david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

понедельник, 6 июня 2011 г.

ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი

ავტორისაგან
35 წლის ვარ... აქედან ბოლო 19 წელია ჩემი ჰობი – ინდური კინო, ჩემს პროფესიად იქცა...
16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად საქართველო–ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია "ბჰარატი" დავაარსე, 17 წლის წინ კი ერთ მშვენიერ კვირა დღეს პირველად გამოვედი სატელევიზიო ეთერში ინდური ფილმის დაწყებამდე და მას შემდეგ სხვადასხვა სატელევიზიო არხის ("ოკრიბა", "ევრიკა", "კავკასია") საშუალებით უამრავი ადამიანი ვაზიარე ინდურ კინოხელოვნებას.

ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაარსე ინდური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ანსამბლი "სიტარა", კომპანია "ბოლივუდ არტ ჯორჯია", მაღაზია "პლანეტა ბოლივუდი".
წიგნის გამოცემა კი ახლა, 35 წლის ასაკში, პირველად გადავწყვიტე და ეს გადამაწყვეტინა იმ ადამიანის მიმართ უსაზღვრო პატივისცემამ და სიყვარულმა, რომელსაც ამიტაბჰ ბაჩანი ჰქვია სახელად.
7 წლის ვიყავი, როდესაც ბებიამ პირველად წამიყვანა კინოში და ჩემი პირველი ინდური ფილმი გახლდათ "დაგვიანებული შურისძიება" ამიტაბჰ ბაჩანის მონაწილეობით. ამ ფილმმა, რომელზეც წიგნში ცალკე თავია გამოყოფილი, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვადა იმ დღიდან დაიწყო ჩემი სიყვარული ინდური კინემატოგრაფიის მიმართ...
ალბათ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ადამიანს ოდესმე რეალურ ცხოვრებაში შევხვდებოდი, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ რაიმეს გულით მოინდომებ, აუცილებლად აგისრულდება... და ასეც მოხდა...
2006 წლის 25 თებერვალი...
ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში...

ინდოეთი, ქალაქი მუმბაი, ინდური ოსკარების ცერემონიალი და ჩემი პირველი შეხვედრა ჩემს კუმირთან...
მთელი ცხოვრება უსაზღვროდ მადლობელი ვიქნები იმ ადამიანის, რომელმაც ამ შეხვედრის შანსი მომცა...
ეს ადამიანი გახლავთ ქ–ნი ლეილა სოფოევა, ამიტაბჰ ბაჩანის უახლოესი მეგობარი და პირადი თარჯიმანი.

... და აი ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაინც შევძელი შემეგროვებინა ყველაზე საინტერესო მასალები ამიტაბჰ ბაჩანის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ და მომეწოდებინა თქვენთვის წიგნის სახით. დარწმუნებული ვარ, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ გახდებით ყველაზე ინფორმირებული ადამიანი "ბოლივუდის" ცოცხალი ლეგენდის შესახებ. ჩემი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის...
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს და კოლეგას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში უანგაროდ მიდგას გვერდით...
მადლობა ინდური კინოს ყველა იმ თაყვანისმცემელს, რომლებიც აგერ უკვე მერამდენე წელია ჩემს გვერდით არიან და მათი თბილი წერილები თუ სატელეფონო მოკითხვები კიდევ უფრო მეტ ენერგიას მაძლევს, რათა გაათმაგებული ძალებით ვემსახურო მათ...
უსაზღვრო მადლობა ჩემს მეგობარს კახა მიქიაშვილს, რომელმაც მომცა უდიდესი სტიმული, რათა ამ საქმეშიც გამომეცადა საკუთარი თავი... განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს უმცროს "ძმას", კოტე ტურიაშვილს, რომლის გარეშე ნამდვილად გამიჭირდებოდა ნებისმიერი საქმიანობა და რომელსაც ჩემი დაწყებული საქმეების ღირსეულ გამგრძელებლად ვთვლი.

დავით ბეჟიტაშვილი
2009


ადამიანი ინდუსტრია


"დანამდვილებით ერთი რამ ვიცი მხოლოდ: მინდა თამაში, ვიდრე მეთამაშება. სახასიათო როლებს მაშინ დავთანხმდები, როცა მთავარზე აღარ მიმიწვევენ. თუ აღარც ასეთი როლები იქნება, მასიურ სცენებში მივიღებ მონაწილეობას," – სწორედ ასე გამოუტყდა ერთხელ კინემატოგრაფს სიყვარულში ამიტაბჰ ბაჩანი.
ამიტაბჰ ბაჩანი თანამედროვე ინდური კინოს უმსხვილესი ფიგურა და ყველაზე კაშკაშა მოვლენაა. მარტო მისი სახელიც კი წარმოადგენს ბრენდს, ხარისხის ნიშანს, მის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო აქციის და იმ საქონლის გაყიდვის სტაბილური წარმატების გარანტიას, რომელსაც იგი ტელევიზიაში სარეკლამო რგოლებით წარუდგენს ხოლმე მყიდველს. ამიტაბჰი ყოველთვის შორს დგას ინტრიგების, კულისების მიღმა ორთაბრძოლებისა და აბსურდული ურთიერთობებისაგან, რომლებიც ეკრანის კერპებისთვისაა დამახასიათებელი. მასზე არ ვრცელდება კინომოყვარულთა ჭირვეული არმიის გემოვნებათა ცვლილება.
ბოლივუდის ყველაზე პოპულარულმა მსახიობმა კარგა ხანია უკან მოიტოვა დრო.
ინდური პოეზიის კლასიკოსის ჰარივანშრ რაი ბაჩანის ვაჟმა, ამიტაბჰმა, ყველაფერი იღონა, რათა ჰინდი კინოში თავისი ღირსეული ნიშა დაეკავებინა და პირველი რამდენიმე ფილმის ჩავარდნის შემდეგ, როცა თავად მსახიობის კარიერაც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, მისმა სახელ–დიდებამ საბოლოოდ მაინც მიაღწია დამსახურებულ სიმაღლეს. დღეს ის 66 წლის გახლავთ და უწინდებურად პოპულარობის ზენიტში იმყოფება.
ბაჩანი ნამდვილი ვარსკვლავია, ხალხის სათაყვანებელი გმირი და მისი ადგილის დაკავება კინემატოგრაფიულ, პოლიტიკურ და მას–მედიის ცისკიდურზე ჯერ–ჯერობით ახალგაზრდათაგან ვერავინ შეძლო.

როცა ის ინდოეთში რომელიმე პოპულარულ ტელეშოუში სტუმრის სტატუსით გამოდის, ქვეყნის მოსახლეობას მორიგი ეპიდემიის დროს სასწრაფო ვაქცინაციის აუცილებლობას უხსნის ან მრავალფეროვანი პროდუქციის რეკლამას ეწევა – ნებისმიერი ინდოელი, მისი ხილვისას, აღფრთოვანებით ყვირის: "ეს ხომ ამიტაბჰია!"
ბაჩანის ცხოვრებისეულ გზაზე მომხდარა ყველაფერი, რაც შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს გადახდეს თავს. მასზე თავსდატეხილი მოვლენები რამდენიმე ათეულ ტელესერიალს ეყოფოდა მასალად. ჰქონდა აღმაფრენებისა და უკიდურესად მტკივნეული ჩავარდნების პერიოდები, გადაიტანა მრავალგზისი მუხანათობა და თავდასხმა ყვითელი პრესის მხრიდან, მერე კი მკვეთრად დაასრულა კარიერა პარლამენტში, ჩათრეული აღმოჩნდა მსხვილ პოლიტიკურ სკანდალში, ლეგენდარულ სურათ "მებარგული"/ "Coolie" - ს გადაღებების დროს მიღებული ტრამვის გამო სიკვდილის პირას იმყოფებოდა, გადაიტანა ფატალური უბედური შემთხვევა და მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ კვლავ ჩადგა მწყობრში, დააარსა საკუთარი კორპორაცია, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიიღო და გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა... მაგრამ უდიდესთა შორის უდიდესმა ყველა ცხოვრებისეულ ქარიშხალს გაუძლო და დღეს უწინდებურად მყარად დგას ფეხზე. მსახიობის გამაოგნებელი შრომისუნარიანობა დიდი ხანია საარაკოდ იქცა და ათასგვარი ლეგენდითაა გარემოსილი, ტყუილად ხომ არ უწოდებენ მას "One Man Industry" (ადამიანი–ინდუსტრია).
–როგორ ახერხებთ ყველგან და ყველაფრის მოსწრებას? როდისღა გძინავთ? – გაოცებულები ეკითხებიან მას ჟურნალისტები.

–ყველაფერი რიგზეა, ინტერვიუს დროს ვახერხებ ხოლმე გამოძინებას, – დასცინის კორესპოდენტებს ამიტაბჰი.

2000 წელს ინდოეთის კინემატოგრაფისტთა ეროვნულმა ასოციაციამ ამიტაბჰი საზეიმოდ გამოაცხადა ათასწლეულის ვარსკვლავად. ამ გამოკითხვის შედეგებით ბაჩანმა უამრავ ჰოლივუდელ ვარსკვლავს გაუსწრო, რომლებიც, შესაძლოა, ბევრად უფრო პოპულარულები არიან დასავლეთში, მაგრამ ეგზომ განუმეორებელი – არა.
–ამიტაბჰის თითოეული როლი მოცარტის სიმფონიას წააგავს, – ამბობს მის შესახებ ახალი თაობის ერთ–ერთი წამყვანი რეჟისორი სანჯაი ლილა ბჰანსალი, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ ბაჩანთან ერთად ჰიტი – "black" / "უაკანასკნელი იმედი" შექმნა.

ნიჭიერი რეჟისორების ხელში ცვილივით დამყოლი, მათი შემოქმედებითი ჩანაფიქრის თავიდანვე ალღოს ამღები, ამიტ–ჯი პრინციპულ საკითხებში ფოლადივით მტკიცე, ურყევი რჩება და არანაირ კომპრომისებზე არ მიდის. მისი გმირის, ჰირას სიტყვები ფილმიდან "ობოლი" / "Laawaris": "ძაღლის კუდივით ვარ. შეიძლება ფილადის მილში გამაძვრინო, მილი გაიღუნება, კუდი კი არ გამოსწორდება",– საუკეთესოდ ასახავს თავად ამიტაბჰ ბაჩანის ცხოვრებისეულ კრედოს.

ბედის ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ როცა მშობლებმა ვაჟს სახელად ამიტაბჰი დაარქვეს, რაც ბენგალურად "მარადიულ სინათლეს" ნიშნავს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად ახლოს აღმოჩნდნებოდნენ ჭეშმარიტებასთან.


ამიტაბჰი: ადრეული წლები

1942 წლის 11 ოქტომბერს ინდოეთის ჩრდილოეთში, განგის და ჯამნის შესაყარზე მდებარე ქალაქ ალაჰაბადში, იმ დღეებში, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ინგლისელთა მპყრობელობის ქვეშ იმყოფებოდა და ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის კოცონი ის–ის იყო აგიზგიზებას იწყებდა, პოეტ ჰარივანშ რაი ბაჩანისა და მისი მეუღლის თეიჯის ოჯახში ფრიად სასიხარულო მოვლენა მოხდა: ვაჟი დაიბადა...
ამიტაბჰის მამა, ჰარივაშ რაი ბაჩანი (1908 წლის 27 ნოემბერი – 2003 წლის 18 იანვარი) გასული საუკუნის უდავოდ ერთ–ერთი წამყვანი ინდოელი ლიტერატორი გახლდათ. მისი პოეზია ჩვენს ქვეყანაშიც კარგად არის ცნობილი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, მრავალრიცხოვან ლიტერატურულ ჯილდოთა, მათ შორის, ინდოეთის ლიტერატურული აკადემიის პრემიის, ასევე აზიისა და აფრიკის მწერალთა ასოციაცია "ლოტოსის" საერთაშორისო პრემიის მფლობელმა, მარტო პოეტმა კი არა, გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ, ენციკლოპედიური განათლებისა და გამორჩეული ჭკუა–გონების მქონე ადამიანმა, ფაქტობრივად, ჰინდის თანამედროვე პოეტიკური ენა შექმნა.
"გულს ლოდად მაწევს სიტყვათა კონა, ერთი პატარა სანთელი მქვია, დიდ სამყაროში გზას ვერ გაგიკვლევთ, მაგრამ რომ ვენთო მზადა ვარ მუდამ", – ასე აყალიბებს თავის პოეტურ კრედოს ჰარივანშრ რაი. იგი არანაკლებ გახლავთ ცნობილი თავის ვირტუოზული თარგმანებით მსოფლიოს მრავალი ენიდან. ინგლისური ლიტერატურის უმსხვილესი სპეციალისტი ინდოეთში, ნობელის პრემიის ლაურეატ უილიამ ბათლერ იითსის შემოქმედების მკვლევარი (მას შემდეგ, რაც კემბრიჯში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა), ბაჩანი დაუღალავად თარგმნიდა ანგლოირლანდიური წარმოშობის ნოვატორი პოეტის ლექსებს და დიდ პროპაგანდას უწევდა მათ.
იითსის შემოქმედებით გატაცების პარალელურად, ჰარივანშ რაიმ ჰინდიზე გადაიტანა შექსპირის ტრაგედიები "ოტელო", "ჰამლეტი" (სიტყვამ მოიტანა და "ჰამლეტის" თარგმანი პოეტმა ახალშობილ ვაჟს მიუძღვნა) და "მაკბეტი"; მისი წყალობით დღის სინათლე იხილა ომარ ხაიამის ლექსების, ასევე რუსი კლასიკოსების: ლერმონტოვის, ტიუტჩევის და მაიაკოვსკის თარგმანებმა. ინდური რელიგიურ–ფილოსოფიური აზროვნების ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლის ადაპტაცია ჰინდის თანამდეროვე ლიტერატურული ენისთვის, როგორიც "ბჰაგიავადგიტაა", ასევე ჰარივანშ რაი ბაჩანის უშუალო მონაწილეობით მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ბაჩანი პოეტის ნამდვილი გვარი არ გახლავთ. სიტყვა "ბაჩანი" თარგმანში "ბოჩოლას" ნიშნავს და სწორედ ასე ალერსით მიმართავდა ჰარივანშ რაის ბავშვობისას დედა. მოგვიანებით მან ბავშვობის ეს მეტსახელი ლიტერატურულ ფსევდონიმად აირჩიადა სწორედ ამ ხელმოწერით იხილა დღის სინათლე 30–ანი წლების დასაწყისში ჟურნალ "ბატში" მისმა პირველმა ლექსებმა და მოთხრობებმა, რომელსაც სახელგანთქმული მწერალი პრემჩანდი უშვებდა.
1942 წლის პირველსავე დღეს შემდგარი ჰარივანშ რაისა და ცნობილი პენჯაბელი ადვოკატის ქალიშვილის თეიჯი სურის ქორწინება, იმ დროისათვის საზოგადოების ნამდვილი გამოწვევა იყო. ჰარივანშსა და თეიჯის ერთი ნახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი და მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა კასტას მიეკუთვნებოდნენ, უკვე ნაცნობობის მეხუთე დღეს გადაწყვიტეს, რომ ცოლ–ქმარი გახდებოდნენ. რადგანაც ტრადიციული ინდური ქორწილის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ბაჩანმა და თეიჯიმ ალაჰაბადის საქალაქო მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ქორწინება გააფორმეს, რაც ქალაქის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი (!) კასტათაშორისი კავშირი აღმოჩნდა.
თეიჯი და ჰარივანშ რაი იდეალურად შეეფერებოდნენ ერთმანეთს და პოეტის ულამაზესი და ფრიად განათლებული მეუღლე, უფროს ბაჩანთან ერთად შესანიშნავ ოჯახურ დუეტს ქმნიდა. ის თეატრალური მსახიობი გახლდათ და როგორც ჩანს მშობლების ჭკუა, სილამაზე და ნიჭი მემკვიდრეობით გადაეცა მათ შვილებსაც.
ასე იყო თუ ისე, უკვე იმავე 1942 წელს ქვეყანას ამიტაბჰ ბაჩანი მოევლინა და ალაჰაბადის სამშობიარო სახლის კედლები ხმამაღალი ტირილით ჩამოიღო. "ნამდვილი მომღერალი გამოვა", – ეჩურჩულებოდა ერთმანეთს საავადმყოფოს პერსონალი, რომელმაც თითქმის ამოიცნო უჩვეულო ჩვილის ვარსკვლავური მომავალი.
მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი რევოლუციონერები არ გახლდნენ, მთელი სულითა და გულით განიცდიდნენ სამშობლოს ბედს და თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, ახალშობილისთვის სახელად ინქილაბი (რევოლუცია) დაერქმიათ, მაგრამ უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრეს და მათმა პირმშომ სახელად ამიტაბჰი მიიღო. ბიჭი, თუ აქ ინგლისურ ანდაზას მოვიშველიებთ, კბილებში ვერცხლის კოვზით არ დაბადებულა, რადგან ჰარივანშ რაის ოჯახი იმ წლებში გარკვეულ ფინანსურ გაჭირვებას განიცდიდა, სამაგიეროდ – ტყუილად ხომ არ გახლდათ ამიტაბჰის მამა დიდი პოეტი – უფროსი ვაჟიცა და მისი უმცროსი ძმა აჯიტაბჰიც ლიტერატურული და კულტურული ტრადიციებით გამსჭვალულ ატმოსფეროში გაიზარდნენ.
თავის ერთ–ერთ ინტერვიუში ამიტაბჰი იხსენებს, ზოგჯერ რა მძიმე ყოფაში იმყოფებოდნენ ის და აჯიტაბჰი: "ჩვენი მშობლები არაჩვეულებრივად ძლიერი ნებისყოფის მქონე, ძალაუფლებისმოყვარე ადამიანები იყვნენ. მამის შინ ყოფნა უკვე თავისთავად გულისხმობდა წესრიგსა და უსიტყვო მორჩილებას. მართალია, წლებთან ერთად ხასიათშიც სირბილე შეეპარა, მაგრამ მისი ნება კანონი იყო და არავის ჰქონდა შეწინააღმდეგების უფლება. მისი სიტყვა გადამწყვეტად ითვლებოდა ოჯახში და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ყოფილა შემთხვევები, როცა მე და ჩემი ძმა მხოლოდ იმის გაფიქრებაზეც კი ვკანკალებდით, რომ მამის მრისხანე მზერის წინაშე წარდგომა მოგვიხდებოდა."
ალაჰაბადში ამიტაბჰი წმინდა მარიამის სახელობის მონასტერთან არსებულ ბიჭების დაწყებით სკოლას (st. Mary's Boys High School) ამთავრებს და სწავლის გასაგრძელებლად შერვუდის პრესტიჟულ კოლეჯში (Sherwood Collage) აგზავნიან, რომელიც ნაინითალში მდებარეობს. ახლა უცნაურადაც კი მოჩანს, რომ ჭაბუკს დასაწყისში უფრო მეტად მეცნიერებისკენ მიუწევდა გული, ჰუმანიტარული დისციპლინები კი დიდად არ აინტერესებდა. ამიტომ გარკვეული ხნის განმავლობაში ოჯახში ითვლებოდა, რომ ვაჟი ინჟინრის პროფესიას აირჩევდა, მაგრამ თანდაყოლილი სიმორცხვის მიუხედავად, ამიტაბჰი მოულოდნელად სკოლის თვითშემოქმედებით დაინტერესდა. მალე სამოყვარულო სპექტაკლებმა მისი მონაწილეობით წარმატება მოიპოვა ჯერ მოწაფეებს, შემდეგ კი პედაგოგბს შორისაც. (ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ამიტაბჰ ბაჩანის პირველი როლი წიწილა იყო, აღფრთოვანებულ აუდიტორიას კი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები წარმოადგენდნენ. შინ კი, ჯერ კიდევ მთლად პატარა, სიამოვნებით ახმოვანებდა იმპროვიზირებული თოჯინური თეატრის წარმოდგენებს.)
მისტერ რ.ს. ლიუელინი, იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ნორჩი ამიტაბჰი სწავლობდა, იხსენებს, რომ ბიჭი თუმცა კი გვარიან ხულიგნად ითვლებოდა, სასკოლო დადგმებში ხალისით, თავდავიწყებით მონაწილეობდა და ეს საქმიანობა დედამიწის ზურგზე აშაკარად ყველაფერს ერჩივნა. იმ შორეულ წლებში ამიტი სამსახიობო დისციპლინის ჯერ მხოლოდ ანბანს ეუფლებოდა, შემდგომში ასე რომ გამოადგა მუმბაის გადასაღებ მოედანზე.
როცა ვითარებამ მამის დელიში გადასვლა მოითხოვა (ჰარივანშ რაი ბაჩანი მოულოდნელად საგარეო საქმეთა სამინისტროში საპასუხიმგებლო თანამდებობაზე დანიშნეს), ამიტაბჰი კირორიმალის კოლეჯში ჩარიცხეს, რომელიც თავისი უძლიერესი თეატრალური წრით იყო ცნობილი და სახელად მოკლედ და გასაგებად "მოთამაშეები" (the Players) ერქვა. სწავლა სოლიდური თანხა ღირდა, სამაგიეროდ ბიჭმა ხელოვნებათმცოდნეობის განათლება მიიღო. ნორჩ ამიტაბჰს ასევე წილად ხვდა ბედნიერება პუნში, კინოს ინსტიტუტში მსახიობური დაოსტატების ექსპრეს–კურსები გაევლო. მაგრამ მისი მომავალი უწინდებურად ერთობ ბუნდოვანი რჩებოდა და მსახიობის კარიერაც მხოლოდ აუხდენელ შორეულ ოცნებად ესახებოდა.
კოლეჯში სწავლა 1962 წელს დასრულდა. ამიტაბჰი კალკუტაში მდებარე ანგლო–ინდურ სამრეწველო კომპანიაში მენეჯერის ადგილის მიღებას ახერხებს. აი, თავად როგორ იხსენებს იმ პერიოდს: "დამსაქმებლები ითხოვდნენ, რომ თანამშრომლები ყოველთვის კარგ ფორმაში ყოფილიყვნენ, საქმოსნის ფხა გამოეჩინათ და რასაკვირველია ენაც შესაბამისად მჭრელი ჰქონოდათ. პრინციპში, ყველა ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი, თუმცა ახალი კოსტიუმის შეძენა დამჭირდა. ამ მდგომარეობაში მარტო მე არ ვყოფილვარ. იმ ხანებში უამრავი ახალგაზრდა, ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრებიც შესაფერისი სამუშაოს ძიებაში კალკუტაში გადაბარგდნენ. ახლა, უკან მოხედვისას, ვხვდები, რომ ეს თავის გადარჩენისათვის ბძოლის შესანიშნავი პერიოდი იყო. ისე გვიხდებოდა ტრიალი, რომ ძილისთვის დრო არ გვრჩებოდა."
პრესტიჟულმა, კარგად ანაზღაურებადმა სამუშაომ კორპორაცია "Black Bird"- ში, ყველაფრის მიუხედავად, მოწყენილობა მოჰგვარა და ახალგაზრდა კაცს კინოში გადაღების სურვილი კიდევ უფრო გაუცხოველდა. სასტიკი იმედგაცრუება დაეუფლა მას, როცა კომპანია "United Producers" -ის მიერ მოწყობილ ბოლივუდში უკვე ტრადიციადქცეულ, დამწყები ნიჭიერი ახალგაზრდების კონკურსზე ჩაფლავდა, რადგან გამარჯვებულს კინოში როლით აჯილდოვებდნენ! ამიტაბჰმა ჟურის სამსჯავროზე თავისი "მონაცემები" გაგზავნა, სადაც აღნიშნა მისი აზრით, რომელ როლებში იყო გამორჩეულად ძლიერი, მაგრამ პრეტენდენტთა საბოლოო სიაშიც არ ჩარიცხეს. ჰარივანშ რაის მეგობრები, ყველა, როგორც ერთი, დაჟინებით ურჩევდნენ ჭაბუკს, სისულელეებისთვის დაენებებინა თავი და მამის კვალს გაჰყოლოდა, ანუ ლიტერატურაში მოესინჯა თავი. სასოწარკვეთილების იმ დღეებში ამიტაბჰს ეჩვენებოდა, რომ კინოინდუსტრიის კარი სამუდამოდ მიუხურეს ცხვირწინ.
ჭაბუკ ამიტს კარგად დაამახსოვრდა თავისი პირველი, არცთუ წარმატებული შეხება კინობიზნესში გამეფებულ ზნეჩვეულებებთან, რამაც ასევე ვერ მიანიჭა თავდაჯერებულობა. თეიჯიმ "ავარა"–ს, "ბატონი 420"–ს და "დედა ინდოეთი"–ს ვარსკვლავს, სახელგანთქმულ კინომსახიობ ნარგისს, ვისაც კარგად იცნობდა სთხოვა, მისი ვაჟისთვის ცნობილ რეჟისორ მოჰან სეგალთან (ჩვენს ქვეყანაში პოპულარული კინოჰიტების "საყვარელი რაჯასა/Raja Jani" და "სამრაატია/ Samraat" მომავალ ავტორთან) მოეწყო კინოსინჯები. ამ კინოსინჯების შედეგები ამიტაბჰმა ვერ შეიტყო, მაგრამ გადასაღები დღის შემდეგ დროსტარებაზე მიიწვიეს, რომელიც რაჯ კაპურის მუზის მეგობრებმა მოაწყვეს.
"ამ ადამიანების საქციელმა გამაოგნა, – იხსენებს ბაჩანი. – გახურებული წვეულების დროს ჯერ ხმამაღალი გინება, შემდეგ კი ბრძოლის ხმა მომესმა: ერთი ცნობილი ჟურნალისტი მსხვილ პროდიუსერს წაეჩხუბა. ისინი ზედ აწყდებოდნენ სკამებს, მაგიდებს აბრუნებდნენ, ერთმანეთს ჭურჭელს ესროდნენ და ეს პირდაპირ წვეულებაზე! მაგრამ ყველაზე მეტად სტუმრების რეაქციამ გამაოცა. ისინი ისე განაგრძობდნენ საუბარს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.პერიოდულად როცა მოჩხუბართაგან რომელიმე ვიღაცის თეფშს იღებდა და ზედთავსთან ერთად მოწინააღმდეგეს ესროდა, დისახლისი ამ სტუმართან მიდიოდა და ეკითხებოდა: "კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს? მოდით, სხვა თეფშს მოგიტანთ".
ამ ავბედითმა შემთხვევამ ეჭვი დათესა დამწყები მსახიობის მშფოთვარე სულში. კინემატოგრაფისტების კულისების მიღმა ცხოვრებამ თავისი ამაზრზენი ცინიზმით გააოგნა. ამიტაბჰმა გადაწყვიტა მამისთვის ეკითხა რჩევა. მან კი მაგალითად ბალრაჯ საჰნი მოუყვანა, რომელმაც კინემატოგრაფში ყოფნისას თავისი ზნეობრივი სახე შეინარჩუნა და შვილს ურჩია, მოფრთხილებოდა და შეენარჩუნებინა თავისი საუკეთესო ადამიანური თვისებები. "ალბათ, გარკვეულწილად ეს მოვახერხე კიდეც", – მოკრძალებით იღიმება ამიტაბჰი.
მოღვაწეობის ნებისმიერ სხვა სფეროში თავის გამოცდის მიზნით, ამიტაბჰი ერთ–ერთ ადგილობრივ რადიოსადგურში მოეწყო სამუშაოდ (სხვა წყაროების მიხედვით "All India Radio"-მ თავიდანვე კატეგორიული უარი უთხრა სამუშაოზე მიღებაში). მისი საფირმო "ხავერდოვანი" ბარიტონი ძალიან მოსწონდათ მსმენელებს, მაგრა, ჭაბუკს გული მაინც რაღაც უფრო მეტისკენ მიუწევდა. ამიტი გრძნობდა, რომ დიქტორის სარბიელზე თავის ნიჭს ვერ გამოამჟღავნებდა. კოლეჯის მეგობრები დაჟინებით იწვევდნენ მონაწილეობა მიეღო მათ ახალ შეშლილ პროექტში – ნადირთმჭერთა ბრიგადის შემადგენლობაში, რათა ადგილობრივი ცირკისთვის გარეული მხეცები მიეწოდებინათ. იდეა მომხიბვლელი ჩანდა, მონადირეებს კარგ ფულს უხდიდნენ, მაგრამ ჭაბუკ ბაჩანს ძალიან ეცოდებოდა ცხოველები. სიტუაცია გამოუვალი ჩანდა.
აჯიტაბჰმა, რომელიც ძლიერ უთანაგრძნობდა ძმას და გულწრფელად სურდა მისი დახმარება, დაახლოებით ორმოცდაათამდე ანკეტა რეზიუმე შეავსო. რამდენიმე ფოტოსურათი გადაუღო ამიტს და სხვადასხვა კინოსტუდიას გაუგზავნა, რითაც თავისდაუნებურად მომავალი ცოცხალი ლეგენდის პირველი იმპრესარიო გახდა. და აქ – უმცროსი ძმის დაჟინების წყალობით– ჩვენს გმირს პირველად გაუღიმა იღბალმა. მისმა უჩვეულო, დამამახსოვრებელმა გარეგნობამ სახელგანთქმული რომანტისტის, პროდიუსერისა და ჰინდი რეჟისურის ერთ–ერთი პატრიარქის ჰოჯა აჰმად აბასის ყურადღება მიიპყრო. ჩვენთვის ის ცნობილია "ავარას" და კურიოზული საბჭოთა–ინდური ერთობლივი ფილმის "მოგზაურობა სამი ზღვის იქით" კინოსცენარებით. კინოს მოყვარულთა საბედნიეროდ, აბასი, ამასთანავე ჰარივანშ რაის პირადი მეგობარიც აღმოჩნდა. როგორც ამბობენ ვაჟს სიტყვა დედიკო თეიჯიმაც შეაწია.
იმ დღეებში აბასი ისტორიულ დრამა "შვიდი ინდოელის/Saat Hindustani" გადასაღებად ემზადებოდა, რომლის მოქმედებაც პორტუგალიელი კოლონიზატორებისაგან გოას გათავისუფლების პერიოდში მიმდინარეობდა. ფილმის მოქმედი გმირები, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და სოციალური ჯგუფის მიუხედავად, ოდესღაც ერთად იბრძოდნენ ინდოსტანის ნახევარკუნძულის სამხრეთ–აღმოსავლეთის გასათავისუფლებლად. განშორებისას მათ პირობა დადეს, რომ ამის შესახებ მთელი სიცოცხლის მანძილზე ემახსოვრებოდათ, მაგრამ შინ დაბრუნებულები იშვიათად იხსენებდნენ წარსულს, რომელმაც მათი ბედი ერთმანეთს დაუკავშირა. თითოეულ მათგანს ახალი საქმეები და საზრუნავი გაუჩნდა. და აი, მრავალი წლის შემდეგ, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მათი კვლავ ერთად თავშეყრა ერთმა პარტიზანმა ქალმა, მარიამ ითავა. მასთან ჩასულმა მეგობრებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ მათი მეგობრობა უწინდებურად ცოცხლობდა. სურათში ბევრი პერსონაჟი იყო და რეჟისორი ახალ სახეებს ეძებდა, რომლებიც ჯერ კიდევ არ მობეზრებოდა მაყურებლის თვალს. ასე დაამტკიცეს ამიტაბჰი პოეტ მუსლიმის როლზე.
"შვიდი ინდოელი" ეკრანებზე 1969 წელს გამოვიდა და გაქირავებაში დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ ახალი მსახიობი შეამჩნიეს. ბევრმა პროდიუსერმა შეაფასა მისი ტალანტი და დაჟინებულობა, მაგრამ ამის მიუხედავად, საქმიანი მოლაპარაკებები მხოლოდ თავაზიანი ქათინაურებით შემოიფარგლებოდა. ბაჩანთან კონტრაქტების გაფორმებას არავინ ჩქარობდა. ამიტაბჰში რატომღაც ყველაფერი ეჭვს იწვევდა, მასში ყველაფერი არასწორი მოჩანდა: ზედმეტი სიმაღლე, ზედმეტად დაბალი ხმა; იმ ხანებში ინდურ ეკრანებზე მამაკაცური სილამაზის სულ სხვა სტანდარტები მეფობდა, ამიტომ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქებარ გამოხმაურებებს პრესაში და ჯილდოებს საუკეთესო დებიუტისათვის, საქმე მკვდარი წერტილიდან ჯერჯერობით არ იძროდა.


"ანანდი": პირველი წარმატება

ამიტაბჰ ბაჩანის ბრძოლა კინოინდუსტრიის მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად გრძელდებოდა, მაგრამ ამჯერად უკვე მუმბაიში, სადაც სამუშაოს მიტოვების შემდეგ გადაბარგდა. პარადოქსია, მაგრამ ბოლივუდის "ოცნებათა ფაბრიკის" მომავალ ცოცხალ ლეგენდას თავიდან ღია ცის ქვეშ უწევდა ღამის გათევა. ბოლოს მან გარკვეული დროით სახელგანთქმული კომიკოსის მეჰმუდის ნათესავ ანვარ ალისთან შეძლო დაბინავება. ამიტი საკუთარ ძმასთან აჯიტაბჰთანაც ცხოვრობდა იმ დრომდე, ვიდრე ერთ–ერთ გარეუბანში პატარა ბინის დაქირავება არ შეძლო. (ამიტაბჰი დღესაც იქ ცხოვრობს, მაგრამ უკვე რასაკვირველია, არა ჩვეულებრივ ბინაში, არამედ მდიდრულ ბუნგალოში.)
ბაჩანის კარიერა მხცოვანმა რეჟისორმა ჰრიშიკეშ მუქჰერჯიმ იხსნა, რომელმაც მოულოდნელად შესთავაზა როლი ფილმში "ანანდი/Anand" (ჩვენში ძირითადად ცნობილია სახელწოდებით "სიყვარული არასოდეს მოკვდება"), სადაც პირველი ვიოლინოს როლს ეკრანის მაშინდელი კერპი რაჯეშ ქჰანა ასრულებდა. შემდგომში ამიტაბჰმა ჰრიშიკეშთან განაგრძო თანამშრომლობა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: "სიამაყე/Ambhimaan" (1973), "შურისძიება/Turmana" (1979), "მილი/Mili" (1975). არ შეიძლება არ გავიხსენოთ 1975 წლის მშვენიერი კომედიური ჰიტი "უჩუმრად/Chupke Chupke", რომელიც გამორჩეული სიყვარულით სარგებლობდა ხალხში.
გვიამბობს ჰრიშიკეშ მუკჰერჯი: "ერთხელ, როცა შინ ვიწექი და ართრიტით ვიტანჯებოდი, ხოჯა აბასმა შემომიარა. თან ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი, მის "შვიდი ინდოელთაგან" ერთ–ერთი ახლდა. ცოტათი დაბნეული ჭაბუკი ზღურბლზე შეჩერდა და პირველი, რამაც გამაოგნა – მისი ჩაცვენილი თვალები და ლოყები იყო. ისეთი შესახედაობა ჰქონდა თითქოს ორი კვირა არაფერი ეჭამა. უცხო სტუმარი საშინლად მორცხვი და ისეთი მაღალი ჩანდა, მის შესათვალიერებლად კისრის წაგრძელება მომიხდა. და უცებ თავში რაღაცამ დამკრა.
ის არავის ჰგავდა – ძალიან სერიოზული იყო და მასში წარმოუდგენელი შინაგანი დაძაბულობა იგრძნობოდა. იმ ხანებში ჩემი ახალი ფილმის "ანანდის" სტრუქტურაზე ვფიქრობდი და სულ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ბაბუმოშაის როლზე ჩვეულებრივი შოკოლადისფერი მზეჭაბუკი არ გამომადგებოდა. ბაბუმოშაი ჩემს მთავარ გმირზე ბევრად ახალგაზრდა და გარეგნულად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ამიტომ, როცა აბასმა მითხრა, რომ ჭაბუკი ყველა სიკეთესთან ერთად ნიჭიერიც გახლდათ, მის შესათვალიერებლად დრო აღარ დამიკარგავს. ჩემთვის უკვე ისედაც ყველაფერი ცხადი იყო".
დოქტორ ბასკარის, მეტსახელად "Babumoshai"-ს (ამ მეგობრულ მეტსახელს თვითონ მუკჰერჯის მისი მეგობარი და თანამოაზრე რაჯ კაპური ეძახდა) როლს ამიტაბჰი პრაქტიკულად პირველივე დუბლიდანვე თამაშობდა, რითაც მაშინვე დაუმტკიცა რეჟისორს, რომ არ შეცდა, როცა ამ როლზე მეჰმუდი, (სხვათა შორის, ამიტის კარის მეზობელი) არ აიყვანა. ადვილი შესაძლებელია, რომ ზედმეტად სენტიმენტალური, მაგრამ სავსებით გასაგები ისტორია ისეთ თემებზე, როგორიც სიყვარული და სიცოცხლე, ავადმყოფობა და სიკვდილია, მოეწონა მაყურებელს, მაგრამ რაც მთავარია, მან ამიტაბჰს 1971 წელს მეორე პლანის საუკეთესო როლისთვის "Filmfare"-ის ქანდაკება მოუტანა. და თუმცა ამ ქალაქური მელოდრამის მთელი სიმძიმე რაჯეშ ქჰანს დააწვა მხრებზე, "ანანდის" შემდეგ ამიტაბჰს საქმიან წინადადებებთან თუ კონტრაქტებთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შექმნია.
მალე ბაჩანს ინდოეთის ყველაზე მოწინავე კინოგამოცემა "Filmfare"-ის კორესპოდენტების წინაშე მოუხდა წარდგომა. ჟურნალის ამასწინანდელ ნომერში განმეორებით იყო დაბეჭდილი მსახიობის პირველი ინტერვიუ და რა საოცარია იმის გაცნობიერება, რომ იყო დრო, როცა ამ მაღალ, შავგვრემან ჭაბუკს ცოტა ვინმე თუ იცნობდა მის მშობლიურ მიწაზეც კი. ამასობაში კი, უკვე იმ ხანებში, ამიტაბჰი მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობს და მსჯელობს:
"კინოწარმოებაში გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო. ღირსეულად გიწევს თავის დაჭერა და იმაზე ფიქრი, რა არის მცდარი. წარმატების მიღწევას გაიძულებენ, რადგან, ბოლოსდაბოლოს, მარცხს ჯერ არავინ შთაუგონებია. არსებობს უცნაური ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც "დისტრიბუტორები" ჰქვიათ სახელად. ისინი მოვალედ თვლიან თავს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ და სულ არ ანაღვლებთ, რომ ხელოვნება ფაქიზია და მათი გადაწყვეტილებებისაგან ხშირად იღუპება... მე, როგორც მსახიობს, მუდამ მაწუხებს ის აზრი რომ კარგ ფილმზე მეტად "წარმატებულ" სურათს ანიჭებენ უპირატესობას. აღარავინ მიისწრაფვის ეკრანზე დახვეწილი ადამიანური გრძნობების გამოხატვისაკენ... და ასეთ პირობებში მსახიობის პროფესია რთულია. თანაც, ყოველივე ამასთან ერთად, ის ჩვეულებრივ ბევრად უფრო მწვავედ განიცდის საკუთარ მარტოობას. ძნელია იმის აღქმა, როგორ ვიწროვდება მეგობრების წრე".
"ანანდს" მოჰყვა "რეშმა და შერა/reshma Aur Shera" (სწორედ ამ ფილმში – ბაჩანის მსახიობურ ნამუშევართაგან პირველში, რომელიც საბჭოთა გაქირავებაში გამოჩნდა, ჩვენმა თანამემამულეებმა პირველად იხილეს მსახიობი წარმოუდგენელი ფიზიკური ძალით დაჯილდოებული ყრუ–მუნჯის უჩვეულო როლში), "Parwana", "Pyar Ki kahani" "ბომბეიდან გოაში/ Bombay To Goa" და კინოსურათების უამრავი რაოდენობა , რომლებშიც ამიტაბჰს ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს სთავაზობდნენ. ამ სურათთაგან ყველა როდი ანაზღაურებდა დანახარჯს. შესაძლებელია მიზეზი ის იყო, რომ ამიტაბჰს სულ არ უხდებოდა ტრადიციული, რომანტიკულად შეყვარებული პერსონაჟის ამპლუა. განცდილი მარცხი ანერვიულებდა ახალბედა მსახიობს და პროფესიის არჩევანის სისწორეში ეჭვიც კი შეჰქონდა. ხოლო ფილმ "Bandle Haath"–ის (1973) გახმაურებული მარცხის შემდეგ ბაჩანი, რომელიც მძიმედ განიცდიდა ამ ფიასკოს, ყველაფრის მიტოვებას და სულაც შინ დაბრუნებას ფიქრობდა.
მაგრამ ძალიან მალე ეკრანებზე გამოვიდა სურათი, რომელმაც მარტო ამიტაბჰის კი არა, საერთოდ, ჰინდი კინოს მთავარ გმირზე წარმოდგენაც შეცვალა.


ახალგაზრდა და განრისხებული

დამწყები რეჟისორი პრაკაშ მეჰრა, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ გახლდათ ბოლივუდის მასალა ექშენის კლასიკოსი, თავის ახალი ფილმის "დაგვიანებული შურისძიება/Zanjeer" ვარსკვლავს ეძებდა. სცენარის ავტორები ამბიციური ლიტერატორები – სალიმ ქჰანი და ჯავედ აჰტარი გახლდნენ, რომლებიც, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, რამდენიმე მსხვილი ჰიტის, მათ შორის დაუვიწყარი "ზიტა და გიტას" შემქმნელები იყვნენ.
მაგრამ გადაღებების დაწყება ჭიანურდებიოდა იმის გამო, რომ ბოლივუდის მაშინდელ კერპებს დიდად არ ხიბლავდათ იმ პერსონჟის როლის თამაში, ვინც არ მღეროდა და ცეკვავდა, სანაცვლოდ კი დიდი დოზით აფრქვევდა მრისხანებას, რაც ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრამვის შედეგი იყო. შურისმაძიებელ ვიჯაის როლზე (სიტყვასიტყვით "გამარჯვებული", რაც შემდგომში სალიმ–ჯავედის სცენარული ტანდემის საფირმო მარკად იქცა) რიგრიგობით უარი თქვეს დჰარმენდრამ, დევ ანანდმა და რაჯ კუმარმა.
თითოეულ მათგანს კი საამისოდ საკუთარი მიზეზები ჰქონდა: დჰარამი გამუდმებით სხვა ფილმების გადაღებებზე იყო დაკავებული, "ვარსკვლავური ავადმყოფობის" მორიგი შეტევიუს გადამტანი დევ ანანდი აღშფოთებული გახლდათ, რომ სურათში არასაკმარისად იყო სიმღერები და დაჟინებით სთავაზობდა საკუთარ თავს პროდიუსერის რანგში. რაჯ კუმარი, რომელსაც პრინციპში მოსწონდა სცენარი, მოითხოვდა, ფილმის გადაღება და გაქირავება მადრასში შემდგარიყო.
სიტუაცია სახასიათო როლების შემსრულებელმა, შესანიშნავმა მსახიობმა პრანმა იხსნა, რომელმაც "დაგვიანებულ შურისძიებაში" გამოუსწორებელი დამნაშავე – შერჰანი განასახიერა. პრანმა სცენარი წაიკითხა თუ არა მაშინვე მთელი პროექტის დიდ გულშემატკივრად და ენთუზიასტად გადაიქცა. მან პრაკაშს ახალგაზრდა მსახიობის გასინჯვა და სურათის "ბომბეიდან გოაში" ნახვა ურჩია. ბაჩანისა და შატრუგჰან სინგჰის ორთაბრძოლის ფინალური ეპიზოდის შემდეგ ფილმში ამიტის მონაწილეობის საკითხი სურათის ჩვენების დასრულებისთანავე გადაწყდა.
"ამიტაბჰი იმ ემოციების გამო ავირჩიე, რომელთა გადმოცემაც მას მხოლოდ გამოხედვითაც შეეძლო. ამ ჭაბუკისთვის საკუთარი შსაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მიმეცა იმისდა მიუხედავად, რომ მისი შედარებით ადრეული ფილმები გაქირავებაში ჩავარდა", – გვიამბობს პრაკაშ მეჰრა.
"დაგვიანებული შურისძიების" გადაღებები მზარდი ისტერიის ვითარებაში მიმდინარეობდა. კოლეგები დასცინოდნენ რეჟისორს: "პრაკაში ძალიან "მხატვრულ" ფილმს იღებს!" მასხრად იგდებდნენ ამიტაბჰსაც: "ვინ არის ეს აყლაყუდა იდიოტი გმირი?" ეჭვქვეშ იდგა სურათში ჯაია ბჰადურის მონაწილეობის აუცილებლობა. დისტრიბუტორები უარს ამბობდნენ ამ წამოწყების დაფინანსებაზე და, ბოლოს და ბოლოს, გადამღებ ჯგუფს ფულთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა. გადაღებების ერთ–ერთ მომენტში ამიტაბჰმა თავი ვერ შიკავა და ატირდა. "არვიცი როგორ წარიმართება ჩემი მომავალი ამ ფილმის შემდეგ," – ჩიოდა ის რეჟისორთან. პრაკაში მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა, წარუმატებლობის შენთხვევაში, თვითონ ბევრად მეტს, თითქმის ყველაფერს კარგავდა, რადგან "დაგვიანებული შურისძიების" გადასაღებად, სხვაზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, საკუთარი კინოკომპანია დააარსა.
1973 წლის 20 მაისს "დაგვიანებული შურისძიება" ეკრანებზე გამოვიდა. პირველი ოთხი დღის განმავლობაში კალკუტაში სურათს წარმატება სდევდა თან, ბომბეიში კი ბილეთები ცუდად იყიდებოდა. ამიტაბჰი იმდენად ღელავდა, რომ სერიოზული ნერვული სტრესი მიიღო.
მაგრამ მეორე კვირის დასაწყისისთვის ნათელი შეიქმნა, რომ "დაგვიანებული შურიძიების" შeმქმნელები სულ ტყუილად ნერვიულობდნენ. რადგან მაყურებელი კინოთეატრებს აწყდებოდა, ხუთ რუპიად ღირებული ბილეთები კი გადამყიდველების მიერ, სულ ცოტა, ას რუპიად იყიდებოდა. "ასეთი რიგები ჩემს ფილმებზე არასოდეს მინახავს!" – დღემდე ვერ ფარავს გაოცებას პრაკაშ მეჰრა. და განა საჭიროა იმის აღნიშვნა, მთავარი როლები თავიდანვე სცენარით გათვალისწინებულ დჰარმენდრასა და მუმთაზს რომ განესახიერებინათ, საბოლოო ჯამში სულ სხვა კინო გამოვიდოდა. დღეს მსგავსი მსახიობური შემადგენლობა უკვე აბსურდად მოსჩანს.

და მაინც საიდან გაჩნდა ეს კილომეტრიანი რიგები?
რამ გამიწვია მთელი ეს აჟიოტაჟი?
საქმე ისაა, რომ ამიტაბჰმა სასწორზე დადო მთელი თავისი ნიჭი და უნარი (To Be Or Not To Be –ტყუილად ხომ არ თარგმნიდა მამამისი შექსპირს!), რისი გამოყენებაც სათანადოდ ვერ შეძლეს მისი ადრინდელი ფილმების რეჟისორებმა და კინოინდუსტრიას სრულიად ახალი სახე აჩუქა, ფესვებით რომ უახლოვდებოდა საუკეთესო ფილმებს ალენ დელონის მონაწილეობით და made in Gongkong ბოევიკების მოქმედ პირთა ასოციაციევსაც იწვევდა. მაშინ უბრალო ინდოელ მაყურებელს მსგავსი რამ არასოდეს ენახა, ბოლივუდში კი, მით უფრო, ასეთი გმირების ხსენება საერთოდ არ იყო.
პოლიციის ბოროტი ოფიცერი, რომელიც არც აპირებს თავისი სადისტური მიდრეკილებების დამალვას, სულაც არ ჰგავდა რაჯ კაპურის ყველასა და ყველაფრის მიმტევებელ "სქელუკებს" ან რაჯეშ ქჰანის საკუთარ თავში რწმენადაკარგულ, უკიდურესად ერთმნიშვნელოვან პერსონაჟებს. ბაჩანი გმირია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ადამიანი, რომელიც საგმირო საქმეებს სჩადის. გამარჯვებული ვიჯაი, რომელსაც ერთხელ, მაგრამ სამუდამოდ, აქვს სიყვარულის და მეგობრობის უნარი. თეთრი კოსტიუმი, ლეოპარდისეული სიარულის მანერა, კობრის ფოლადისებური მომნუსხველი მზერა, ამას დამატებული მგზნებარე მონოლოგები უსამართლოდ მოწყობილ საზოგადოებაზე. პატარა იყო ვიჯაი, როცა ბანდიტებმა თვალწინ გულგრილად დაუხვრიტეს მშობლები, და ახლა მხოლოდ მარტორქაჩამოკონწიალებული ძეწკვი (ორიგინალში "Zanjeer", ითარგმნება როგორც "ძეწკვი") შეახსენებს ხოლმე წარსულში გადატანილ ტრაგედიას. და თუ ორიოდე სიტყვით შეიძლება ყოველივე იმის განსაზღვრა, რასაც ბაჩანი "დაგვიანებულ შურისძიებაში" მოიმოქმედებს, მაშინ ამას დათრგუნული მრისხანება ეწოდება.
ინდოელმა მაყურებელმა, სანუკვარი ბილეთის შესაძენად ხშირად დონორთა პუნქტებში რომ აბარებდა სისხლს, რათა ეკრანზე სიკეთის ზეობა ეხილა, ფილმს ორივე ხელის აწევით დაუჭირა მხარი, რადგან იმ წლების ერთგვაროვანი, მტკნარი უნიათო დადებითი და ზედმეტად უფერული გმირები უკვე ყელში ჰყავდა ამოსული. ამ მხრივ მაყურებელს არც პრესა ჩამორჩა, თავგამოდებით უწევდა რეკლამას ბაჩანის ახალ იმიჯს და 60–იანი წლების "ახალი ტალღის" დროინდელი კინომეამბოხეების ანალოგიით, ვიჯაის "განრისხებული ახალგაზრდა მამაკაცი" უწოდა. შემდგომში კეთილშობილი შურისმაძიებელი ვიჯაის სახე (მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ის – განგსტერი, კანონის დამცველი თu სამართლიანობისთვის მებრძოლი მდაბიო) დიდი ხნით გახდება სცენარულ ტანდემ სალიმ–ჯავედის საფირმო ნიშანი. მაგრამ მსგავს სასტიკ, თუმც კი ცხოვრებისეულ, ფილმებს შორის "დაგვიანებული შურისძიება" პირველი იყო.
"სინამდვილეში ჩემი ფილმი ძალადობაზე კი არა, ადამიანის შინაგან კონფლიქტზეა, რომელსაც სისტემა ახრჩოპბს და ისიც მასთან თავისი მეთოდებით ბრძოლას ცდილობს. ვიცოდი რომ ჩემი სურათი ან ჩავარდებოდა, ანდა ტენდენციად იქცეოდა", – ამბობს დღეს პრაკაშ მეჰრა.
დრომ დაადასტურა რეჟისორის წინასწარმეტყველება. გაქირავებაში გამოსვლისთანავე ფილმი, მართლაც რომ ტენდენციად იქცა და მაყურებელში დღემდე ნერვიულ თრთოლვას იწვევს, რომელიც ყოველ ჯერზე ისევ ეკითხება საკუთარ თავს: შემობრუნდება თუ ვერა? გაუსწორდება ვიჯაი თავის მოსისხლე მტრებს თუ ვერა?


სიყვარული სიცოცხლეა


"დაგვიანებულ შურისძიებაში" ქალის მთავარ როლს ჯაია ბჰადური, მომავალში უკვე ჯაია ბაჩანი ასრულებს და მსოფლიო კინემატოგრაფი გარკვეულწილად სწორედ მას უნდა უმადლოდეს, რომ სალიმ–ჯავედისა და პრაკაშ მეჰრას სენსაციური პროექტი ბომბეის სერიული კინოწარმოების ბურუსში არ დაიკარგა.
ჯერ კიდევ ახალბედებმა კინოინდუსტრიაში, ამიტმა და ჯაიამ 1971 წელს ფილმ "დედოფალას/Guddi" გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი. რეჟისორი კვლავ ჰრიშიკეშ მუკჰერჯი გახლდათ. სიუჟეტს საფუძვლად ედო ჯაიას გმირი ქალიშვილის სიყვარული მეგავარსკვლავ დჰარმენდრასადმი, რომელის აქ რამდენადმე უტრირებულ საკუთარ თავს თამაშობდა. უბრალო, მოკძალებულ ჭაბუკს (რომელიც ბაჩანს უნდა განესახიერებინა და რამდენიმე სცენა მისი მონაწილეობით გადაიღეს კიდეც, მაგრამ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო მოგვიანებით ამ როლზე ბენგალელი მსახიობი სამით ბჰანჯო დაამტკიცეს) თავიდან ქალიშვილი არანაირ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ილუზიის სამყარო მტკიცედ ეჯაჭვება კინოოცნებების სამყაროს და ადრე თუ გვიან, ჯაიას გმირს უწევს იმის აღიარება, რომ ეკრანული გმირი ყოველთვის ასეთივე უნაკლო როდია რეალურ ცხოვრებაში.
საინტერესოა, რომ ჯაიას თავიდან ეშინოდა ახალგაზრდა მსახიობის, რომელიც მომეტებულ ყურადღებას იჩენდა მისდამი. "როგორ შეუძლია ასე უსირცხვილოდ მიყუროს?" - გამუდმებით ეკითხებოდა ქალიშვილი რეჟისორს და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიხვდა, რომ ასეთი დაჟინებული მზერა ამიტაბჰისათვის, როგორც მსახიობისა და პიროვნებისათვის ჩვეულებრივ იყო დამახასიათებელი: გარკვეულწილად, სწორედ ამ გამორჩეული გამოხედვის გამო იქცა "დიდი ბი" ჰინდი კინოს ყველაზე მაღალაზღაურებად მსახიობად.
"დაგვიანებული შურისძიების" კასთინგისათვის ორივე მსახიობი უკვე ყურებამდე იყო შეყვარებული. სიტუაციას ართულებდა ის, რომ იმ მომენტისათვის ჯაია ბოლივუდში უკვე წარმატებულ, ჩამოყალიბებულ მსახიობად ითვლებოდა. უბრალო და უმანკო მეზობელი გოგონას "next door girl" მისეული იმიჯი ზედმიწევნით მოსწონდა 70 -ანი წლების დასაწყისის მაყურებელს, რომელსაც ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა შარმილა თაგორი, მინა კუმარი და "სარიში გამოწყობილი სხვა სევდიანი ქალბატონები" ადრეული წლების ცრემლიანი კინომელოდრამებიდან. ასე იყო თუ ისე, სწორედ ჯაია გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიზანმიმართულად მოითხოვდა რომ "Zanjeer"-ში მთავარ როლზე ბაჩანი გაესინჯათ. დანარჩენი კი უკვე ინდური კინემატოგრაფის ქრესტომათიებში შეგიძლიათ წაიკითხოთ.
"დაგვიანებულ შურისძიებაში" ჯაია გარკვეულწილად შეეცადა თავისი "ამაყი და შეუმცდარი" სახიდან გათავისუფლებას (ჩვეულებრივ, მას იმ უმწიკვლო ქალიშვილების ტრადიციულ როლებს სთავაზობდნენ ხოლმე, რომლებიც შეიძლება "მაშინვე მშობლებს წარუდგინოთ") და ეკრანზე ცოცხალი და მხიარული გარეუბნელი ქალიშვილის ხორცშესხმას. ასეთი გმირების თამაშს იმ წლებში კერ კიდევ განაგრძობდა შეუდარებელი მუმთაზი, გარკვეული დროის შემდეგ კი მსგავსმა "სოფლურმა" ტიპაჟმა დამსახურებული წარმატება მოუტანა რექჰას. ჯაია ბჰადურის შემთხვევაში შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ეკრანზე ქალიშვილი იმდენად სიცოცხლით სავსე და მხიარული მოჩანდა, რამდენადაც გულჩათხრობილი და საკუთარ განცდებში ჩაღრმავებული იყო ბაჩანის გმირი. შესანიშნავად გამოიყურებოდა ჯაია მუსიკალურ-საცეკვაო ნომრებშიც. ჰინდი კინოს სპეციალისტები, მიმომხილველები დღემდე მათ დუეტს პრაკაშ მეჰრას პირველი საყოველთაოდ პოპულარული ფილმიდან "opposites attract" - საპირისპირო მხარეთა მიზიდულობის თვალსაჩინო ნიმუშად მიიჩნევენ.
ამიტაბჰისა და ჯაიას ქორწინება 1973 წლის 2 ივნისს, ეკრანებზე "დაგვიანებული შურისძიების" (რომელმაც მთელი სამი ათეული წლით წინასწარ განსაზღვრა ბოლივუდის ფილმების მთელი თემატიკა) გამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ შედგა და ამ "ვარსკვლავურმა" ღონისძიებამ პრესის ყურადღება მიიპყრო, დაწვრილებით აისახა მაღალი წრის ქრონიკებში და კინობიზნესში ორივე მსახიობის შემდგომ წარმატებას გვარიანად შეუწყო ხელი.

მალე ბედნიერ წყვილს შვილებიც შეძინა: ჯერ ვაჟი აბჰიშეკი (1976 წლის 5 თებერვალი), მერე - ქალიშვილი შვეტა. აბჰიშეკმა პატარაობიდანვე მშობლების გზით სიარულის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მისი სვლა მაყურებელთა გულებისკენ რთული აღმოჩნდა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჭაბუკი თავისი სახელგანთქმული მამის დიდების ჩრდილქვეშ იმყოფებოდა და მას "დიდი ბის" თამაშის მანერის გადაღებაში პირდაპირ ადანაშაულებდნენ.
"ასე ხომ სპეციალურად არ ვიქცეოდი, - მთელი ძალით ცდილობს თავის მართლებას აბჰიშეკი. -უბრალოდ ძალიან ვგავარ მამაჩემს. ხმაც კი ერთნაირი გვაქვს! მისი ვაჟი ვარ და მისი ნაკვთები ჩემს გენებშია ასახული. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვეცადო, ვიცი, რომ ვერასოდეს მივაღწევ იმ სიმაღლეებს, რომლებიც მან დაიპყრო, მხედველობაში მისი თამაში, პოპულარობა და თაყვანისმცემლები მყავს. არ შეიძლება ქვეყნად მეორე ამიტაბჰ ბაჩანი არსებობდეს... ეს არასოდეს მოხდება, არასოდეს!"

როგორც ჩანს, თანდათანობით ეს მაყურებელმაც გააცნობიერა, რომელმაც აბიშეკში მარტო სუპერვარსკვლავის ოჯახiდან გამოსული ჭაბუკი კი არა, ერთ-ერთი ახალი საინტერესო მსახიობიც დაინახა. და თუ ადრე მას, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ ხანმოკლე ეპიზოდურ როლებზე იწვევდნენ, როგორც მაგალითად, სურათებში: "სისხლის მაგია/Rakht" ანდა "შენ და მე/ Hum Tum", ახლა ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდა მსახიობს შესწევს უნარი, ეკრანული დროის მთელი სამი საათის განმავლობაში თავისი პერსონაჟისადმი მიიქციოს მაყურებლის ყურადღება. მას შემდეგ, რაც წარმატებით ითამაშა ტრიუკებითა და დევნებით დახუნძლულ ახალგაზრდულ ბოევიკში "ბაიკერები/ Dhoom", აბიშეკმა ირწმუნა საკუთარი ძალების და განაცხადა, რომ შემდგომშიც "მაგარი" ბიჭების თამაშს განაგრძობდა. ახალგაზრდა კაცისთვის ყველაზე მძიმე გამოცდად... ერთ კადრში მამასთან ერთად გამოჩენა იქცა, ვისთან ერთადაც მანამდე მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო რგოლში გახლდათ გადაღებული. ჭაბუკმა ამასაც გაუძლო და ისეთ ფილმებში ითამაშა, როგორიც: რაჯკუმარ სანტოშის "შეუხორცებელი იარა/Zakhm" და რამ გოპალ ვარმას "კანონიერი ქურდია/Sarkar". არც ისე დიდი ხნის წინ ეკრანებზე გამოვიდა კომედიური სურათი "ბანთი და ბაბლი/Banti Aur Babli" (2005) პოლიციელის შესახებ, რომელიც ჭკვიან და მოხერხებულ ქურდებს უდგას კვალში. ამ ფილმში აბჰიშეკი ისევ ამიტაბჰთან თამაშობს.
იმ ფაქტში, რომ ბაჩანების კლანი ასე მყარად დგას ფეხზე, რასაკვირველია, საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ჯაიას. ლეგენდარული "შურისძიება და კანონის/Sholay " (1975) შემდეგ ის სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა ეკრანებზე, მას შემდეგ კი, რაც ნახევრად ავტობიოგრაფიულ "სასიყვარულო კავშირში/Silsila" (1981) ითამაშა, საერთოდ წავიდა დიდი კინოდან, თუმცა უსაქმოდ არ დამჯდარა და საბავშვო კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ, რაც უნივერსალური საბავშვო კინოს მთავრობისეული პროგრამა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ("ის, რაც შვიდი წლის ბავშვს მოსწონს, უინტერესოა თოთხმეტი წლის მოზარდისათვის", - ლოგიკურად ამტკიცებდა ჯაია), მან ამ ორგანიზაციის ტრანსფორმირება შეძლო და საბავშვო ფილმების ინდუსტრიაში პატარა რევოლუცია მოახდინა.
გარდა ამისა, ჯაია წარმატებით მუშაობდა ტელევიზიაში, მისი პროდიუსერობით სერიალს "წინ გაიხედე, ძმაო/Dekh Bhai Dekh" 90-ანი წლების შუახანებში მთელი ინდოეთი უყურებდა; წარმატებული გამოდგა მისი სცენარი ფილმისათვის "შაჰინშაჰი/Shahenshah" (1988). მის მიერ სპეციალურად მეუღლისათვის დაწერილი, ოცკილოგრამიან საჭურველში გამოწყობილი იდუმალი ღამეული შურისმაძიებლის როლი, მავანთა აღიარებით ამიტაბჰის ერთ-ერთ წარმატებულ ეკრანულ სახედ ითვლება.
ჯაია გვერდით ედგა ქმარს მძიმე ტრამვისაგან გამოჯანმრთელების პერიოდში, რომელიც მსახიობმა "მებარგულის" გადაღებებზე მიიღო; პოლიტიკური ტრიუმფის დღეებში, როცა ამიტ-ჯიმ არჩევნებში გაიმარჯვა და პარლამენტში აირჩიეს და ფინანსური კრახის ურთულეს წუთებშიც, რაც კომპანია "ABCL"-ის გაკოტრებამ გამოიწვია. სხეულდამძიმებული, მაგრამ უწინდებურად ეშხიანი მზერის მქონე ახლა უკვე ბებია ჯაია, მეუღლისა და შვილებისადმი თავისი უსაზღვრო ერთგულებით კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმ სიტყვების ჭეშმარიტებაში, ამიტაბჰის ერთ ადრეულ ფილმს რომ ერქვა სახელად - "სიყვარული - სიცოცხლეა".


ვიჯაი, სიკანდარი, ანტონი

მომდევნო წლები ძალიან წარმატებული მარტო ამიტაბჰისათვის კი არ გამოდგა, არამედ რაღაც საშუალო არითმეტიკულისმაგვარი ჩამოაყალიბა "ვერცხლის საუკუნის" წარმატებული ინდური კინოსთვისაც ("ოქროს საუკუნის" ანალოგიურად, როცა ეკრანებზე რაჯ კაპურს, სუნილ დათს და დილიპ კუმარს მიჰყავდათ მეჯლისი.).
ის, რასაც ამიტბჰი უკვე მომდევნო ფილმებში თამაშობს, სალიმ-ჯავედის მიერ გამოგონილი "განრისხებული ახალგაზრდა მამაკაცის" ხასიათის განვითარებას წარმოადგენს. მაგრამ ამიტაბჰი ფრთხილად ლავირებს ამ სახით, რის შედეგადაც 70-ანი წლების მის გმირებს შორის ერთმანეთის მსგავსებს პრაქტიკულად ვერ შეხვდებით.
ბაცანი აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს ჰრიშიკეშ მუკჰერჯისთან და არასოდეს ივიწყებს, რომ სწორედ ამ კინემატოგრაფისტის წყალობით მიაქცია მას საზოგადოებამ პირველად ყურადღება. ასე მაგალითად, 1973 წელს დიდი პოპულარობით სარგებლობდა მუკჰერჯის ფილმი "Namak Haraam". "რაჯეშ კჰანს აღარაფერი ესაქმებოდა კინოში!" "ბოლივუდის მეფის მანტია ამიერიდან ბაჩანს ეფინა მხრებზე!" - მძვინვარებდა პრესა. არადა სულ ცოტა ხნით ადრე ამ ორი ვარსკვლავის შედარებისას, ჟურნალისტები გესლიან ეპითეტებს არ იშურებდნენ ამიტაბჰისთვის და მას "უიღბლოდ", "ჩხუბში ნაცემ ძაღლად" მოიხსენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბაჩანი ყოველთვის პატივისცემით ექცეოდა თავის ყოფილ მთავარ კონკურენტს, რაჯეშს. ინტერესით ადევნებდა თვალს მის შემოქმედებას და რეპორტიორების ყველა პროვოკაციულ გამოხდომას გულგრილად პასუხობდა: "დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს!" მაგრამ იმ რეჟისორების გახსენებისას, ვისთანაც ყველაზე მეტად საინტერესო იყო მუშაობა, ამიტაბჰი დღესაც ღრმა პატივისცემით მოიხსენიებს ჰრიშიკეშ მუკჰერჯის, რომელიც მას ვარსკვლავურ ორბიტაზე გასვლაში დაეხმარა, ასევე პრაკაშ მეჰრას, მანმოჰან დესაის, სალიმ-ჯავედის სცენარებით გადაღებულ ყველა ფილმს და შდარებით ახალგაზრდა ტინუ ანადსა (რომელიც ასევე ცნობილი გახლავთ, როგორც "ნაძირალათა" როლების ვირტუოზული შემსრულებელი) და მეკულა ანანდს, რომელმაც 80-ანი წლების მეორე ნახევარში, "ექშენ" ჟანრის დაღმავლობის პერიოდში, ჰინდი კინოს უწინდელი თემებისა და იდეალებისადმი ერთგულება შეინარჩუნა.
სალიმი და ჯავედი თავიანთ კარგად ჩახვეულ "ფეთქებად" სცენარებს ამიერიდან მიზანმიმართულად - მხოლოდ ამიტაბჰისათვის წერდნენ. სამწუხაროდ, უკვე მივიწყებული დეტექტივი "იძულებითი გარემოებანი/Majboor" (1974) - გემოვნებიანი, ძალიან ევროპული ფილმი, რომელიც თავისი სიუჟეტით პიტერ ბუალოსა და ტომ ნარსეჯაკის "დაძაბული მოლოდინის რომანებს" მოგაგონებთ: მოკრძალებული და ღატაკი ჭაბუკი რავი, რომელიც ვარაუდობს, რომ უკურნებელი სენით არის ავად, სხვის დანაშაულს იღებს საკუთარ თავზე იმ იმედით, რომ "მკვლელის" თავისთვის დაწესებული ჯილდო მის დამშეულ ოჯახს როგორღაც თავის გატანის საშუალებას მისცემს. მაგრამ სასწაული ხდება და წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გმირი განიკურნება. მოულოდნელად ირკვევა, რომ ახლა სიკვდილი სულაც არაა სავალდებულო და რავი იძულებულია, დამოუკიდებლად დაიწყოს გამოძიება. ამ ფილმში ბაჩანი კვლავ პრანთან ერთად თამაშობს, ვისთანაც შესანიშნავი მსახიობური დუეტი შექმნა "დაგვიანებულ შურისძიებაში".
მაგრამ დაპყრობილი სიმაღლეებით უკმაყოფილი სალიმ-ჯავედი და ამიტაბჰი მომდევნო წელს კლასიკურ განგსტერულ საგა "კედელს/Deewar" (რეჟისორი იაშ ჩოპრა) უშვებენ, რომელიც ორი ღვიძლი ძმის - პოლიციელისა და ბანდიტის მეტოქეობის სიჟეტის ვარიაციას წარმოადგენს. მსგავსი ისტორია ჯერ კიდევ "განგა და ჯამნაში/ Gangaa Jamunaa" (1961) იყო გამოყენებული დილიპ კუმარის იმ საპროგრამო ფილმში, რომლის მიხედვითაც რეჟისორულ დაოსტატებას სწავლობდნენ სწორედ ის კინემატოგრაფისტები, მოგვიანებით თავიანთ ფილმებში რომ იღებდნენ ამიტაბჰ ბაჩანს. მაგრამ საკმარისია, პრობლემატიკით მსგავსი ეს ორი სურათი ერთმანეთს შევადაროთ, რომ მათ შორის არსებული უზარმაზარი სხვაობა დავინახოთ.
სოფლის ანტურაჟის, ღატაკი და უკიდურესად მიშვებული ადგილმდებარეობის ფონზე მოვლენათა განვითარების ნაცვლად, აქ დიდი ქალაქი, საპორტო დოკები, სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის არსებული გადაულახავი ზღვარი და როგორც ყოველივე ამის შედეგი - მდიდრების მიმართ მწვავე კლასობრივი სძულვილი გვხვდება. დილიპ კუმარის გმირი, დევნით გატანჯული და დაჭრილი განგა მართლმსაჯულებას ტყეში ემალება. ვიჯაი-ბაჩანი კი "კედელში" საერთოდ არ თვლის საჭიროდ ვინმეს დაემალოს. თავის უცვლელ თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი ყოფილი კული ბედნიერი 786 ნომრით ვეფხვივით დასეირნობს ქალაქისჯუნგლებში, ქარის მოტანილი ფულით მრწყინავ ინტერიერებში ატარებს დროს და საკუთარი შეხედულებებისამებრ, სამართლიანად გამოაქვს განაჩენი იმ სამართლიანობით, რომელიც ასე მოენატრა ინდოელ მაყურებელს. და კვანძის ბედნიერად გახსნის ნაცვლად, პრინციპით "უფალი მანქანიდან', სიკვდილი გვევლინება იმის დასტურად, რომ სიკეთე ყოველთვის შეიარაღებული უნდა იყოს".


ამიტაბჰის როლი "კედელში" საზოგადოების და თავად მსახიობის მიერ მოგვიანებით "უარყოფითად" იქნა შეფასებული, რადგან მის პერსონაჟი, რაც არ უნდა იყოს, მაინც ბანდიტია. მაგრამ როცა ფილმის ფინალში გმირი ტყვიით განგმირული იღუპება, ხვდები, რომ განგსტერი ერთადერთია, ვინც ამ "სასტიკ და ფლიდ სამყაროში" თანაგრძნობას იმსახურებს. "კედელმა" გაამყარა ამიტაბჰის, როგორც დრამატული და ტრაგიკული მსახიობის რეპუტაცია.
"რევოლუციამდელი" კინოსაგან ("დაგვიანებულ შურისძიებამდე") მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება ძალადობის ხაზგასმულად უტრირებული ასახვაა: სასტიკი ჩხუბის სცენები, ცემა-ტყეპა, ორმხრივი სროლები ზედმიწევნით მიახლოებულია "სინამდვილესთან".
ეს უფრო მეტად მაინც ქორეოგრაფიაა, ვიდრე ნამდვილი ჩხუბი და დანების ტრიალი, - აღიარებს ამიტაბჰი კინოკრიტიკოსთან საუბრისას, როცა ბოლივუდში თავისი კარიერის დასაწყისის ნათელ მომენტებს იხსენებს. - მათ როგორც ცეკვას ისე ვიგონებდით. ამერიკული კინოსაგან განსხვავებით სადაც ძალადობა ნატურალისტურია, ანდა ჰონგკონგურისაგან, სადაც საბრძოლო ხელოვნების ტექნიკას უჩვენებენ, - მაინც არარსებული, განუხორციელებელია. ეს უფრო ერთგვარი ფანტაზიებია ჩხუბის შესახებ.
ნამდვილი კრიზისი მაშინ დადგა, როცა პაკისტანი ინდოეთს ეყოფოდა. მაგრამ დამისახელეთ თუნდაც ერთი ფილმი, რომელშიც იმ წლების ტირანიის რომანტიზება ხდებოდა? კიდევ იცით რას გეტყვით: ბიჰარის შტატი, სადაც ძალადობისა და არეულობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ ინდოეთში, ერთ სულ მოსახლეზე კინოთეატრების ყველაზე დაბალი პროცენტით გამოირჩევაა. მგონი ღირს ამაზე დაფიქრება!"
ტრაგიკული თემა განგრძობილი იქნა დრამაში "ბედის მბრძანებელი/Mugaddar Ka Sikandar" (1978, რეჟისორი პრაკაშ მეჰრა), სადაც ამიტაბჰი საზოგადოების უღატაკესი ფენებიდან, ჯურღმულებიდან გამოსულ ჭაბუკს სიკანდარს (გმირის სახელი ისევე როგორც ვიჯაი, აქაც "გამარჯვებულს" ნიშნავს) თამაშობს. სიკანდარი ამაყად და თავდაჯერებით შედის დიდ ცხოვრებაში, რადგან იცის, რომ ადამიანი თავადაასაკუთარი ბედნიერების მჭედელი, თუმც კი სრულიად შემღხვევით, გადაულახავი ვითარების გამო იღუპება.
და რასაკვირველია, არ შეიძლება გავიხსენოთ ჯაის შესანიშნავი როლი ლეგენდარულ ფილმ "შურისძიება და კანონში/Sholay" (1975), ეპიკურ ვესტერნში, რომლის შესახებაც უკვე დიდი ხანია ათობით გამოკვლევა და მონოგრაფიაა დაწერილი. თუმცა საბოლოო ჯამში, არც ერთ მათგანს არ ძალუძს შედევრის ჯადოსნური ზემოქმედების ახსნა. გავრცელებული აზრის თანახმად, ეს საეტალონო ნაწარმოები ყველა დროისა და ხალხების საუკეთესო ბოლივუდურ ფილმადაა მიჩნეული და ჩვენს ქვეყანაშიც ბაჩანმა საყოველთაო-სახალხო სიყვარული სწორედ ამ, საბჭოთა გაქირავებაში, სამწუხაროდ, უმოწყალოდ დაჩეხილი ფილმის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.
აქ რეჟისორი რამეშ სიპი და კვლავ სცენარისტები სალიმი და ჯავედი (რამეშთან ამ ჭაბუკებმა ჯერ კიდევ "ზიტა და გიტას" დროს იმუშავეს) არასახუმაროდ დაფაცურდნენ. "შურისძიებამ და კანონმა" თავი მოუყარა ყოველივე პროგრესულს რაც მსოფლიო ჟანრულ კინოში იმ დროისათვის არსებობდა. ინსპექტორ ტჰალურის ოჯახის დახვრეტის საკვანძო სცენა კი სულაც სერჯიო ლეონეს ვესტერნის "ერთხელ ველურ დასავლეთში" ანალოგიური ეპიზოდის განმეორებას წარმოადგენს. "ცივილიზებულ" სამყაროში გადაღებებისადმი ამგვარ მიდგომას პლაგიატს უწოდებენ, მაგრამ სიპის კეთილშობილურ ზრახვებში ეჭვის შეტანას არ ვაპირებთ, რადგან მას, ალბათ ნაკლებგათვითცნობიერებული ინდოელებისთვის მსოფლიო ეკრანის მიღწევების ჩვენება სურდა.
და რაც ნაკლებაა გახმაურებული და ნამდვილი აღმოჩენა შეიძლება გახდეს მათთვის ვინც "Sholay"-ში სიუჟეტური სვლების აბსოლუტურ სიახლეზე დაჟინებით მიუთითებს, ვეტყვით, რომ სურათის ზოგიერთი ეპიზოდი თითქმის დაუშვებელი სიზუსტით იმეორებს რეჟისორ რაჯ კჰოსლას მიერ ოთხი წლით ადრე გადაღებულ ფილმს "ჩემი სოფელი ჩემი სამშობლოა/Mera Gaon, Mera Desh": იგივე ღატაკი სოფელი, იგივე გაუბედურებული, შეშინებული გლეხები, მხეცური, ბანდიტური განუკითხაობა და კიდევ უამრავი მსგავსი დეტალი. სხვაობა იმაშია, რომ რაჯ კჰოსლას სურათში სამართლიანობისათვის ბრძოლა მხოლოდ დჰარმენდრას უხდება; სიპის ფილმში კი მხიარულ ვირუს, დჰარმენდრას გმირს, ბედი მეწყვილედ ერთგულ მეგობარს ჯაის უგზავნის, ვისაც თამაშობს კიდეც ამიტაბჰ ბაჩანი.


დჰარმენდრას გმირი სურათში "ჩემი სოფელი ჩემი სამშობლოა", რასაკვირველია, ცოცხალი რჩება, რადგან ამ მსახიობის მიერ მთელი მისი კარიერის მანძილზე შექმნილი ეკრანული სახეები მოვლენათა ტრაგიკულ აღსასრულს არ გულისხმობს. ამიტაბჰის მიერ განსახიერებული ჯაი კი, მოღუშული ჭაბუკი, ორჭოფულ საკითხებში ყოველთვის მონეტას რომ აგდებს, რომლის ორივე მხარეზეც "რეშკა" ამოდის, შეუძლებელი იყო, ამ უთანასწორო ბრძოლაში არ დაღუპულიყო. და მის ამ სიკვდილში, რამაც აიძულა ინდოელები, კინოთეტარის ფოიეში უარი ეთქვათ "პოპ-კორნისა და "პეპსი-კოლას" შეძენაზე (ამ პროდუქტებზე მოთხოვნის კლება, ის ფაქტი რომ მაყურებელი იმდენადაა შეპყრობილი ეკრანზე მომხდარით, ჭამა-სმა ავიწყდება, უტყუარი დასტურია იმისა, რომ ფილმი ჰიტს წარმოადგენს), კინოთეატრ "მინერვის" წინ (სადაც ფილმის პრემიერა მიმდინარეობდა) მდებარე ავტობუსის გაჩერებისთვის სახელი გადაერქმიათ და მისთვის "Sholay" ეწოდებინათ, იფარება კიდეც რამეშ სიპის შედევრის პოპულარობის მთავარი მიზეზი.
ინდოელი რეჟისორები პერიოდულად ცდილობენ, "შურისძიება და კანონის" წარმატებას გამოჰკრან ხელი და ფილმის კოლიზიების გამეორებას სიზუსტის სხვადასხვა ხარისხით მიმართავენ. ჩვეულებრივ, ამ ხერხს რეგიონალური ავტორები იყენებენ, რომლებიც დიდ დროს არ ხარჯავენ ახალი სიუჟეტური სვლების გამოგონებაზე. კინემატოგრაფიის ისტორიასი შესამჩნევი კვალი დატოვა ბ. სუბჰაშის კურიოზულმა სურათმა "ბრმა გრიგალი/Aandhi Toofan" (1985), ვირუსა და ჯაის შათრუგჰან სინჰი და მითჰუნ ჩაკრაბორტი ასახიერებენ, სანჯივ კუმარის ნაცვლად კი ... ჰემა მალინი თამაშობს! არც ისე დიდი ხნის წინ "Sholay"-ს ფაბულის საკუთარი ვერსიის დამუშავება თანამედროვე ინდური კინოს ერთ-ერთმა წამყვანმა ოსტატმა, თვით რამ გოპალ ვარმამ მოინდომა.მისი ჩანაფიქრი თავხედური გახლდათ: დღევანდელ ამიტაბჰს ეკრანზე ჯაი კი არა გაბარი უნდა გაეცოცხლებინა, თითონ მოქმედება კი სოფლიდან მეგაპოლისში გადაინაცვლებდა. ამბიციურ პროექტს, რომელსაც, საბოლოო ჯამში, "Ki Aag" ეწოდა სახელად, დაუშვებლად დიდხანს იღებდნენ, მსახიობთა შემადგენლობა გამუდმებით იცვლებოდა, დროდადრო ამბოხს აწყობდა ტექნიკური პერსონალი, რომალსაც ვარმა ფულის გადახდაზე უარს ეუბნებოდა. საბოლოოდ "შურისძიება და კანონის" ძნელადსაცნობი განახლებული ვერსია ინდოეთის ეკრანებზე 2007 წელს გამოვიდა... და კინემატოგრაფიული სამყარო გამანადგურებელი მარცხით გააოგნა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა არ შეიძლება.
ლეგენდარულ ჯაიზე ნაკლებ გნწირული, მაგრამ არანაკლებ დრამატული სახეები შექმნა ბაჩანმა საკულტო კინემატოგტაფისტის მანმოჰან დესაის საოცარ ფილმებში. ის რეალობა, რომლის დანახვაც ფანჯრიდან ან ქუჩაში გასვლით შეიძლებოდა, როგორც ჩანდა რეჟისორს დიდად არ ხიბლავდა.
ამიტომაც ძლიერ გნვითარებული წარმოსახვის მოშველიებით, დესაიმ, უფერული ყოველდღიურობის ნაცვლად, საკუთარი სამყარო შექმნა: ზღაპრული, რამდენადმე უტრირებული, მაგრამ არაჩვეულებრივად მიმზიდველი ძალის მქონე., და (იშვიათი გამონაკლისის გარდა) სამართლიანობის გარდაუვალი ზეობით ფინალში. კეთილი დასასრული ჯილდოა გმირებისათვის ყველა იმ განსაცდელის გამო, რაც მათ მთელი ფილმის მსვლელობის დროს გადაიტანეს. დესაის სურათების სიუჟეტები ძნელად ექვემდებარება თხრობას, მათში ხშირად შეიძლება მოვლენათა მსვლელობის ძაფის დაკარგვა. თავად ამიტაბჰის მახვილგონივრული განმარტებით: "მანმოჰან დესაის ფილმების ცქერისას, მაყურებელი "ამერიკულ გორაკებზე" რუსული რულეტის " მოთამაშედ გრძნობს თავს - იმდენად მოულოდნელია ბედის კულბიტები ამ სურათებში". ამიტაბჰ ბაჩანი კი თავისი ფართო არტისტული დიაპაზონით ნამდვილი განძი აღმოჩნდა რეჟისორისთვის. მანმოჰან დესაის შეშლილი, დროში გაწელილი კინორომანები, ყველა სიკეთესთან ერთად, ულევ შესაძლებლობას იძლეოდა ამიტაბჰის კომედიური უნარის სრულად გამოვლენისათვის. "ამარ, აკბარ, ანტონი/Amar Akbar Antony" (1977) და უფრო გვიანდელ, მაგრამ ბევრად წარმატებულ "ბედში/Naseeb" (1981) დაძაბული მოქმედება ძალიან სასაცილო ეპიზოდებს ენაცვლება, რომელთა ენით გადმოცემაც შეუძლებელია. ამიტომ აჯობებს, ხელი დაავლოთ კასეტას ან დისკს და ისიამოვნოთ იმ ექსტაზით, რითაც ბაჩანი ამ უაზრო, მაგრამ მისთვის უზომოდ საყვარელი სიცოცხლის სხვადასხვა მომენტებს ამარცხებს. მანერას, რითაც ამიტაბჰი ლეგენდარულ ანტონი გონსალვესსა და ოფიციანტ ჯონ-ჯანი-ჯენერდანს თამაშობს "ბედში", შეიძლება "აგრესიული რომანტიზმი" ვუწოდოთ. გამორჩეულ ქალიშვილს უნდა შევხვდე. მსურს ანგელოზები თვითმფრინავით მოფრინდნენ და ჩემი სულის აეროდრომზე დაეშვნენ!" - მეტყველებს ბაჩანის პირით ანტონი.
ამ თვითმყოფადი ოსტატის ფილმებში ამიტაბჰი სიამოვნებით ავლენს მისეულ უნარს, მით უფრო, რომ გადაცმისა და მასკარადის სცენები (მტრების გაბრიყვების მიზნით) ამ რეჟისორის ფილმების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. და ს რულიად დაუჯერებელია, რა სისწრაფით გადადის ბაჩანის პერსონაჟი "ყველასათვის საყვარელი და ახლობელი ანტონი, ჯურღმულების გმირი" თავდაჯერებულობიდან - "ჩემს სულში უკვე აწკრიალდა ზანზალაკები!", ღრმა დაბნეულობაში: "ის წავიდა, მაგრამ ახლახან ხომ აქ იყო..." ხასიათის ამგვარი ვირტუოზული ცვლილებანი მხოლოდ დიდ მსახიობს თუ ხელეწიფება, და სწორედ ამიტომაც აღინიშნა ანტონი გონსალვესის როლი "filmfare" -ის ჯილდოთი.
ბაჩანის მიერ დესაის ფილმებში განსახიერებული როლების თაობაზე ჯერ კიდევ გვექნება საუბარი, რადგან რეჟისორი აქტიურად განაგრძობდა ჩვენი გმირის გადაღებას მთელი 80-ანი წლების განმავლობაში. ამ ვრცელი თავის დასასრულებლად კი უპრიანი იქნება, დესაის გამონათქვამის ციტირება მოვახდინოთ: "ამიტაბჰის გამოჩენამდე ჩვენი კინოს ყველა გმირი, სამწუხაროდ, მეტნაკლებად იმეორებდა რაჯ კაპურის თამაშის სტილს. რაც შეხება დღვანდელობას, შემიძლია გითხრათ, რომ წამყვან ინდოელ მსახიობთა საერთო რეიტინგში მტლს პირველ ათეულს, პირველიდან მეათე ადგილის ჩათვლით... ამიტაბჰ ბაჩანი იკავებს".
თუ გავითვალისწინებთ, რომ მანმოჰან დესაის შედარების საშუალება ნამდვილად ჰქონდა (ამიტაბჰამდე ის ნამდვილა ვარსკვლავებთან: რაჯეშ ქჰანასთან, დჰარმენდრასთან, ჯიტენდრასთან, მუმთაზთან და ზინათ ამანთან მუშაობდა), ეს განცხადება არ შეიძლება შთამბეჭდავად არ მოგვეჩვენოს.

მილიონწახნაგიანი ბრილიანტი


"ინდოეთის ბრილიანტი / Diamond of India" - ამ საპატიო ტიტულით ამიტაბჰ ბაჩანი გასულ წელს ჰემოლოგიის (მეცნიერება ძვირფასი ქვების შესახებ) საერთაშორისო ინსტიტუტმა დააჯილდოვა. და თუ ბაჩანის ფილმების სცენარებში ჩაწერილი პერსონაჟები თავისებურ ალმასებს წარმოადგენენ, მაშინ მათ მოწახნაგებას, ქაღალდზე დაწერილი სიტყვების მაღალი ხარისხის ბრილიანტებად გარდაქმნას, უშუალოდ ამიტაბჰი ახორციელებდა.
მისი ტალანტი, სრულად რომ გაიხსნა უკვე 70-ანი წლების შუახანებისათვის, შეიძლება ძველბერძნული მითიდან მეფე მიდასის შეხებას შევადაროთ. თვით ნაკლებწარმატებული ფილმებიც კი, მაგ; "ორი უცნობი/Do Anjaane" და "სინდისი/Zameer" (1975) მისი ხელის ერთი აქნევით ნამდვილ ოქროდ გადაიქცეოდა, როგორც მაყურებლის, ისევე გამქირავებლებისთვისაც. 1979 წლის კინოსურათ "მაპატიე, არუნაში/Manzil" თითქოსდა არაფერი ხდება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, ვისაც ამ ფილმის შავ-თეთრი ასლი უნახავს, დღემდე ახსოვს ის; და ეს ინტერესი შესაძლებელია, სულაც რაჰულ დევა ბურმანის ბრწყინვალე მუსიკის გამო) დღესაც არ გამქრალა. "ამ ფილმში ჩემს ყველაზე ლამაზ სიმღერებს ვასრულებდი", - დასძენს მსახიობი.
რეჟისორებისთვის, ამიტაბჰს რომ იღებდნენ თავიანთ ფილმებში, ბევრად უფრო გააზრებული სიუჟეტური თემების შეთავაზებას განაგრძობდნენ ბოლივუდის ყველაზე წარმატებული სცენარისტები კჰანი და აქტარი, რომელთა სახელებიც აფიშებზე ფილმში დაკავებულ ყველა მსახიობზე წინ ეწერა და ზოგჯერ ლიტერატურული სცენარისთვის მთელი შემოსავლის ოცდახუთ პროცენტს იღებდნენ.
1978 წელი ეკრანებზე კორპორატიული დეტექტივის "Trishul" (ჩვენთვის ცნობილი, როგორც "ღირსების სახელით" ან "ღვთაება შივას სამკაპი") გამოსვლით აღინიშნა. და ისევე როგორც "შურისძიება და კანონისა" და "დაგვიანებული შურისძიების" შემთხვევაში, მსგავსი ფილმი ჰინდი კინოში მანამდე არ ყოფილა. ინდოელი მაყურებელი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს, როგორი თანმიმდევრობით ანადგურებს ამიტაბჰის გმირი მშობელი მამის გიგანტურ სამშენებლო წარმოებას, რომელმაც ანგარებიანი ქორწინების გამო დედამისი მიატოვა... "სამკაპში" ტრადიციული ბაჩანისეული შურისძიება იმ სივრცეში მიმდინარეობს, სადაც ვინმეს დამარცხებისთვის მარტო ფიზიკური ძალა არ არის საკმარისი. აქ რთული გზით მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსური ინტრიგების, კონკურენციის, ერთმანეთისთვის წართმეული მიწოდებებისა და გარიგებების ფონზე, სადაც ერთი რუპიის მეტ-ნაკლებობა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მანამდე ასეთი უპატიოსნო, მაგრამ ამით არანაკლებ საინტერესო ბიზნესის კადრული აღწერა მაყურებელს მხოლოდ "ნათლიაში" თუ შეეძლო ეხილა.
ამასთანავე "სამკაპი" ერთ-ერთია იმ ფილმთაგან, რომელშიც ბაჩანის გმირი "მუშტითა კასტეტით" ასწორებს მამის შეცდომებს, რამაც ბავშვობა გაუმწარა.


"სალიმ-ჯავედისეული" ჰიტების ზღვაში გამორჩეული ადგილი უჭირავს "Don/მაფიის მეთაურს" (1978), რომელიც ბანდიტთა ბუნაგში შეგზავნილი "თხუნელის" კლასიკური სიუჟეტის დამუშავებაა. აქ ამიტაბჰი ერთდროულად თამაშობსდანაშაულებრივ მეთაურ დონს, რომელიც ფილმის დასაწყისშივე იღუპებადა უბრალო პატიოსან ჭაბუკს ვიჯაი ბჰოგალას, პოლიციის მიერ ბანდაში განგსტერთა მეფის სახით რომ არის შეგზავნილი. ფილმი ბოლივუდის კომერციული კინოს კლასიკადაა მიჩნეული, ამიტაბჰი კი თავისი "ორმაგი" როლისთვის "FILMFARE" - ის ქანდაკებით დაჯილდოვდა. ცოტა ხნის წინ რეჟისორმა ფარჰან აქტარმა, ჯავედის ვაჟმა, ამ ისტორიის ახალი, კიდევ უფრო დახვეწილი ვერსია გადაიღო, ამჯერად მთავარ როლში შაჰრუჰ კჰანით. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი "დონი" ამ წიგნის ყველა მკითხველისათვის არის ცნობილი. ჩვენ კი აღვნიშნავთ, რომ კინოში ტრადიციული სტილის მიმდევარ ამიტაბჰს დიდად არ მოეწონა ძველი სიუჟეტის თანამედროვე წაკითხვა.

მაფიის მეთაურს" კვლავდაკვლავ ბოლივუდისთვის ერთობ მოულოდნელი, იაშ ჩოპრას ფილმი "შავი ქვა/Kala Patthar" (1979) მოჰყვა. ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მოთხრობაა, რომლის თაობაზეც ბევრს წერდა იმდროინდელი ინდური პრესა და ქვანახშირის მაღაროში მომხდარ კატასტროფას შეეხებოდა, ტრაგედიას, რომელიც შრომის უმძიმესმა პირობებმა და ანგარებიანი მფლობელების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების ელემენტარული პირობების უგულებელყოფამ გამოიწვია. "შავი ქვა" ფრთხილად ბალანსირებდა პარალელური და მასობრივი კინოების ზღვარზე, რადგან, ერთი მხრივ, საწარმოო დრამის მკვეთრად გამოკვეთილ ჟანრს შეეძლო დაეფრთხო მაყურებელი, რომელიც ეკრანზე მდიდრული ინტერიერებისა და მსგავსი ბრწყინვალების ნახვას იყო მიჩვეული. მეორე მხრივს სალიმ-ჯავედის სცენარული წყვილი თავის თხრობას მისთვის დიდებისმომტანი "სამართლიანობის თეორიის კანონით" აგებს: მოვლენათა ცენტრში ისევ ის პირქუში და კეთილშობილი ვიჯაი - ამიტაბჰ ბაჩანია. ფილმში მრავლადაა ჩხუბის, კეთილისა და ბოროტის ჭიდილის მკვეთრი სცენები, ყოველივე ის, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ბოლივუდის კლასიკური ფილმები.

რეპორტიორებთან საუბრისას ამიტაბჰი ზოგჯერ ჩიოდა, რომ შავ ქვაში" მას სიმღერა აიძულეს, თუმცა ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობდა. ამის მიუხედავად, სერიოზული პრობლემატიკისა და კომერციული კინოსთვის ტრადიციული დრამატურგიის ნაზავმა კვლავ წარმატება მოიპოვა. კრიტიკოსები "შავ ქვას" უკანასკნელი წლების ყველაზე დიდ სოციალურ ფილმს უწოდებენ და, სხვათა შორის, ის დიდი საკასო წარმატებითაც სარგებლობდა.
ყველა ამ ფილმის თხრობის ქარგაში ჩასაწვდომად მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს ბაჩანის სცენური პარტნიორი, რომელიც რომანტიკული მარტოხელა გმირის ხასიათს გამოკვეთს. "ბედის მბრძანებელში" ასეთი ვინოდ კჰანა გახლდათ, "შესანიშნავი ამხანაგი ჩხუბში", როგორც მას თავად ამიტაბჰი უწოდებს. ოდნავ ადრე მათ წარმატებით ითამაშეს ერთად "მეგობრობის ფასში" (1977) - იმავე პრაკაშ მეჰრას მიერ გადაღებულ სასტიკ "სოფლურ დრამაში", რომელიც მტრობა-მეგობრობასა და სისხლიან შურისძიებაზე მოგვითხრობდა. მაგრამ ყველაზე ხშირად იმ წლებში ამიტაბჰის ეკრანული პარტნიორი მაინც შაში კაპური გახლდათ. ისინი ერთად თამაშობდნენ მტრულად განწყობილ გერ-ძმებს ფილმში "ღირსების სახელით". მუშატა უფლებების დასაცავად დამეგობრებულ მეშახტეთა დაბის მცხოვრებლებს "შავ ქვაში", რეაქტიულ "ჯეიმსბონდისეულ" წყვილს "ლამაზ ცხოვრებაში/Shaan" (1980), სასაცილო თაღლით კონკურენტებს სურათში "ორჯერ ორი ხუთია/ Do Aur Do Paanch" (1980), მდიდარ ფლეიბოი - ბატონსა და მის მსახურს "ერთგულ მსახურში/ Namak Halaal" (1982) - პატარა წიგნის მასშტაბით ყველა ჰიტს ამ ტანდემის მონაწილეობით ვერც კი ჩამოვთვლით... მსახიობებს რეალურ ცხოვრებაშიც თბილი მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ.
ინტერესს იწვევს ის ნაკლებადცნობილი ფაქტიც, რომ თავისდაუნებურად სწორედ შაში კაპურმა მოახდინა ბაჩანის ცოცხალი სცენური შოუს შექმნის პროვოცირება. იმ შოუსი, რომლითაც ამიტ-ჯიმ მოგვიანებით მთელი ინდოეთი შემოიარა. იმ ხანებში შაშის ფული სჭირდებოდა, რათა კაპურების მსახიობური დინასტიის ლეგენდარული მამამთავრის - პრითჰვირაჯის მიერ 1944 წელს დაარსებული "პრითჰვი-თეატრი" აღედგინა, რომელიც 1960 წელს ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა. რაჯ კაპურის უმცროსი ძმა ოჯახის საქმის აღდგენაზე ოცნებობდა და ამიტაბჰმაც მეგობრის დასახმარებლად გამსვლელი სპექტაკლი მოაწყო. სიმღერებითა და ცეკვებით, რომლებსაც თვითონვე ასრულებდა.
დღეს ბოლივუდის ნებისმიერ სუპერვარსკვლავს თავის არსენალში აქვს ასეთი სადამდგმელო შოუ, მაგრამ ბაჩანამდე მსგავსი რამ ინდოეთის პრაქტიკაში არ ყოფილა. ამიტაბჰის შოუ არნახული წარმატებით სარგებლობდა და მაყურებელი განსაკუთრებული სითბოთი იღებდა სიმღერას "jiski biwi" ფილმიდან "ობოლი" (1981), პრაკაშ მეჰრას ნამუშევრიდან, რომელშიც განსახიერებული ობლად დარჩენილი ბიჭის როლი. საკუთარ სახელად მისთვის ერთადერთი ძვირფასი ცოცხალი არსების, ძაღლ ჰირას სახელი რომ დაირქვა, სამართლიანად ითვლება ამიტაბჰის ყველა მსახიობური საშუალების სრულ კრებულად.
ამიტაბჰ ბაჩანი ინდოელ მსახიობთა იმ მცირე გამონაკლისს მიეკუთვნება ზოგჯერ თავად რომ ასრულებენ სიმღერებს საკუთარ ფილმებში. (ჩვეულებრივ, მსგავსი რამ ჰინდი კინოში არ ხდება ხოლმე, რადგან კადრსმიღმა პროფესიონალი მომღერლების მთელი კლანები არსებობს.) მაგრამ ამიტაბჰის ხმის უნიკალური ტემბრის წყალობით, ზოგიერთმა სიმღერამ მისი შესრულებით მარტო მსმენელის გულებისკენ კი არ გაიკვლია გზა, თავისი დროის ჰიტადაც იქცა. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც მისი ნამუშევრები "ბედში", "ობოლში", "სასიყვარულო კავშირში", "ლოთში".
1998 წელს ბაჩანმა "Abu Baby" -ს ფსევდონიმით სოლო ალბომი გამოუშვა, რომლისთვისაც მუსიკალური ვიდეო ("Eer Bir Phatee") ცნობილმა რეჟისორმა რაკეშ ომპრაკაშ მეჰრამ გადაიღო. ამ რეჟისორმა 2001 წელს ძალიან საშიში, ინდუიზმის ყველაზე პირქუშ მხარეებზე დაფუძნებული მისტიკური თრილერი "ანარეკლი/Aks" შექმნა, რომელშიც მთავარი როლი, რასაკვირველია ბაჩანმა ითამაშა. მაგრამ საზოგადოებამ სამწუხაროდ ღირსეულად ვერ შეაფასა ეს ნამუშევარი.
ამიტაბჰს ხშირად იღებდნენ თავის მომავალ შეურიგებელ პოლიტიკურ მოწინააღმდეგე შატრუგჰან სინჰთან, ასევე რიში კაპურთან, დჰარმენდრასთან, სანჯივ კუმართან და ვინოდ მეჰრასთან ერთად. ქალთა სახეებს ამ ფილმებში ასახიერებდნენ ინდური ეკრანის საუკეთესო მანდილოსნები, პირველ რიგში, ჰემა მალინი (ისინი ინდური კინოს ისტორიის ლამის ერთ-ერთ საუკეთესო წყვილს წარმოადგენდნენ, საკმარისია გავიხსენოთ მათი თამაში "ბედში" ან შესანიშნავ შვიდეულში"), ზინათ ამანი, პარვინ ბაბი, რატი აგნიხოთრი, სმიტა პატილი, რაკჰი გულზარი და რეკჰა.
ამ უკანასკნელთან, გავრცელებული ჭორების თანახმად, ბაჩანს რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა, რაც ალბათ დიდ სადარდებელს უჩენდა ჯაიას: მათი სასიყვარულო სამკუთხედი შემაშფოთებელი უტყუარობით ასახულია სურათში "სასიყვარულო კავშირი/Silsila" (1981).

"ტრადიციული ინდური გაგებით ოჯახი კედელია, რომელიც ვერ და არ უნდა დაინგრეს. ცოლ-ქმარს შეიძლება არ უყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან ქორწინება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შენარჩუნდეს. ჩვენი სურათი შეიძლება ასე ითქვას, ტრადიციებს მიღმა განვითარებულ მოვლენებზეა," - შექმნილ სიტუაციას მიკიბულ-მოკიბულ კომენტარს უკეთებდა რეჟისორი იაშ ჩოპრა. სხვათაშორის ჯაიას ძალისხმევის წყალობით ამიტაბჰი საკმაოდ მალე დაუბრუნდა ოჯახს.)
ოდნავ მოგვიანებით მსახიობი ქალები ბაჩანის ფილმებში შედარებით ახალგაზრდები და ნაკლებსაცნობი გახდნენ (ამრიტა სინგჰი, მენაქში შეშადრი, შრიდევი), რაც იმის დასტური გახლავთ, რომ ქალის როლმა ჰინდი კინოში უპირატესად დეკორატიული ხასიათი შეიძინა.
არ შეიძლება არ გავიხსენოთ ინდური ეკრანის სახელგანთქმული "დედა" ნირუპა როი, რომელმაც ფილმებში არაერთი მთავარი გმირის დედა განასახიერა და ყველაზე ხსირად სწორედ ბაჩანისეულ ვიჯაის უწევდა დედობას. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათი ერთობლივი ფილმი გაქირავებაში არ ჩავარდნილა. სამწუხაროდ "ბოლივუდის დედა" 2004 წელს გულის გაჩერებით გარდაიცვალა. ამიტაბჰი ესწრებოდა დაკრძალვას და თვალცრემლიანმა თბილი გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვა, რომელშიც აღნიშნა, რომ ნირუპას ყოველთვის თავის თილისმად თვლიდა.
ბაჩანის ყველა წარმატებული როლის ჩამოთვლა, რომელიც მან 70-ანი - 80-ანი წლების მიჯნაზე განასახიერა, შეუძლებელია. ამ პერიოდში მისი მონაწილეობით ინდოეთის ეკრანებზე წელიწადში ხუთი-ექვსი ფილმი ფილმი გამოდიოდა, 1979 წელს კი მათმა რიცხვმა სულაც 7-ს მიაღწია, თანაც მათ შორის იყო ისეთი ჰიტები, როგორიცაა რობინ ჰუდის ლეგენდის თავისებური ინდური ვერსია "მამაცი ჭაბუკი/Mr Natwarlal" (რეჟისორი რაკეშ კუმარი) და დარდიმანდულად ჩახვეული ჯაშუშური "დიდი თამაში/ The Great Gambler" (რეჟისორი შაქტი სამანტა). მაგრეამ გასაოცარი სულ სხვა რამაა. ამიტაბჰის დამსახურებათა სიაში ფაქტობრივად არ არსებობსერთნაირი როლები და ყოველ პერსონაჟს , მსახიობური სახის საერთო მონოლითურობაში, რაღაც თავისებური და განუმეორებელი ხასიათის თვისება ახლავს, რაც მას დანარჩენებისაგან განასხვავებს. ამიტაბჰის ოსტატობაზე ყველაზე უკეთ ის მეტყველებს, რომ მას მაგ; "მაფიის მეთაურში" ან "შაჰინშაჰში" ოსტატურად გამოუვიდა ხასიათითა და ცხოვრებისეული მისწრაფებებით ერთმანეთისგან განსხვავებული ანტაგონისტური გმირების "ორმაგი როლები".
70-ანი წლების ბოლივუდის შესანიშნავი სცენარები უკიდურესი მრავალფეროვნებით , სიუჟეტებისა თემების ოქროს საბადოებით გამოირჩეოდა. და სწორედ ამის წყალობით, თავისი ხანგრძლივი მსახიობური კარიერის მანძილზე ბაჩანმა არა მარტო ხასიათების, არამედ პროფესიების აურაცხელი რაოდენობა ითამაშა. პოლიციელებისა და განგსტერების გარდა, ეკრანზე ის ტაქსისტებს ("ცხოვრებისეული გამოცდა" და "სამი ძმა"), შორეული გადაზიდვების მძღოლებს ("განგა, ჯამნა და სარასვატი"), ავტოსახელოსნოს თანამშრომელს ("ფიცი და დაპირებები"), მებარგულ-კულის ("მებარგული"), ვაჭარს ("ვაჭარი"), ექიმს ("სიყვარული არასოდეს მოკვდება"), კოლეჯის კურსდამთავრებულს ("მაპატიე, არუნა"), თაღლითს ("ორჯერ ორი ხუთია"), ოფოცოანტს, შეთავსებით კი "წესებისგარეშე ბრძოლის" მონაწილეს ("ბედი"), პოეტს ("სიყვარული სიცოცხლეა", "ლოთი") ანდა უბრალოდ, სამართლიან ადამიანს, ღარიბ- ღატაკთა და ჩაგრულთა დამცველს ("ამარ, აკბარ, ანტონი", "მამაცი ჭაბუკი", "რაჯა") ასახიერებდა.
ბაჩანის კიდევ ერთ საფირმო საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ინდოეთის, როგორც მრავალი განსხვავებული კონფესიის ქვეყნის, რელიგიის მთელი დიაპაზონის მოცვით, შესანიშნავად ასახიერებდა ეკრეანზე ყველა რელიგიური აღმსარებლობის გმირებს. და საფიქრებელია, რომ მსახიობის ამ უნარმა არანაკლებ შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ ნაციონალური და რელიგიური განხეთქილებებით გატანჯულ ქვეყანაში ადამიანები ბევრად უფრო მომთმენნი და კეთილები გახდნენ ერთმანეთის მიმართ.
ცხოვრებაში რწმენით ინდუისტი და ეკრანზე თავისი სარწმუნოების მიმდევართა განმსახიერებელი ამიტაბჰი, ასეთივე დამაჯერებელი გახლდათ მაშინაც, როცა მუსლიმანებს თამაშობდა, როგორც ეს ფილმ "მებარგულში" მოხდა. მათგან არავის, ვისაც ეს ფილმი არ უნახავს, არ დაავიწყდება ის დრამატული ეპიზოდები, როცა ბაჩანის გმირი იკბალი, ცხოვრებაში მყარი საყრდენის დაკარგვის შემდეგ, სალოცავად მიდის, ან ფინალში სამი ბანდიტური ტყვიით განგმირული, მრისხანედ წარმოთქვამს: "ალლაჰ აკბარ!" ისლამის ეთიკაზეა აგებული ბაჩანის მთელი როლი მუკულ ანანდის შედარებით გვიანდელი ხანის ფილმში "ღმერთია მოწმე".
"ამარ აკბარ ანტონიში", რომლის სიუჟეტური ქარგაც იმაზეა დაფუძნებული, რომ ადრეულ ასაკში დაობლებული და ბავშვობისას ერთმანეთს დაშორებული სამი ძმა სხვადასხვა ოჯახში მოხვდა და სხვადასხვაგვარად აღიზარდა, ამიტაბჰი ქრისტიან ანტონის თამაშობს, თუმცა დესაის ფილმის გმირის, სახელგანთქმული ანტონ გონსალვესის დამოკიდებულებას ღმერთთან ერთობ თავისებური ხასიათი აქვს.

"ჯურღმულების გმირი" ანტონი, რომელიც ეკლესიის მახლობლად იპოვეს და მოხუცმა მოძღვარმა აღზარდა, უანგაროდ ერთგულია ქრისტესი. მისი საქმიანობის სფერო ფილმში დიდად არ არის გარკვეული და მხოლოდ ისაა ცნობილი რომ ბანქოს აზარტული მოთამაშე მუშტი-კრივს სცემს პატივს და შესანიშნავ არაყს ხდის. მიღებული შემოსავლის ნახევარს ის პატიოსნად სწირავს ეკლესიას: "არ მჭირდება ღმერთის პატიება, ის ჩემი კომპანიონია!" მაგრამ როცა მის მშვილებელ მამას მუხანათურად კლავენ ზურგში დანის ჩაცემით, ანტონი დაურიდებლად უყენებს თავის "კომპანიონს" პრეტენზიებს: "უფალო! როგორ შეგეძლო ამის დაშვება? სად იყურებოდი? რატომ არ დამიძახე? თუ არ მიპასუხებ, ისეთი ნაძირალა გავხდები, რომ ვერავითარი ძალა ვეღარ დამაბრუნებს ჭეშმარიტების გზაზე!"
ბაჩანის მსახიობურ ბიოგრაფიაში იყვნენ ისეთი გმირებიც, ვისაც სამართლიანობის კანონისა და სიყვარულის მხსნელი ძალის გარდა, სხვა არაფერი სწამდათ. იყვნენ პერსონაჟები, რომლებიც მშვენივრად ესიტყვებოდნენ სტრიქონებს სიმღერიდან: "საკუთარ ღმერთებს რა ბრმად სცემთ თაყვანს და ისინიც რომ გინდობენ ცოდვებს?!" ასეთი გახლავთ გველებისთაყვანისმცემელი განგა ("განგა, ჯამნა, სარასვატი") და მისი მადლიერი ქვეწარმავლებიც მთელი სურათის მანძილზე არაერთხელ ეხმარებიან განსაცდელში ჩავარდნილს. სურათ "ობოლში" კი ცხოვრების მძიმე მომენტებში მყოფი გმირი ჰანუმანს მიმართავს.
ნათელი ერთია: ამიტაბჰ ბაჩანის მსახიობურ დიაპაზონს ფაქტობრივად არ ჰქონდა ზღვარი და როგორც მანმოსან დესაი განმარტავდა, თუ წინა წლებში ჰინდი კინოს ყველა ცენტრალური გმირი (დჰარმენდრას გარდა) სახელ-დიდების მოპოვებას "უბედური და განკიცხული მაწანწალის" სტილის მეტნაკლები განმეორებით ცდილობდა, ამიტაბჰი დაეხსნა გასული წლების არტისტულ არსენალს და საკუთარი, უნიკალური მანერა შექმნა, რომელიც იმ ხანებში ნებისმიერი ინდოელისთვის ბევრად უფრო აქტუალური აღმოჩნდა.
და თუმცა პოპულარობის მწვერვალზე მყოფი ამიტაბჰი ხშირად შედიოდა პრესის წარმომადგენლებთან კონფლიქტში და ისინიც, ვალში რომ არ დარჩენილიყვნენ, თავზე ლაფს ასხამდნენ მსახიობს და ბეჭდვით გამოცემებში მისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ცდილობდნენ, ამ ინტრიგებმა მაინც ვერაფერი დააკლო ბაჩანისა და მისი გმირული პერსონაჟების გარშემო შექმნილ მითებს.

შემდეგი თავების წასაკითხად გადადით ამ ბმულზე:

http://indurikino.blogspot.com/2010/10/blog-post_18.html

Комментариев нет:

Отправить комментарий