დათო ბეჟიტაშვილი ის პიროვნებაა, რომელმაც დიდი სიყვარულითა და საქმისადმი ერთგულებით მიაღწია ყველაფერს. მას უცნაური "პროფესია" აქვს - ინდური კინოს სიყვარული და ამ პროფესიას არ ღალატობს. მიუხედავად იმისა, რომ ის კინოთეატრ "რუსთაველის" დირექტორია და უამრავი საქმე აქვს, ინდური ფილმების მოყვარულთათვის მაინც იცლის, ახმოვანებს ფილმებს, ტელეკომპანია "კავკასიის' საშუალებით პოპულარიზაციას უწევს ამ ფილმებს და ბოლივუდის ვარსკვლავებსაც იცნობს. სულ ახლახან დათი ინდოეთიდან დაბრუნდა, სადაც ის ბოლივუდის
"ოსკარების" ცერემონიალს დაესწრო.
მიღებულ შთაბეჭდილებებზე თავად მოგვიყვება.
დათო ბეჟიტაშვილი: ინდური ფილმებისადმი ჩემი სიყვარული ძალიან ადრე დაიწყო. შვიდი წლის ვიყავი, როდესაც პირველი ინდური ფილმი "დაგვიანებული შურისძიება" ვნახე. ინდური ფილმები ისე შემიყვარდა, რომ მოგვიანებით ეს ჰობი პროფესიად ვაქციე. იმ პერიოდში ინდური ფილმები საოცრად პოპულარული იყო. კინოთეატრები გეგმას ინდური ფილმების ჩვენებით ასრულებდნენ. ჩვენმა მაყურებელმა ინდური ფილმები "ავარა" და "ბატონი 420"- ით გაიცნო. ეს ორი ფილმი ყველა დროის მსოფლიო კლასიკური ფილმების ასეულშია შესული. ყველას ახსოვს ის დრო, როცა რაჯ კაპური თბილისში იყო ჩამოსული.
თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ. პირველი ჩვენი ნაბიჯი იყო, რომ თბილისში მოვიწვიეთ სამი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა: კინომცოდნე იური კორჩაგოვი და ორი სტუმარი ინდოეთიდან. ერთ-ერთი იყო კინოკრიტიკოსი ერკი გუპტა.
ამის შემდეგ ისეთი ამბები იყო საქართველოში ინდური ფილმებისათვის ვიღას ეცალა?! შემდეგ, 1995 წლიდან, როდესაც მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა ტელეკომპანია "ევრიკამ" დაიწყო ინდური ფილმების ჩვენება. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩამოვაყალიბეთ ინდური კულტური ცენტრი "სიტარა", სადაც მათ ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებსაც ვასწავლიდით და ყოველ შაბათ-კვირას კინოთეატრ "ახმეტელში" ინდურ ფილმებს ვაჩვენებდით, რომლებიც დღემდე სრული ანშლაგებით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა რომ სხვა სამსახურებშიც მიმუშავია, ინდური კინო ჩემს მეორე პროფესიად იქცა.
ინდური კინოს წყალობით ინდოეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები დავამყარეთ. უკვე სამი წელია, ბოლივუდში ოსკარების ცერემონიალზე დავდივართ. ცერემონიალი ტარდება ბომბეიში, ბოლივუდში. იქიდან საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ცერემონიალი დიდი პომპეზურობით ტარდება. შარშანდელ დაჯილდოებას უილ სმიტი ესწრებოდა, ხოლო წლევანდელს ეშლი ჯადი. ინდური ფილმები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰოლივუდშიც. ბოლო ინდური ფილმი აშშ-ის ოთხმოც კინოთეატრში ერთდროულად გავიდა. 2007 წელს კი ჰოლივუდში იღებენ ფილმს, რომელშიც ბრედ პიტთან და ჯონი დეპთან ერთად ამიტაბჰ ბაჩანის ითამაშებს.
-რამდენადაც ვიცი, ბაჩანი, ინდოელი ხალხის კერპია.
-დიახ, ის ცოცხალი ლეგენდაა. ის იყო პირველი ინდოელი მსახიობი, რომლის ფიგურაც მადამ ტიუსოს მუზეუმში დადგეს. ახლა კი მეორე ინდოელი მსახიობის ქანდაკებაც დაიდგა, ეს არის აიშვარია რაი, მის მსოფლიო, ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ ბაჩანის რძალი გახდა. 5 აპრილს აიშვარია რაისა და აბჰიშეკ ბაჩანის ქორწილი ბაჩანის რეზიდენციაში გაიმართება. რაც შეეხება ბაჩანს, მას ბევრად უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს ინდოელ ხალხში ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. სხვათა შორის, ინდოეთში ეპიდემია გავრცელდა. ხალხმა ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მას ამისკენ ბაჩანმა მოუწოდა. ასევე საინტერესოა, რომ როდესაც ბაჩანმა ოპერაცია გაიკეთა და ცუდად იყო, ინდოელები კინოში აღარ დადიოდნენ. სანამ ჩვენი კუმირი არ გამოჯანმრთელდება, რა გვეკინოებაო. ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა ჩვენი ვიზიტი და ჩვენი დაგეგმილი ვიზიტი არ შედგა, მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც მოვახერხე შეხვედრა და მივაწოდე მისი ფოტო, რომელზეც ავტოგრაფის დაწერა ვთხოვე და მანაც მიაწერა, "დათოს სიყვარულით".
კიდევ ერთი ისტორია მახსენდება. ამიტაბჰ ბაჩანს ასეთი ტრადიცია აქვს: უკვე, დაახლოებით 30 წელიწადია, ყოველ კვირა დღეს ბაჩანის სახლთან, ექვს საათზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომლებიც მთელი ინდოეთიდან გროვდებიან მხოლოდ იმისთვის, რომ სახლიდან გამოსული ბაჩანი რამდენიმე წუთით დაინახონ. სახლიდან "კარალევსკი დოგთან" ერთად გამოდის და ხალხს ხელს უქნევს. ამის შემხედვარე ისე გავოგნდი, რომ მთელი ფული რაც ინდოეთში მქონდა წაღებული, ისე ამომაცალეს ვერ გავიგე. ის კი არადა როცა გამოვიდა ფოტოაპარატს რომელიც ხელში მეჭირა თითი ვეღარ დავაჭირე. ხელში მეჭირა უაზროდ.
რეჟისორები წლობით ელოდებიან, თუ როდის მოვა ბაჩანის გრაფიკში მათი ჯერი.
-ახალგაზრდა მსახიობებიდან ვინ არიან ყველაზე პოპულარულები?
-შაჰრუჰ კჰანი და რიტიკ როშანი, რომელმაც ამ წელსაც მიიღო ბოლივუდური "ოსკარი", ის სამი "ოსკარის" მფლობელია, საკმაოდ სიმპათიურია, კარგად ცეკვავს და მღერის. ჩვენ მასთან ფოტოც გადავიღეთ, მაგრამ ბაჩანთან შეხვედრის შემდეგ იმდენად დავიცალე ემოციებისაგან, რომ ვეღარ აღვიქვამდი, რომ ისინიც ვარსკვლავები იყვნენ.
-აიშვარია რაისთან შეხვედრაზეც მოგვიყევი რამე
-აიშვარია რაის შევხვდი ბოლივუდის ნომერი პირველი კინოსტუდიის "იაშრაჯფილმზის" პავილიონში, სადაც ფრანგები აიშვარიას "ლორეალის" სარეკლამო რგოლში იღებდნენ. ის ამ ფირმის შარშანდელი სახეა. სხვათაშორის ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად ლამაზია. თან მთლიანად შეფერებული აქვს ვარსკვლავური იმიჯი. დაჰყვება დაცვა, მდივნები და ა.შ. საოცრად ამაყი და თავდაჯერებულია, იმ დროს როდესაც ბაჩანი ძალიან უბრალოა ურთიერთობისას. რაც შეეხება მის ქმარს აბიშეკ ბაჩანის, მას ახალგახრდა თაობის კერპის ტიტული უკვე მიანიჭეს. ყველა ელის, რომ 2007 წელს უნდა გამოვიდეს ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს შეასრულებენ ბაჩანი უმცროსი და საფეხბურთო კლუბი "ჩელ" თავისი ლამპარდით და აბრამოვიჩით. ეს ინდოეთის ისტორიასი ყველაზე ძვირადღირებული ფილმი იქნება.
სხვათაშორის ინდურ ფილმში ჩადებული თანხის 70 % ვარსკვლავების ჰონორარზე მიდის.
-ინდურ ფილმებში ამ ბოლო დროს ეროტიკა მომრავლდა.
-მართალია, მაგრამ ყველა ასეთმა ფილმმა ფიასკო განიცადა. გასაკვირია, რომ "კამასუტრას" ქვეყანაში, ნაბოკოვის "ლოლიტას" მიხედვით გადაღებული ფილმის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რასაც კინოთეატრის დარბევა და დალეწვა მოჰყვა. ჩვენ ასევე შევხვდით რაჯ კაპურის ძმას, შაში კაპურს, რომელიც კინოსტუდიას უძღვება. მას საჩუქრად ღვინო, "ვეფხისტყაოსანი" და ქართული ნივთები წავუღეთ და ძალიან მოეწონა.
ისევ საბჭოთა კავშირს მინდა დავუბრუნდე და გავიხსენო ჩვენი ერთობლივი ფილმები, რომლის არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის. ბოლო ასეთი პროექტი იყო "შავი უფლისწული აჯუბა", რომლებშიც მონაწილეობდნენ ზურაბ ქაფიანიძე, გივი ბერიკაშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი, აბესალომ ლორია და სხვები, ხოლო ინდოელების მხრიდან ამიტაბჰ ბაჩანი, შაში კაპური და სხვები. ზურაბ ქაფიანიძე ბაჩანის მამის როლს ასრულებდა. უფრო ადრე იყო "ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი", სადაც საბჭოთა კავშირის მხრიდან სოფიკო ჭიაურელი და ფრუნზიკ მკრტიჩიანი მონაწილეოდბნენ. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვქონდა ასეთი თანამშრომლობის აღდგენის მცდელობა და აპრილის ბოლოს, მაისი დასაწყისში, თბილისში ორი საკმაოდ ცნობილი პროდიუსერი და რეჟისორი ჩამოვა. ერთ-ერთია სუბჰაშ გჰაი, რომელიც ნომერ მეორე სტუდიისა და საერთაშორისო კინოინსტიტუტის მფლობელია და რეჟისორი - რამგოპალ ვარმა. ისინი ავღანეთის თემაზე ფილმს იღებენ და შესაძლოა ამისთვის თბილისის ხედები დასჭირდეთ. ვნახოთ რა გადაწყდება. ყველაფერი ეს იმ დონემდეა მისული, რომ უკვე იმას ვფიქრობთ, რომელ სასტუმროში გაჩერდებიან.
-ინდოელი მსახიობისათვის სიმღერის ნიჭი აუცილებელია?
-ცნობილი ფაქტია, რომ ინდურ ფილმებში თავისი ხმით მხოლოდ ბაჩანი მღერის. გოგონებს კი დღემდე 75 წლის ლატა მანგეშკარი ახმოვანებს, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია ყველა ფილმს ახმოვანებს. ეს უნიკალური ფენომენია. სხვათა შორის, ამერიკელებს შესყიდული აქვთ უფლება, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ის გაჭრან და გაიგონ, რაშია მისი იოგების თუ ხმის ტემბრის საიდუმლო. სულ რამდენიმე მომღერალი ჰყავთ, რომალთა ვინაობაც ხალხმა ასევე კარგად იცის, როგორც მსახიობებისა და ისინი არანაკლები სიყვარულით სარგებლობენ. ინდოელები ხმით ცნობენ რომელი მომღერალი მღერის.
-რამდენადაც ვიცი ინდურ ფილმებს თქვენ ახმოვანებთ.
-მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, საქმე თავზე მაყრია, მაინც ვახერხებ, რომ კვირაში რამდენიმე საათით მივიდე, ფილმები გავახმოვანო და ტელეკომპანია "კავკასიაზეც" სანამ ინდური ფილმი დაიწყება, პატარა შესავალი გავაკეთო. არ მაქვს უფლება, რომ იმ ხალხს ვუღალატო, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ინდური ფილმი ნახონ.
Комментариев нет:
Отправить комментарий