38 წლის ვარ... აქედან ბოლო 22 წელია ჩემი ჰობი – ინდური კინო, ჩემს პროფესიად იქცა...
16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად საქართველო–ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია "ბჰარატი" დავაარსე, შემდეგ კი ერთ მშვენიერ კვირა დღეს პირველად გამოვედი სატელევიზიო ეთერში ინდური ფილმის დაწყებამდე და მას შემდეგ სხვადასხვა სატელევიზიო არხის ("ოკრიბა", "ევრიკა", "კავკასია") საშუალებით უამრავი ადამიანი ვაზიარე ინდურ კინოხელოვნებას.
ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაარსე ინდური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ანსამბლი "სიტარა", კომპანია "ბოლივუდ არტ ჯორჯია", მაღაზია "პლანეტა ბოლივუდი".
კინოთეატრების ეკრანებზე "დავაბრუნე" ინდური ფილმები და კ/თ "ახმეტელში" რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით ტარდებოდა კინოფესტივალები, სადაც მაყურებელს უახლესი ფილმების ნახვის საშუალება ჰქონდა.
35 წლის ასაკში კი, პირველად გადავწყვიტე წიგნის გამოცემა და ეს გადამაწყვეტინა იმ ადამიანის მიმართ უსაზღვრო პატივისცემამ და სიყვარულმა, რომელსაც ამიტაბჰ ბაჩანი ჰქვია სახელად.
7 წლის ვიყავი, როდესაც ბებიამ პირველად წამიყვანა კინოში და ჩემი პირველი ინდური ფილმი გახლდათ "დაგვიანებული შურისძიება" ამიტაბჰ ბაჩანის მონაწილეობით. ამ ფილმმა, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვადა იმ დღიდან დაიწყო ჩემი სიყვარული ინდური კინემატოგრაფიის მიმართ...
ალბათ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ადამიანს ოდესმე რეალურ ცხოვრებაში შევხვდებოდი, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ რაიმეს გულით მოინდომებ, აუცილებლად აგისრულდება... და ასეც მოხდა...
2006 წლის 25 თებერვალი...
ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში...
ინდოეთი, ქალაქი მუმბაი, ინდური ოსკარების ცერემონიალი და ჩემი პირველი შეხვედრა ჩემს კუმირთან...
მთელი ცხოვრება უსაზღვროდ მადლობელი ვიქნები იმ ადამიანის, რომელმაც ამ შეხვედრის შანსი მომცა...
ეს ადამიანი გახლავთ ქ–ნი ლეილა სოფოევა, ამიტაბჰ ბაჩანის უახლოესი მეგობარი და პირადი თარჯიმანი.
ინდური კინოსა და კულტურის პოპულარიზაციის პარალელურად გარკვეული წვლილი ქართულ კინემატოგრაფშიც შევიტანე. განვახორციელე რამდენიმე პროექტი: "მაიტა ნასოსი", "გარიგება 2", "ნიკო... აპლოდისმენტები" და განსაკუთრებით გამოვყოფ ფილმს - "ყველაფერი კარგად იქნება", რომელიც ინდოეთში გადაღებული პირველი ქართული ფილმია. სულ მალე გამოვა ეკრანებზე კიდევ ერთი ქართული მელოდრამა - "დარჩი... ჩემთან".
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს და კოლეგას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში უანგაროდ მიდგას გვერდით...
მადლობა ინდური კინოს ყველა იმ თაყვანისმცემელს, რომლებიც აგერ უკვე მერამდენე წელია ჩემს გვერდით არიან და მათი თბილი წერილები თუ სატელეფონო მოკითხვები კიდევ უფრო მეტ ენერგიას მაძლევს, რათა გაათმაგებული ძალებით ვემსახურო მათ...
დავით ბეჟიტაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий