ეს ფრაზა მომივიდა მე თავში, როცა დავით ბეჟიტაშვილთან საუბრის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ვსაუბრობდით გამორთულ დიქტოფონზე. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როცა მომიხდა ასეთი დაკავებული ადამიანისათვის მეთხოვა, კიდევ ერთხელ "მოეყოლა" ფაქტიურად იგივე, ამჯერად უკვე ჩართულ და ასჯერ შემოწმებულ დიქტოფონზე.
ჩემს გაოცებას და სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი, როცა მან მოთმინებით და აუჩქარებლად არა მხოლოდ გაიმეორა მონათხრობი, არამედ თავაზიანად დამატებით კითხვებზეც კი უპასუხა, რომლებიც საუბრისას წარმოიშვა.
აი, საინტერესო წვრილმანები ყველა ინდოელისათვის უმთავრეს დღესასწაულის შესახებ, რომელსაც თვითმხილველი დავით ბეჟიტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც ყოველივე ინდურის მცოდნე და მოყვარული, უზიარებს ჟურნალის მკითხველებს.
-მოსაყოლი ძალიან ბევრია. ჩვენ ინდოეთიდან ცარიელი ხელებით არ დავბრუნებულვართ და მე სიამოვნებით გავუზიარებ ამას თქვენი ჟურნალის მკითხველებს, რომლებიც ჩვენს მიმართ ძალიან ყურადღებიანები არიან და რომლებთან ერთადაც ჩვენ ჩავატარეთ ბევრი საინტერესო ღონისძიება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვადიმ გეჯაძეს, რომელიც მიესალმება ნებისმიერ ჩვენს წამოწყებას და არა მხოლოდ გვეხმარება, ხშირად თავად არის ინიციატორი ბევრი პროექტის. მადლობა რედაქტორს ასევე, რომ მუდმივად აშუქებს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას რაც ბოლივუდში ხდება და აცნობს ქართველ თაყვანისმცემლებს ინდური კინემატოგრაფის სიახლეებს.
–თქვენ არაერთხელ იყავით ინდოეთში. დივალის დღესასწაულზე მოგიწიათ დასწრება?

–დიახ, მე არაერთხელ ვიყავი ინდოეთში, მაგრამ ამჯერად ჩვენი მოგზაურობა ამ საინტერესო ისტორიისა და მდიდარი კულტურის ქვეყანაში განსაკუთრებული იყო. მე პირველად დავესწარი დივალის დღესასწაულს თუმცა დიდი ხანია ვოცნებობდი ამაზე. ბავშვობიდან ბევრი მსმენია მასზე, როგორც ინდოეთში ყველაზე პოპულარულ დღესასწაულზე და არაერთხელ მინახავს კინოში, როგორ აღნიშნავენ მას. სიმართლეს ვიტყვი, ჩვენ სწორედ ამ მიზნით წავედით – დავსწრებოდით ინდოელებისათვის ყველაზე საყვარელ ფესტივალს და ნანახმა მართალი გითხრათ გადააჭარბა ყველა მოლოდინს. მე არა მხოლოდ დავესწარი დივალის დღესასწაულს ბედნიერება მხვდა წილად მიმეღო მასში უშუალო მონაწილეობა. ინდოეთში ჩვენ გავატარეთ 7–დან 14 ნოემბრამდე. ჩვენთან ერთად იყვნენ კ/თ "რუსთაველისა" და "ამირანის" თანამშრომლები და ყველსათვის ცნობილი ლეილა საფოევა, რომელიც უკვე 14 წელია ცხოვრობს ინდოეთში და არა მხოლოდ იცნობს, არამედ კარგ მეგობრულ დამოკიდებულებაშია ინდოელ ვარსკვლავებთან. სწორეს მისი დახმარებით გავიცანით რამდენიმე მათგანი. უნდა ავღნიშნო, რომ დივალის აღნიშნავენ გაცილებით გრანდიოზულად და მდიდრულად ვიდრე სხვა დღესასწაულებს. ახალი წლის აღნიშვნაც კი ვერ შეედრება დივალის. დივალის სიმბოლურად უკავშირებენ ახლის დასაწყისს, ამიტომაც ითვლება, რომ ყველა წამოწყება ამ დღეს, წარმატებით დასრულდება. იმისათვის, რომ მიიზიდონ სიმდიდრე ინდოელები თავიანთ სახლებს რთავენ დიდი რაოდენობით სინათლით. ლეგენდის მიხედვით ხომ სიმდიდრისა და ბედნიერების ქალღმერთი ამ დღეებში ჩამოდის მიწაზე და ეტუმრება ყველაზე ლამაზ და ნათელ სახლს, რათა მიუტანოს ბედნიერება და სიმდიდრე. რათქმაუნდა გამოვიყენე შესაძლებლობა და ავისრულე კიდევ ერთი დიდი ხნის ოცნება. ჩვენ ვესტუმრეთ რაჯ კაპურის ლეგენდარულ კინოსტუდიას, სადაც გადაღებულია არა მხოლოდ ინდური კინემატოგრაფის, არამედ მსოფლიო კინოს ისეთი შედევრები, როგორებიცაა: "ავარა", "ბატონი 420", "ბობი", "სიყვარულის სენი", "ჩემი სახელი კლოუნია" და ბევრი სხვა. ამჟამად ეს კინოსტუდია არ უშვებს ფილმებს, მაგრამ ასრულებს ერთგვარი მუზეუმის როლს, რომელშიც ხელშეუხებელი სახით შენახულია თავის დროზე რაჯ კაპურის ფილმებში გამოყენებული ყველა რეკვიზიტი და დეკორაცია. მე ვნახე რაჯ კაპურის სამუშაო ოთახი, ვნახე პავილიონები, სადაც იღებდნენ ჩემს საყვარელ ფილმებს. შეგვიშვეს ოთახში, სადაც ინახება ყველა რეკვიზიტი ამ ფილმებიდან – ტანსაცმელი, კაბები, კოსტიუმები, დეკორაციები... ეს საოცარი გრძნობაა – ხელში გეჭიროს ტანსაცმელი, რომლითაც რაჯ კაპური თამაშობდა ჩემი ბავშვპბისა და ახალგაზრდობის დროინდელ ფილმებში. მითუმეტეს, რომ ნება დამრთეს მომერგო ერთ–ერთი კოსტიუმი, რომელშიც რაჯ კაპური გადაღებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ ფილმში "ბატონი 420". ძნელია გადმოვცე სიტყვებით რას ვგრძნობდი ამ დროს. აღსანიშნავია, რომ ის აღმოჩნდა არა შავი ფერის, როგორც ეს ყველას გვეგონა (ფილმი ხომ შავ–თეთრია), არამედ ყავისფერი.
–ზომაში მოგერგოთ?

არა, ჩემთვის ზომით პატარა იყო, მაგრამ რაჯ კაპურის პერსონაჟისთვისაც პატარა იყო. ეს პსეციალურად იყო გაკეთებული. სცენარით რაჯ კაპურის გმირი ღარიბი კაცია, რომელიც ბუნებრივია ვერ მისცემდა თავს ნებას ეყიდა კოსტიუმი, რომელიც ტანზე მოხდენილად ექნებოდა. ამიტომაც სპეციალურად შარჩიეს პატარა ზომის კოსტიუმი. მე ვიყავი მესამე საქართველოდან ვინც მოირგო ეს კოსტიუმი...
–ვის გაუმართლა თქვენამდე?
–ერთ–ერთი მათგანი იყო ეკა ქადაგიშვილი, "რუსთავი 2"–ს ჟურნალისტი, როდესაც ბოლივუდზე ამზადებდა რეპორტაჟს, მეორე – ლეილა საფოევა...
–ამით როგორც ვხვდები სიურპრიზები არ დასრულებულა...

–დიახ, ჩვენ გველოდებოდა კიდევ ბევრი სასიამოვნო მომენტი... თქვენ ალბათ იცით, რომ რაჯ კაპურს ჰყავდა სამი ვაჟი, რანდჰირი, რიში და რაჯივი. ორი მათგანი რეჟისორი გახდა, მაგრამ სამსახიობო კარიერა
წარმატებით მხოლოდ რიშიმ განახორციელა, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს ფილმებიდან: "ბობი", "სიყვარულის სენი" და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ რაჯ კაპური ცნობილია არა მხოლოდ როგორც მსახიობი, ჩვენ ვიცნობთ მის სარეჟისორო ნამუშევრებსაც, რომელთა უმრავლესობაშიც ის იღებდა თავის შვილს – რიშის. უფრო გვიანი პერიოდის ფილმებში, რომლებიც ჩემმა თაობამ ძალიან კარგად იცის ("მე და შენ", "დამსხვრეული ოცნებები"), რიში კაპური მიუხედავა თავისი ასაკისა შესანიშნავად გამმოიყურება და მშვენიერ შემოქმედებით ფორმაშია. სწორე მასთან, რიში კაპურთან მოგვიხდა შხვედრა და გასაუბრება. მე გავიზარდე ინდურ ფილმებზე. წარმოიდგინეთ რას განვიცდიდი, როცა ვეკონტაქტებოდი ჩემი ბავშვობის ერთ–ერთ კუმირს. რათქმაუნდა ჩვენ არ გავუშვით შანსი და გადავეცით მას მოკითხვა ქართველი მაყურებლისაგან.
– რომელ ბოლივუდის ვარსკვლავებს შეხვდით კიდევ?
–ჩვენ შევხვდით ინდური კინოს ცოცხალ ლეგენდას ამიტაბჰ ბაჩანს და მის შვილს, პოპულარულ მსახიობს – აბიშეკ ბაჩანს, რომელიც ახლახან დაქორწინდა "მის მსოფლიო 94" ტიტულის მფლობელ აიშვარია რაიზე.
მკითხველს რომ არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ იქ არაფერს ვაკეთებდით გართობის გარდა, ვიტყვი, რომ ეს იყო არა მხოლოდ გასართობი, არამედ საქმიანი მოგზაურობაც. იყო რამდენიმე საქმიანი შეხვედრარის შედეგადაც ხელი მოეწერა ახალ კონტრაქტებს, ასე რომ ინდოეთიდან ჩვენ ცარიელი ხელებით არ დავბრუნებულვართ. ქართველ ინდური კინოს მოყვარულებს ახლო მომავალში სიურპრიზები, ტელეგადაცემები, პრემიერები, მათ შორის ტელეკომპანია "კავკასიას" ეთერშიც და რათქმაუნდა ჟურნალში "პადრუგა". ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად გავახაროთ ჩვენი მაყურებელი ახალი ფილმებით.

–ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ შესაძლოა საქართველოშიგადაიღონ ინდური ფილმი. შეგიძლიათ ჩვენი ჟურნალისათვის ახადოთ ფარდა ამ საიდუმლოს და მოჰყვათ ამის შესახებ დაწვრილებით?
–ორი თვის წინ თბილისში ჩვენი მოწვევით და ლეილა საფოევას ხელმძღვანელობით ორგანიზება გაეწია ერთ–ერთი ინდოელი პროდიუსერის ბანტი ბეჰლას ჩამოსვლას. ის იყო პრაქტიკულად საქართველოს ყველა კუთხეში – ვაჩვენეთ ბაკურიანი, ბათუმი... მან ღირსეულად შეაფასა საქართველოს ბუნების სილამაზე და ძალიან კმაყოფილი დარჩა. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა აქ ფილმის გადაღება. დანიშნულია თარიღიც, გადაღებები დაიწყება 2008 წლის იანვარში. ბანტი ბეჰლა დიდხანს ეძებდა მსახიობებს მთავარ როლზე და საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა მოდელ ნათია ნებიერიძეზე. ინდური მხრიდან სავარაუდოდ ითამაშებს აკშაი კუმარი, დანარჩენი დეტალები ზუსტდება.
–იმას, რომ ინდური კინო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიცვალა აღიარებენ ისინიც კი ვინც არ არის მისი თაყვანისმცემლები. პროფესიონალური თვალსაზრისით რა დონეზეა ის ახლა?

–რათქმაუნდა არ არის არანაირი შედარება იმათ შორის რაც იყო და რაც არის ახლა. ბოლო დროს ინდური კინო საფუძვლიანად შეიცვალა როგორც ტექნიკური პარამეტრებით, ისე მხატვრული კუთხით. ბევრს ახსოვს, რომ ადრე, ძველ ფილმებში, კინოდარბაზში შესვლისას უკვე ვიცოდით როგორ დამთავრდებოდა ფილმი. ფინალი იყო ტრადიციული და ადვილად გამოსაცნობი – აუცილებლად ვიღაცა – ვიღაცაზე დაქორწინდებოდა და ვიღაცა – ვიღაცას გადაუხდიდა სამაგიეროს. ახალ ინდურ ფილმებში ეს უკვე აღარ არის. სამწუხაროს არიან ადამიანები, რომლებიც ძველებურად ფიქრობენ და საზღვრავენ ინდურ კინოს ისეთი ფილმებით, როგორიცაა "დისკოს მოცეკვავე". ისინი ვერ ამჩნევენ და არ აღიარებენ იმ რეალურ ცვლილებებს რომლებიც განიცადა ინდურმა კინომ თავისი არსებობის მანძილზე, გაიარა რა გზა, პრიმიტიული კინოდან, მის ახლანდელ მდგომარეობამდე – სრულიად თანამედროვე, მოთხოვნად კინომდე. ვაჩვენებთ რა უახლეს ინდურ ფილმებს ჩვენს კინოთეატრებში და რათქმაუნდა თქვენი ჟურნალისა და ტ/კ "კავკასიას" დახმარებით ჩვენ ვცდილობთ დემონსტრირება გავუკეთოთ სინამდვილეში, როგორ იზრდება ინდური კინემატოგრაფი.
–მაინც რით შეიძლება აიხსნას ინდური კინოს ასეთი პოპულარობა?
–ინდური კინო ასეთი პოპულარულია იმის გამო, რომ ხალხი დაიღალა იმ ნეგატივისაგან რომელიც იღვრება ეკრანებიდან ბოლო 10, 15 წლის განმავლობაში, დაიღალა სისხლისგან, მკვლელობისგან, ძალადობისგან. ჰოლივუდურ ექშენის ჟანრის ფილმებში ბევრია სისხლი და ტექნიკური სპეცეფექტები. სამაგიეროდ არ არის სულიერება. ადამიანებს კი სურთ გართობა, ემოციური განტვირთვა, თუნდაც სამი საათით. ნახოს თუნდაც ზღაპარი, მაგრამ ლამაზი, მოუსმინოს თუნდაც მსუბუქ, მაგრამ მოსასმენად სასიამოვნო მუსიკას, ნახოს ნატელი ფერები. დაივიწყოს ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ამ ფილმებზე დადის სხვადასხვა ასაკის ადამიანები, პატარაც და დიდიც. როგორც ცნობილმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა თქვა, ინდური ფილმი – ეს "თერაპიული სეანსია", მკურნალობა დადებითი ემოციების დახმარებით, ყოველგვარი წამლების გარეშე.
ინდური ფილმები ესაა ფილმები თავად ცხოვრებაზე, რომლებშიც ბევრი ამოიცნობს თავის თავს.
შემიძლია მოგიყვეთ ერთი მაგალითი, რომელიც მახსოვს აქამდე. ჩვენი კინოფესტივალის დროს, რომელსაც ყოველ წელს ვატარებთ, ჩემთან მოვიდა ერთი პენსიონერი და მითხრა, რომ ამ ზაფხულს მას ერთხელაც არ უყიდია ხილი, აგროვებდა ფულს, რომ ეყიდა ბილეთი ფესტივალზე. აი, რას აკეთებინებს ადამიანებს ინდური კინოს სიყვარული.
–როგორი დამოკიდებულება აქვთ ინდური კინოსადმი სხვა ქვეყნებში?
–წარმატება და პოპულარობა ინდურ კინოს მხოლოდ საქართველოში როდი აქვს. ნიუ–იორკში ყოველ კვირეულად ინდურ ფილმებს აჩვენებენ 33 კინოთეატრში, ლონდონში –42, რომ არაფერი ვთქვათ არაბულ ქვეყნებში. ალბათ ბევრი იტყვის, რომ ამის მიზეზი– დიდი ინდური დიასპორაა ამ ქვეყნებში. ინდოელ მსახიობებსა და რეჟისორებსაც რომ იწვევენ ჰოლივუდში ეს რაზე მეტყველებს. თვითონ ინდოეთში კინო სარგებლობს დაუჯერებელი პოპულარობით. მაგალითად, იმ მოზარდების წინაშე, რომლებსაც ყოველღიურად გააქვთ თავი, "სამუშაო დღის" ბოლოს დგება არჩევანი, რა იყიდოს, ფუნთუშა თუ კინოს ბილეთი... ისინი ხშირად ირჩევენ მეორეს და იმ დღეს რჩებიან მშივრები. ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, რომ ბილეთებს მისი ფილმების პრემიერებზე "დაიტაცებენ", ისე როგორც ეს ხდება ინდურ ფილმებზე. ჩვენ ვაჩვენებთ ინდურ ფილმებს კ/თ "ახმეტელში". გაითვალისწინეთ რომ ის არ მდებარეობს ქალაქის ცენტრში და მაინც ბილეთები პრემიერებამდე მომენტალურად იყიდება. მოდიან არა მხოლოდ თბილისის შორეული რაიონებიდან, არამედ სხვა ქალაქებიდანაც – რუსთავი, გორი, კასპი, მცხეთა და სხვ.
–ეს უფრო მეტწილად ალბათ იმის დამსახურებაა, რომ თქვენ ბილეთების ფასები სრულიად მისაწვდომი გახადეთ...

–ჩვენ დავიწყეთ ეს ყველაფერი 2003 წელს. სიმართლე გითხრათ მომგებიანს ამ საქმეს ვერ უწოდებთ რადგან ბილეთის ფასში შდის ყველაფერი – შუქის, წყლის და სხვა გადასახადი. ცხადია 3–4 ლარი არ ეყოფა ამ ყველაფრის გადახდას. ასე რომ ყველაფერი დამყარებულია შიშველ ენთუზიაზმზე და მხოლოდ ჩემი ბავშვური გატაცების და სიყვარულის გამო ინდური კინოსადმი ჩვენ განვაგრძობთ მაყურებელთა გახარებას ინდური კინოს სიახლეებით. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ერთგული მაყურებლის, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დადიან ჩვენთან. იცით, არის მაყურებელთა კატეგორია, რომელსაც არ გამოუტოვებია არცერთი ფილმი. მივმართავ მაყურებელს, რომლებიც საკმაოდ ბევრია თქვენი ჟურნალის მკითხველთა შორის და მინდა ვთქვა, რომ თქვენი ინტერესი და სიყვარული გვაძლევს ძალას ჩვენ რომ ასევე განვაგრძოთ თქვენი გახარება.
თუ სამსაათიანი სეანსის შემდეგ ადამიანები გამოდიან კინოდარბაზიდან იმ შეგრძნებით, რომ ეს სამი საათი არ დაუკარგავთ, ესეიგი ჩვენი მიზანი მიღწეულია.

ჟურნალი "პადრუგა"