david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

четверг, 24 июля 2014 г.

„ჯიმი ჯიმი, აჯა აჯა“… ჯიმი საქართველოშია. ინდოეთის არაოფიციალური ელჩი საქართველოში დათო ბეჟიტაშვილი

მან ინდოეთი საქართველოში ჩამოიტანა. ინდოეთში კი საქართველო ჩაიტანა. ინდური ფილმების მოყვარულიდან – ბოლივუდში აქტიურ საქმიანობამდე დიდი დრო და ენერგია დახარჯა, თუმცა ყველაფერი – საკუთარი სიამოვნებისთვის. ეს ინდური კულტურის არაოფიციალური ელჩი საქართველოში – დავით ბეჟიტაშვილია. ფერადი ქვეყნის საინტერესო მომენტებზე, ბოლივუდის ვარსკვლავურ ცხოვრებასა და სანელებლებით გაჯერებულ ქვეყანაზე დავით ბეჟიტაშვილი გვესაუბრა.


- დათო, როგორ დაიწყო სიყვარული ინდოეთისადმი?
- ინდური ფილმების სიყვარულს ბებიამ მაზიარა. მას დავყავდი კინოში და ეს სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ 12 წლის ვიყავი, ჩემს უბანში, კინოთეატრ ბათუმის საპროექციოში მივედი და ვთხოვე, ესწავლებინათ კინოს გაშვება. ასე მოვხვდი კინოთეატრში. იმ პერიოდში მაქსიმალურად ვისრუტავდი ინფორმაციას ინდურ ფილმზე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იმ ვარსკვლავებს შევხვდებოდი, რომლებსაც საპროექციოდან ვუყურებდი, მაგალითად ამიტაბჰ ბაჩანს, რომელიც ინდოეთში ღმერთთან გათანაბრებული ფიგურაა, აიშვარია რაის, მითჰუნ ჩაკრაბორტს და სხვა უამრავ მსახიობს. კინოთეატრში მუშაობის შემდეგ, ჩემი საქმიანობა ტელევიზიაში გავაგრძელე. ვარკეთილის ტელევიზიაში, „ევრიკაზე“ და „კავკასიაზე“ ინდური ფილმების რეტროსპექტივა მიმყავდა. ინდური ფილმები ისე უყვარდა მოსახლეობას, რომ ამ გადაცემებმა ძალიან პოპულარული გამხადა.


- თუ გახსოვს პირველი შეხვედრა ინდოეთთან და რით დაგამახსოვრა თავი ფერადმა ქვეყანამ?
 - როცა შენი საქმე გიყვარს. როცა გულით მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა, ამას მივხვდი ჩემს საკუთარ მაგალითზე. 2006 წელს მოვხვდი ინდოეთში და აქედან დაიწყო ჩემი ურთიერთობა ბოლივუდთან, ვარსკვლავების გაცნობა.. მქონდა ოცნება, რომ ქართული კინო გადამეღო ინდოეთში და ინდური-საქართველოში. 2009 წელს გადავიღეთ „ყველაფერი კარგად იქნება“. ახლა კი მეორე ოცნებაც ამიხდა. ბედნიერი ვარ, რომ უკვე ერთი თვეა საქართველოში ინდური ფილმის გადაღება მიმდინარეობს.
 - რა ჰქვია ფილმს და როდის იხილავს მაყურებელი მას?
 - „უბრალოდ სიყვარული“, – ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადაღება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ახალგაზრდა ნიჭიერი პროდიუსერის ირაკლი მაქაცარიას თაოსნობით მიმდინარეობს. სრულმეტრაჟიანი კინოსურათის გადასაღებად ინდოეთიდან 50 ადამიანია ჩამოსული, მათ შორის ბოლივუდის ვარსკვლავი მითჰუნ ჩაკრაბორტი, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. ფილმის პრემიერა წლის ბოლოს გაიმართება. პირველად ფილმს ქართველი მაყურებელი იხილავს.




- დათო, რამ მიგიზიდათ ინდურ კულტურაში. რა არის ის მუხტი, რომელიც ამდენი წელია ინდურ სამყაროში გამყოფებს?
 - ინდოეთში თავს სულიერად დამშვიდებულად ვგრძნობ. ეს ქვეყანა ძალიან ჩემია. ბომბეიში, სადაც არნახული სიღატაკე და შიმშილია, ადამიანები იღიმიან, თავს ბედნიერად გრძნობენ. იქ არ აინტერესებთ პოლიტიკა, ყველა გართობასა და მხიარულებაზე ფიქრობს. ერთხელ რომ ჩახვალ, ეს ქვეყანა ისე გიზიდავს, სამშობლოში ჩამოსული სულ უკან დაბრუნებაზე ფიქრობ.
- ინდოეთში რომ დაბადებულიყო, ვინ იქნებოდა დავით ბეჟიტაშვილი?
 - ინდოეთში რომ დავბადებულიყავი, დარწმუნებული ვარ მაინც კინოში ვიქნებოდი.
 - როგორია შენი ინდოეთი?
 - ჩემი ინდოეთი არის ფერადი, ლამაზი, მუსიკალური. ეს იმხელა სიყვარულია, მეც მოვიწამლე და ვცდილობ, სხვაც მოვწამლო. ვფიქრობ, ბებია ბედნიერი იქნებოდა, რომ გაეგო, მე ცოტა ხნის წინ ამიტაბჰ ბაჩანს რომ შევხვდი და მასზე ვესაუბრე.

  ნანუკა ალავიძე 



Комментариев нет:

Отправить комментарий